დანაღმული ყარაბაღის რუკები ერევანმა ბაქოს ბოლოსდაბოლოს გაუმხილა... - კვირის პალიტრა

დანაღმული ყარაბაღის რუკები ერევანმა ბაქოს ბოლოსდაბოლოს გაუმხილა...

სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიულ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში ერთი დადებითი ამბავიც მოხდა - ერევანმა ბაქოს მიაწოდა იმ ნაღმური ველების რუკები, რომლებიც ყარაბაღის რეგიონშია დარჩენილი.

ნაღმები სომხეთის სტრატეგიულ გეგმებში ერთ-ერთ უმთავრეს როლს თამაშობდა ყარაბაღის ეშელონირებული თავდაცვითი ზღუდეების მოწყობისას.

"ოჰანიანის თავდაცვითი ხაზის“ სახელით ცნობილი ეს ზღუდეები შედგებოდა საფორტიფიკაციო ნაგებობებისგან, მათ შორის - ესკარპებისა და კონტრ-ესკარპებისგან, რომლებსაც მოწინააღმდეგის სატანკო შეტევები უნდა შეეჩერებინათ.

თავდაცვითი საინჟინრო ნაგებობების ეფექტიანობას კი აძლიერებდა ის ათეულ ათასობით ქვეით და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმიც, რომლებიც, ფაქტობრივად, გაუვალს ხდიდნენ ხეობების ისედაც ვიწრო გზებს.

სწორედ ამიტომაც იყო, რომ ყარაბაღის ბოლო ომში აზერბაიჯანის არმიის ჯავშანტექნიკამ ძირითადი დარტყმა სწორედ სამხრეთ მიმართულებაზე, ირანის საზღვრის გასწვრივ შედარებით გაშლილ ტერიტორიაზე განახორციელა და არ ეცადა მთავარი დარტყმის მიყენებას აგდამი-მარტუნის კარგად დაცულ ფრონტის ხაზზე.

მართალია, ყარაბაღის ბოლო ომი აზერბაიჯანის არმიის გამარჯვებით დამთავრდა და აზერბაიჯანმა თავისი ტერიტორიების უდიდესი ნაწილი დაიბრუნა, ახალი დიდი პრობლემა წარმოიქმნა დაბრუნებული ტერიტორიების ნაღმებისგან გაწმენდის სახით.

გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ომიდან ერთი წლის განმავლობაში ასამდე ადამიანი, როგორც სამხედრო, ისე - სამოქალაქო აფეთქდა და ეს მიწები აუცილებლად მოითხოვს ნაღმებისგან სასწრაფოდ გაწმენდას, მით უმეტეს, რომ ბაქომ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ფართომასშტაბიანი მშენებლობები წამოიწყო, ავტომაგისტრალებისა და აეროპორტების სახით.

alada1-1638958602.png
ყარაბაღის ბოლო ომის წინ არსებული 200 კმ-იანი სომხების თავდაცვის ზღუდე (აღნიშნულია წითელი ხაზით)

ნაღმის ჩადებას ორიოდე წუთი თუ სჭირდება, მაგრამ შემდგომ მის მოძებნასა და გაუვნებელყოფას კი - ბევრად მეტი დრო და სახსრები, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად განაღმვის ძალზე სახიფათო პროცესზე.

საერთოდ, განაღმვა, ძირითადად, ორი სახის არსებობს. სამხედრო განაღმვის დროს, როდესაც მთავარია არ დაეცეს საბრძოლო დანაყოფების შეტევის ტემპი, დანაღმულ ველზე "გზას ჭრიან“ ანუ განაღმავენ 6-8 მ-ი სიგანის ზოლს, რომელზეც ტექნიკასა და პირად შემადგენლობას უპრობლემოდ შეეძლება გადაადგილება.

სამოქალაქო განაღმვა კი ითვალისწინებს ნაღმური ველის სრულ ლიკვიდაციას, რაც დიდ დროს მოითხოვს.

ეს დრო კიდევ უფრო ხანგრძლივდება, თუკი ზუსტად არ იცი, თუ სად განათავსა ასეთი ნაღმური ველები მოწინააღმდეგემ და რა რაოდენობისა და ტიპის ნაღმებს შეიცავს ის.

მაგალითად, თუკი მენაღმეები სრულად დარწმუნებული არიან, რომ ნაღმურ ველზე მხოლოდ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებია ჩაწყობილი, აღარ ღირს მათი სათითაოდ განაღმვა და სპეციალური გამნაღმველი ტრალით აღჭურვილი ტანკი ამას ბევრად სწრაფად და უსაფრთხოდ შეასრულებს.

ამიტომაც იყო, რომ ბოლო წლის განმავლობაში ბაქო ერევნისგან დაჟინებით მოითხოვდა იმ ნაღმური ველების რუკების გადაცემას, რომელიც სომხეთს მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ზღუდეებზე წლების განმავლობაში ჰქონდა მოწყობილი და მან სომხებისთვის აზრი დაკარგა, რადგან ის ტერიტორიები ისედაც დათმეს.

ერთხელ ისეც მოხდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით აზერბაიჯანელებმა ერევანს 15 სამხედრო ტყვე დაუბრუნეს, 97 ათასი ნაღმის ადგილსამყოფელის რუკის სანაცვლოდ.

7 დეკემბერს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა დარჩენილი ნაღმური ველების ყველა რუკა, რაც უდავოდ კარგი საქმეა, რადგან ბევრად შეამცირებს შესაძლო უბედურ შემთხვევებს, თუმცა გარკვეული უზუსტობები ამ რუკებში მაინც გაიპარებოდა.

სანაცვლოდ, აზერბაიჯანი ეტყობა, დააბრუნებს იმ რამდენიმე ათეულ სომეხ სამხედრო ტყვეს, რომელიც ყარაბაღის ომის დამთავრების შემდეგ დააკავა.