"თუ პუტინი დარწმუნდება, რომ მას ყველაფერი გაუვა, იგი უკრაინაში ხვალ დილითვე შეიჭრება" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია ბაიდენ-პუტინის დიალოგს
7 დეკემბერს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა დახურული ვიდეოზარის ფორმატში ორი საათის განმავლობაში ისაუბრეს. თეთრი სახელის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა გამოთქვა შეერთებული შტატების და ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება უკრაინის გარშემო რუსეთის ძალების ესკალაციის გამო და ნათლად განაცხადა, რომ აშშ და მისი პარტნიორები უპასუხებენ ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში.
მათივე ცნობით, ბაიდენმა ასევე "გაიმეორა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდა რუსეთს დეესკალაციისკენ და დიპლომატიისკენ".
ბრიტანული გაზეთი "ინდიფენდენთი" (The Independent), პუტინისა და ბაიდენის ვიდეომოლაპარაკების ფონზე, აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით - "თუ პუტინი დარწმუნდება, რომ მას ყველაფერი გაუვა, იგი უკრაინაში ხვალ დილითვე შეიჭრება".
გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
ვლადიმერ პუტინს, რასაკვირველია, უკრაინის რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა სურს. ალბათ, მისი პატრიოტული განწყობები ამით დაკმაყოფილდებოდა, თუმცა ასეთი მსჯელობა მარტივია. საქმე ისაა, რომ მის ცნობიერებაში ჩაბეტონებულია განცდა, რომ იგი რუსი მეფე-იმპერატორებისა და [საბჭოთა ბელადის] იოსებ სტალინის მემკვიდრეობის გამგრძელებელია. ამასთან, პუტინი არ არის დარწმუნებული, რომ მას ყველაფერი გაუვა. ასე რომ იყოს, იგი უკრაინაში თუნდაც ხვალ დილითვე შეიჭრებოდა. მისი გადაწყვეტილების სიმტკიცე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებს რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთის ქმედებას, გაუწევს თუ არა ამერიკა და ევროპა მას წინააღმდეგობას.
ვლადიმერ პუტინს კარგად ახსოვს, თუ როგორი რეაგირება მოახდინა ბარაკ ობამამ ყირიმის მიერთებაზე. დასავლეთის პოზიცია, მომდევნო რეაქციების ჩათვლით, ძალიან სუსტი და "მორიდებული" იყო, რომ ანექსია თავიდან აცილებული ყოფილიყო. ვლადიმერ პუტინს ისიც კარგად ახსოვს, თუ ვინ იყო იმ პერიოდში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი...
ისტორია გვიჩვენებს, რომ დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციებით მუქარა არ ახდენს გავლენას რუსეთის ლიდერზე, რომელიც მეზობლებთან ტანკების კოლონების ენით საუბრობს.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ დასავლეთის ინტერესების დამთმობი ადამიანია. თუმცა, ამის მიუხედავად, არც აშშ-ის ლიდერს, არც ფრანგებს, არც ბრიტანელებს და მით უმეტეს, არც გერმანელებს არ გამოუვლენიათ ამ შემთხვევისათვის ერთადერთი პოზიტიური განცდა, არ მიუღიათ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ვლადიმერ პუტინის ტანკებს საბოლოოდ შეაჩერებდა - უკრაინის დაუყოვნებლივ მიღება ნატოს სრულუფლებიან წევრად.
ცივი ომის ყველა გაკვეთილი გვასწავლის, რომ კოლექტიური ძლიერების მსგავსი გამოვლინება უფრო მეტად ომის თავიდან აცილებას ემსახურება და არა - მის გაჩაღებას. და თუ დასავლეთი ამას არ გააკეთებს, ის ვლადიმერ პუტინის წინაშე საკუთარი უსუსურობის დემონსტრაციას მოახდენს. (წყარო)
--------------
გერმანულ გაზეთ "ფრანკფურტერ ალჰემეინე ცაიტუნგში" (Frankfurter Algemeine Zeitung) გამოქვეყნებულია კომენტარი სათაურით - "დროა გერმანიამ რუსეთის "დამშვიდების" პოლიტიკა შეწყვიტოს" (ავტორი - ნიკოლას ბუსე, პოლიტიკური მიმომხილველი).
იმ ქვეყანასთან, რომელიც მეზობლებს თავს ესხმის და ემუქრება, რასაკვირველია, "უსაფრთხოების გარანტიებზე" ვერ მოილაპარაკებ. ვიმედოვნებ, რომ ამას გერმანიის ახალი მთავრობაც გააცნობიერებს.
დასავლეთის მიმართ ორი მოთხოვნიდან ვლადიმერ პუტინმა ერთის შესრულებას დიდი ხნის წინ მიაღწია: რუსეთის სამხედრო თავდასხმებმა საქართველოსა და უკრაინაზე, პრაქტიკულად, გამორიცხეს ამ ქვეყნების ნატოში მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს დიდი ხნის წინათ დაჰპირდნენ. როგორც ცნობილია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის რიგებში არ მიიღებს ისეთ სახელმწიფოებს, რომლებსაც მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტები აქვთ, განსაკუთრებით რუსეთთან.
რაც შეეხება მეორე მოთხოვნას - ნატოს ქვეყნების შეიარაღების განლაგებას რუსეთის საზღვრებთან, ამ შემთხვევაში, კრემლის მმართველი თვითონ არის დამნაშავე. ის ფაქტი, რომ დასავლეთი სულ უფრო ახლოს განალაგებს თავის ტექნიკას იმის შედეგია, რომ მოსკოვს მეზობლებთან კონფლიქტები აქვს. დღეს ვლადიმერ პუტინი მათ ისევ ემუქრება (ირიბად). განა ისეთ ადამიანთან, რომელიც ტყუილებს ლაპარაკობს და მოსაუბრე შეცდომაში შეჰყავს, შეთანხმების დადება შეიძლება?
მუდამ უნდა გვახსოვდეს, რას ითხოვს ვლადიმერ პუტინი. ის არა მარტო ნატოს უთითებს, თუ სად გადის მისი საზღვრები (თვითონ კი ყველგან ეჩრება, სადაც კი მას აწყობს - ამერიკიდან ევროპაში და ახლო აღმოსავლეთის ჩათვლით), არამედ - უარს აცხადებს, აღიაროს მეზობლების უფლებები თავისუფალ არჩევანზე - თვითონ განსაზღვრონ თავიანთი ბედი.
ჯო ბაიდენმა ახლა თქვა ის, რაც აუცილებელი იყო ორი ქვეყნის პეზიდენტების სამიტამდე თქმულიყო: ამერიკა არ იზიარებს მოსკოვის ხედვებს "წითელი ხაზების" თაობაზე. იმედი უნდა გვქონდეს, რომ გერმანიის ახალი მთავრობაც ვაშინგტონის პოზიციას გაიზიარებს. აშკარა ხდება, რომ გერმანული "დამშვიდების" პოლიტიკა ვლადიმერ პუტინს ამოცანის შესრულებას უადვილებს. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ