"ხელისუფლების წარმომადგენლები ეკამათებიან ელჩებს, იცით ეს რას ჰგავს? - ჭრი იმ ტოტს, რომელზეც ზიხარ" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლების წარმომადგენლები ეკამათებიან ელჩებს, იცით ეს რას ჰგავს? - ჭრი იმ ტოტს, რომელზეც ზიხარ"

"დასავლეთი არ არის მზად საქართველო-უკრაინის ნატო-ში სრულად ინტეგრირებისთვის. ეშინია, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა, მოჰყვეს რუსეთის აგრესია. რუსეთის პოზიცია კიდევ პირიქით არის", - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა გიორგი კანაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ ნიუსრუმი“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ს პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის ვიდეოკონფერენციაზე.

მისივე განმარტებით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრიდან საბოლოო შედეგის დადგომის მოლოდინი საქართველოს მხრიდან იქნებოდა გულუბრყვილო.

„ეს იქნებოდა გულუბრყვილო, იმიტომ, რომ ეს არის გრძელვადიანი სისტემური დაპირისპირება. ცუდია ის, რომ ეს დაპირისპირება ასე გაგრძელდება, როგორც ჩანს, იმიტომ,რომ ერთის მხრივ, დასავლეთი არ არის მზად საქართველო-უკრაინის ნატო-ში სრულად ინტეგრირებისთვის, იმიტომ, რომ ეშინია, ამ ყველაფერს შესაძლოა მოჰყვეს რუსეთის აგრესია. რუსეთის პოზიცია კიდევ პირიქით არის ანუ მხარეებს შორის შორის სრული უნდობლობაა. ასევე დააკვირდით, რა პროცესებს აქვს ადგილი, ნატო-რუსეთის ფორმატი, კომისია რაც არსებობდა დაიბლოკა და აღარ არის, ამერიკელებმა და ნატოელებმა რუსი ჯაშუშები, ბრიტანული ხომალდი, რომელიც ამ ზაფხულს შავ ზღვაში იყო შემოსული და ზედ გადაუფრინა რუსულმა ბომბდამშენმა, ამერიკული გემები შემოდიან შავი ზღვის აკვატორიაში, პარალელურად რუსეთის წვრთნები ანუ ფაქტობრივად, დიპლომატიურ ენაზე ფორმატები აღარ არსებობს, სადაც დასავლეთი და რუსეთი ისაუბრებენ. ამიტომ, საკმაოდ დაძაბული გარემო არის.

სამწუხაროდ, მეორეს მხრივ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სანამ ასეთი მდგომარეობაა, ჩვენც და უკრაინაც სტრატეგიულად რაღაცებისთვის უნდა მოვემზადოთ. იმისთვის, რომ დღეს, ხვალ თუ ზეგ და ეს ზეგ შეიძლება იყოს ხუთ წელში, ისევ დადგება მომენტი, როდესაც დასავლეთი მზად იქნება უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში და ამ დროს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ამ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რა ხდება და დაძაბული ფონია, ხელისუფლების წარმომადგენლები აქ, ხშირად ეკამათებიან ელჩებს და ეს იცით რას ჰგავს? როდესაც ზიხარ ტოტზე და ჭრი იმ ტოტს. არ ვიცი, ეს ან არაშორსმჭვრეტელურია ან მავნებლობაა, იმიტომ, რომ სრულიად გაუგებარი ამბავია“, - განაცხადა კანაშვილმა.