"ქართული ოცნების" წარმომადგენლები და მათ შორის, ირაკლი კობახიძე აზროვნებენ როგორც იაფფასიანი ვაჭრები და არა როგორც სახელმწიფო მოღვაწეები" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები და მათ შორის, ირაკლი კობახიძე აზროვნებენ როგორც იაფფასიანი ვაჭრები და არა როგორც სახელმწიფო მოღვაწეები"

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათ შორის, ირაკლი კობახიძე აზროვნებენ როგორც იაფფასიანი ვაჭრები და არა როგორც სახელმწიფო მოღვაწეები, - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, რას ამბობს ირაკლი კობახიძე მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მას შეუძლია ხელი მოაწეროს შეთანხმებას და მეორე დღეს ის გამოაცხადოს არაკონსტიტუციურად.

„ადამიანი, რომელიც აზროვნებს როგორც სახელმწიფო მოღვაწე, როგორც პოლიტიკოსი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ინტერესები შეუძლია დააყენოს პირველ ადგილზე პოლიტიკურ დღის წესრიგში, ასე არ იქცევა. იაფფასიანი ვაჭრობა - ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც შეუძლია „ქართულ ოცნებას“ მისი ინტელექტუალური და მორალური დიაპაზონიდან გამომდინარე და ირაკლი კობახიძე საერთოდ რას ამბობს, არავისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის არის ადამიანი, ვისაც შეუძლია ხელი მოაწეროს შეთანხმებას და მეორე დღეს გამოაცხადოს, რომ ეს შეთანხმება, რომელსაც მან ხელი მოაწერა, საკუთარი პრეტენზიით ძალიან დიდმა მცოდნემ საკონსტიტუციო სამართლის, თურმე იყო არაკონსტიტუციური. ასე რომ, კობახიძის სიტყვას არ აქვს არანაირი ფასი, რას ამბობს, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ჩვენი პოზიციაა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, დასავლელი პარტნიორების პოზიციას და დავიცავთ ყველა იმ პირობას, რომელიც გავეცით, როცა ხელი მოვაწერეთ მიშელის შეთანხმებას,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ უნდა შეეხოს რიგგარეშე არჩევნებს, რაც აბსურდულია, რადგან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა საკონსტიტუციო ცვლილებების გამო არ დგება დღის წესრიგში.

„ამიტომ აბსურდულია განცხადება, რომ ეს შეამცირებს ვადამდელი არჩევნების პოლიტიკურ მოთხოვნას. გადახედეთ უახლეს ისტორიას, ჩვენ პირველად მოვახერხეთ, რომ უმრავლესობამ და ოპოზიციამ მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებების ერთი და იგივე ვერსიას. ამხელა პოლიტიკური კაპიტალის გაფლანგვა თუ სურს „ქართულ ოცნებას“, მაშინ, როცა საუბარია პოლარიზაციის შემცირების საჭიროებაზე, ეს იქნება უმძიმესი შეცდომა და ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება როგორც ქვეყნის პოლიტიკური სპექტრიდან, ასევე დასავლელი პარტნიორებისგან,“ - განაცხადა სამადაშვილმა.