ნიკა გვარამიას ადვოკატი: "სასაცილოა პროკურორის შეფასება, არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლოს დარბაზში, რაც დაადასტურებდა ვინმეს ბრალეულობას"
"სასაცილოა პროკურორის შეფასება, გულწრფელად მეცინება, ყველა მტკიცებულება კი არა, არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლოს სხდომათა დარბაზში, რაც დაადასტურებდა რომელიმე პირის ბრალეულობას",- ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი პროკურორის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბრალდებილების ბრალეულობა დასტურდება.
დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, „რუსთავი2" ყველაზე წარმატებული ნიკა გვარამიას დირექტორობისას იყო.
"არც ერთ მოწმეს არ უთქვამს სასამართლოს სხდომაზე ისეთი რამ, რაც შეიძლება ბრალდებას ადასტურებდეს. პირიქით, თითოეული მათგანის ჩვენება გამორიცხავდა დანაშაულის ჩადენას და ჩვენ ირონიულად ყოველთვის ვაკეთებდით კომენტარს, ნამდვილად ბრალდების მოწმე იყო თუ არა მოსული სასამართლოს სხდომათა დარბაზში. მგონია, რომ პაატა სალიას ჩვენებით არ მოხდება დადასტურება წარდგენილი ბრალდების, პირიქით, დადასტურდება რომ "რუსთავი 2" ყველაზე წარმატებული ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორობის პერიოდში იყო, ეს აისახებოდა, როგორც სატელევიზიო რეიტინგებში, ასევე სარეკლამო შემოსავლებზე",- განაცხადა საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ გასული წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.