"მოდი, ვნახოთ ტურისტი, რამ შეჭამა ტურისტი?!"
საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ამ სფეროში არსებულ პრობლემებსა თუ მიღწევებზე ხშირად ვწერდი, მაგრამ ტურისტის ტყავში ჩაძრომა წილად იშვიათად მრგებია. ახლა კი დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ აქედან გაქცეულ ტურისტს დამტვრეული ინგლისურით კი არა, თაფლად დაღვრილი ენითაც ვეღარ მოაბრუნებთ.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ავტობუსი "შინაურ ტურისტებს" თავისუფლების მოედანზე გველოდა. მანქანა საკმაოდ კომფორტული ჩანდა, რამაც კმაყოფილება მომგვარა და სავარძელში მოვკალათდი. ტურისტული მსვლელობის ორგანიზატორებმა დღის მარშრუტი გაგვაცნეს. ღონისძიებების თანამიმდევრობა გონივრულად დაგეგმილი აღმოჩნდა და კმაყოფილების გრძნობა კიდევ ერთხელ დამეუფლა, მაგრამ ვაი, რომ ცოტა ხნით.
როგორც კი გზას გავუდექით, მძღოლმა კონდიციონერები გამორთო და მანქანის სახურავზე დატანილი ლიუკების ახდა გვირჩია, რომ ოცდაათი კაცი სიცხისგან არ გავთანგულიყავით. ჩვენი მოთხოვნა არაფრად ჩააგდო და კონდიციონერს მხოლოდ დროდადრო რთავდა, - ავტობანზე, გახურებული მზის ქვეშ მიმავალ ავტობუსში ეს სულის მოთქმას გვაცლიდა. მძღოლი მთელი გზა უსმენდა კინომუსიკას ინდური ფილმებიდან და, რა თქმა უნდა, ჩვენც გვასმენინებდა; დისკის შეცვლაზე კი კატეგორიულ უარს აცხადებდა.
მოულოდნელად ავტობუსი ქარელთან გაჩერდა. მძღოლს მიზეზი არც აუხსნია, მანქანიდან გადახტა, საიდანღაც საწვავით სავსე ბოთლი გამოაძვრინა და ავზს თავი მოხსნა. მივხვდით, რომ საწვავი გამოელია და ეყოფოდა თუ არა მარაგი უახლოეს ავტოგასამართ სადგურამდე, შეიძლებოდა მხოლოდ გვევარაუდა. მოკლედ, უახლოს ავტოგასამართ სადგურამდეც მივაღწიეთ, საწვავიც ჩავასხით და გზა განვაგრძეთ, მართალია, სიცხისა და ინდური მელოდიების თანხლებით, მაგრამ უკეთესის მოლოდინით.
ბორჯომის ადმინისტრაციაში ორი გიდი დაგვხვდა. ეროვნული პარკის რუკა და ინფორმაციული ბუკლეტი გადმოგვცეს, საიდანაც გავიგეთ, რომ ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი კავკასიაში პირველი ეროვნული პარკია, რომელიც 1995 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა და გერმანიის მთავრობის დახმარებით შეიქმნა. პარკი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში და 85 ათას ჰექტარზეა გაშლილი.
ტყეების უმეტესობა პირვანდელი სახით არის შემორჩენილი, ანუ ადამიანის ხელი არ შეხებია. აქ დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს ფლორისა და ფაუნის იშვიათი ნიმუშები, ალპური და სუბალპური მდელოები. აქვე წერია, რომ ეროვნული პარკი ვიზიტორებს სთავაზობს ცხრა სალაშქრო და საცხენოსნო ბილიკს და რომ ბილიკების გასწვრივ ტურისტული ინფრასტრუქტურაა: ტურისტული თავშესაფრები, სადაც შეიძლება ღამის გათევა, ოღონდ თან უნდა გქონდეთ საძილე ტომრები და პარალონები; არის საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები, ცეცხლის დასანთები ადგილები და მარკირებული წყაროები.
გიდებთან გასაუბრებისას ვიგებთ, რომ ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ხშირად სტუმრობენ უცხოელი ტურისტები, ყველაზე ხშირად გერმანელები ჩამოდიან, რადგან მეტი ინფორმაცია აქვთ პარკის შესახებ მათი მთავრობის სპონსორობის წყალობით. რამდენიმე გერმანელი ტურისტი სერვისით უკმაყოფილო დარჩენილა და თავისი მოსაზრება ადმინისტრაციაშიც დაუფიქსირებია. გიდები ამბობენ, რომ ყველა ტურისტს ველური ცხოველების ნახვა სურს.
ერთხელ ჰოლანდიელ ტურისტებთან ერთად დათვსა და ბელსაც გადაეყარნენ, მაგრამ შეშინებული ტურისტი ერთ მხარეს გარბოდა თურმე, ხოლო დამფრთხალი დათვი ბელთან ერთად კი მეორე მხარეს. ბორჯომის ხეობაში თურმე ჩეჩნური მგელიც მომრავლებულა. ჩვენში გავრცელებულზე ტანად ბევრად დიდია, მაგრამ შედარებით უწყინარი.
ბოლო დროს ქვეწარმავლებიც მომრავლებულა ბორჯომის ხეობაში. შარშან პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღით მოუკლავთ ხუთმეტრიანი პითონი. რა თქმა უნდა, გველის ეს სახეობა საქართველოში არ გვხვდება, მაგრამ მანამდე იმ მიდამოებში თურქეთიდან მომავალი ტრაილერი უნახავთ გადაბრუნებული და ეჭვიც გველების ხელოვნურად გამრავლების შესახებ სწორედ მას შემდეგ გაჩნდა.
მივადექით ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერს, რომელიც ბორჯომის ნაკრძალის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და სხვაგვარად "მწვანე მონასტერსაც" ეძახიან. მამათაA მონასტერი IX-X საუკუნეებშია აგებული მწვანე შეფერილობის ქვისგან, რომელიც წვიმის დროს კიდევ უფრო მწვანდება. მონასტრის ეზოში კამკამა ღელე ჩამოდის, სადაც მოწითალო ქვებს მოჰკრავთ თვალს. გადმოცემით, შაჰ-თამაზის შემოსევისას მონასტრის ბერებისთვის ხატებზე ფეხით გადავლა უბრძანებიათ. ბერებს უარი უთქვამთ, ამიტომ მათთვის თავები დაუჭრიათ და ცხედრები ღელეში ჩაუყრიათ. მას შემდეგ ხუთი საუკუნე გავიდა, მაგრამ ღელეში ჩაყრილ ქვებს სისხლის კვალი კვლავ აჩნია.
წმინდა ადგილის მოლოცვის შემდეგ რეინჯერების სახლს მივადექით. ტყის მცველები დაცულ ტერიტორიასა და მის ბინადრებს ბრაკონიერებისგან იცავენ, ოღონდ უიარაღოდ, ფაქტობრივად, ცარიელი ხელებით. ბრაკონიერები კი ამ მიდამოებში უმეტესად ირემზე ნადირობენ, რაც 70 ათასი ლარის ჯარიმას ითვალისწინებს. ეროვნული პარკის მთელ ტერიტორიაზე ფოტოხაფანგებია დამონტაჟებული, ბრაკონიერებსაც სწორედ მათი საშუალებით ავლენენ. პარკის ტერიტორიაზე უწინ ნიამორებიც ბინადრობდნენ, მაგრამ გადაშენებულან, ამიტომ ახლა მათი ხელოვნური პოპულაცია მიმდინარეობს.
ტყე-პარკის ტერიტორიაზე სომხეთიდან ჩამოყვანილი ნიამორები სპეციალურად მოწყობილ ვოლიერებში ჰყავთ და ველურ ბუნებაში მხოლოდ მაშინ გაუშვებენ, როდესაც მოამრავლებენ.
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკზე ზრუნვა მხოლოდ ნიამორების მოშენებით იწყება და მთავრდება. არსად შეგვხვედრია საინფორმაციო დაფა, რომელიც ამა თუ იმ სალაშქრო ბილიკზე მიუთითებდა, ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად აქ თურმე ტურისტებს ბუნების წიაღში გასვლას სთავაზობენ, არც ცხენია საკმარისი საცხენოსნო ტურზე დიდი მოთხოვნის შემთხვევაში და ველოსიპედიც სულ ათიოდე მოეპოვებათ. ვერსად ნახავთ სანაგვე ურნას. ამიტომ თუ ბუნება გიყვართ, ნაგავს ჩანთაში ჩაიწყობთ ან მარშრუტის დასრულებამდე ჯიბით ტარება მოგიწევთ, თუ არა და, ისე მოიქცევით, როგორც სინდისი გიკარნახებთ.
დაცული ტერიტორიების გარდა, ბორჯომში ჩასული ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი ლიკანში რომანოვების სასახლით ინტერესდება. აქაურები ამბობენ, რომ ლიკანის რეზიდენციასთან არავის უშვებენ, მათ შორის არც ადგილობრივ მცხოვრებთ და შესაბამისად, ფოტოს გადაღების უფლებასაც არ აძლევენ. სამაგიეროდ, ზაფხულობით აქ ხშირად ხედავენ ქვეყნის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ესკორტს.
შთაბეჭდილებებითა და ლაშქრობით დაღლილი ისევ ჩვენს ავტობუსში ვსხდებით. თუ არსებობს საცხენოსნო ან ველოტური, რატომ არ შეიძლება, ასე მგზავრობას "დახუთული ავტობუსის ტური ერქვას"?
სამწუხაროდ, კომფორტი და მაღალი ხარისხის მომსახურება ბევრს აღარ ახსენდება, როცა მინიმალური დანახარჯით მაქსიმალურ მოგებაზე ფიქრობს. შემდეგ კი ეს შეუნიღბავ სიხარბეში გადადის.
ჩვენი ავტობუსი დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა, რადგან საწვავი არ ეყო და უკანა გზაზე თბილისის მისადგომებთან ჩამოგვყარა(!). არადა, ორგანიზატორებს სრულად ჰქონდათ დაფარული სატრანსპორტო მომსახურების ხარჯები.
"დახუთული ავტობუსის ტური" ჯერ დასრულებული არ იყო, როცა მძღოლის სატელეფონო საუბარი მოვისმინე, საიდანაც გავარკვიე, რომ მეორე დღეს ის სიღნაღში "ვერტალიოტით" ჩასულ უცხოელ ტურისტებს უნდა მომსახურებოდა. საბრალო ტურისტები, ნეტავ უკვე გაიქცნენ საქართველოდან თუ ახლა, ამწუთას გარბიან?
(სპეციალურად საიტისთვის)