"შეიძლება პუტინი იგივე კარტის გათამაშებას ცდილობს, როგორც აფხაზეთსა და ცხინვალში უკვე გაითამაშა... ცოტა ხანში გაირკვევა, რუსეთს რა უნდოდა" - კვირის პალიტრა

"შეიძლება პუტინი იგივე კარტის გათამაშებას ცდილობს, როგორც აფხაზეთსა და ცხინვალში უკვე გაითამაშა... ცოტა ხანში გაირკვევა, რუსეთს რა უნდოდა"

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა დახურული ვიდეოზარის ფორმატში ორი საათის განმავლობაში ისაუბრეს. მსოფლიო ლიდერების შეხვედრის მნიშვნელოვან დეტალებსა და მთავარ აქცენტებზე ანალიტიკოსები ზურაბ ბატიაშვილი და თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრებიან.

ზურაბ ბატიაშვილი:

- ბაიდენისა და პუტინის შეხვედრიდან, პირველ რიგში, გავიგეთ ის, რომ დასავლეთი უკრაინის დათმობას არ აპირებს. ამაზე ბაიდენმა პუტინთან შეხვედრაზე ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა. ამავე დროს, ღიად ისაუბრა იმ შესაძლო სანქციებზე, რომელსაც რუსეთს დაუწესებს უკრაინის წინააღმდეგ აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში. პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური სანქციები. ის პირდაპირ დაემუქრა მსოფლიო საფინანსო სისტემიდან გათიშვით, რაც რეალურად რუსეთის ეკონომიკის კოლაფსს გამოიწვევდა. ამასთან, ბაიდენი არ დათანხმდა პუტინის წინადადებას, რომ რაიმე სახის გარანტიები მიეცა, თუნდაც - სიტყვიერი, რომ უკრაინა არ გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა თავისი ვერ გაიტანა, დასავლეთმა კი კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი პოზიცია. დასავლეთი ახლა ისეთი აღარ არის, როგორიც 2008 წელს იყო, მაშინ, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. ახლა უფრო მეტად კონსოლიდირებულია და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსაც უკეთ აცნობიერებს.

- როგორც ვიცით, ამ შეხვედრისას საქართველოს საკითხი არ განუხილავთ...

- დიახ, საქართველოს საკითხი არ განუხილავთ, ამ საკითზე საერთოდ არ უსაუბრიათ. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე ყურადღებას არ ამახვილებს საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციაზე. ამ ე.წ. გაუღიზიანებლობის პოლიტიკის გამო, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებში საქართველო მთავარ დღის წესრიგში ვერ ხვდება. სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკოსების დიდ ნაწილს ძალიან მოკლე თვალსაწიერი აქვს და საკუთარი პარტიული ინტერესების მიღმა ვერ იხედება. რეალობა კი ასეთია - დღეს უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება. რატომ? იმიტომ, რომ თუ რუსეთს თავისი გაუვიდა უკრაინაში, აუცილებლად შეეცდება საბჭოთა კავშირის აღდგენას. სამწუხაროდ, ჩვენ ვართ შიდადაპირისპირებით გართული, რომ ჩვენს გარშემო არსებულ გამოწვევებს და მოსალოდნელ საფრთხეებს არათუ რეალურად არ აღვიქვავთ, ვერც კი ვამჩნევთ.

თორნიკე შარაშენიძე:

- ჩვენ არ ვიცით, რა ჰქონდათ რუსებს ჩაფიქრებული, მართლა აპირებდნენ თუ არა უკრაინაში შეჭრას. თუ შეჭრას არ აპირებდნენ და ეს უბრალოდ შანტაჟი იყო, მაშინ გამოდის, რომ ყველა ბედნიერია. ამერიკელები იტყვიან, რომ რუსების უკრაინაში შეჭრა აღკვეთეს, თავის მხრივ, რუსებიც იტყვიან, რომ რაღაც დათმობაზე წავიდნენ და სანქციები აღარ უნდა დაუწესდეთ. ჯერ რთულია იმაზე საუბარი, ვინ არის გამარჯვებული.

- და თუ უკრაინაში შეჭრა მართლა შანტაჟი იყო, რა შეიძლება გამხდარიყო საიდუმლო შეთანხმების საგანი, სანქციების თავიდან არიდების გარდა, რა სარგებელი შეიძლება რუსეთს მიეღო მთელი ამ ამბიდან?

- ხომ იცით, ვაჭრობაში მაზანდა რომ უნდა ასწიო. ჩემი აზრით, რადგან პუტინმა გარანტიები მოითხოვა, ნატო არ გაფართოვდესო, ეს იმან ნიშნავს, რომ მაზანდა ასწია. პუტინმა კარგად იცის, რომ ასეთ გარანტიას არ და ვერ მიიღებს. ვფიქრობ, ცოტა ხანში გაირკვევა, რუსეთს რა უნდოდა. ამ ეტაპზე რუსეთს ყველაფერი აქვს, რაც უნდოდა. შეიძლება, რუსეთს ნოსტრიმის გაშვების დაჩქარება უნდოდა. სულაც არ არის გამორიცხული. არც ის არის გამორიცხული, სიტუაციის დაძაბვისა და შემდეგ ჩაცხრომით, ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ დომბასის დამოუკიდებლობა აღიაროს. თქვენ იცით, რომ კრემლი მიაყრის ჯარებს უკრაინის საზღვართან, შეიქმნება კრიზისი, შეხვდება ბაიდენი, მოილაპარაკებენ, სიტუაცია დამშვიდდება და ყველა ბედნიერი დარჩება. არ არის გამორიცხული, ამას იმისთვის აკეთებდეს, რომ ბოლოსდაბოლოს მსოფლიო ლიდერებმა თქვან, ოღონდ ომი ნუ იქნება და ჯანდაბას, ჰქონდეს რუსეთს დონბასიო. შეიძლება იგივე კარტის გათამაშებას ცდილობს, როგორც აფხაზეთსა და ცხინვალში უკვე გაითამაშა. დღეს ორივე მხარე - ამერიკაც და რუსეთიც გამარჯვების ყიჟინას სცემს, სტატუსკვო იგივეა.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)