მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის საქმეზე დღევანდელ პროცესს არ დაესწრება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად მესამე პრეზიდენტი წერს. სააკაშვილი აღნიშნულის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს.
ერთადერთი, რის გამოც აუცილებლად მინდოდა მოსვლა, იყო იმ ადამიანების გამხნევება და მხარდაჭერა, რომლებიც რამდენიმე თვეა იჩაგრებიან ჩემ გამო.
ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს!“ - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.
შეგახსენებთ, 9 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.