"დედაა ის ადამიანი, ვისაც ვიფიცებ, მაგრამ არ მახსოვს; მიყვარს ისე, რომ დედის სითბო არ ვიცი" - კვირის პალიტრა

"დედაა ის ადამიანი, ვისაც ვიფიცებ, მაგრამ არ მახსოვს; მიყვარს ისე, რომ დედის სითბო არ ვიცი"

16 წლის იყო, როცა მიზნად დაისახა, მისი სახელი მსოფლიოს გაეგო. დაუღალავად შრომობდა, ჰქონდა ბევრი სირთულე, წინააღმდეგობა, ამასთანავე, საოცარი სიმტკიცე, ბრძოლის უნარი და დღეს 14 ოქროს მედლის მფლობელი პარასპორტსმენია. მარინე ფუტკარაძე ახლახან ოქროს მედლით რუმინეთიდან დაბრუნდა, მკლავჭიდში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ძალიან ბევრს ვშრომობდი, დაუღალავად ვვარჯიშობდი, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. მიზნად დავისახე, ჩემი სახელი მსოფლიოს გაეგო. პირველ დიდ წარმატებას 2011 წელს მივაღწიე. ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ავიღე. გულწრფელად გითხრათ, არ მეგონა, თუ მოვიგებდი. ეს ჩემი ვერცხლის მედალი იმ დროს ყველაფერს უდრიდა..."

marine1-1639038908.jpg

"სმენის პრობლემა დაბადებიდან მაქვს, მაგრამ ეს ცხოვრებისეულ ტრაგედიად არ მიქცევია. ყველა ადამიანს რაღაც შეზღუდვა აქვს, ზოგი ჩანს, ზოგი - არა. არა უშავს, მთავარია, პიროვნებამ იპოვოს ის საქმე, რომლის კეთებაც ბედნიერებას მიანიჭებს. ყველა ადამიანს რაღაცის ნიჭი და უნარი აქვს. ჩემს შემთხვევაში არსებობს სმენის პრობლემა, მაგრამ ამავდროულად მაქვს დიდი ძალა, რომლითაც დიდ წარმატებებს მივაღწიე..."

"ბავშვთა სახლში ვარ გაზრდილი და დედაა ის ადამიანი, ვისაც ვიფიცებ, მაგრამ არ მახსოვს; მიყვარს ისე, რომ დედის სითბო არ ვიცი: პატარა ვიყავი, როცა გარდაიცვალა. ოჯახზე ლაპარაკი არ მინდა... დავივიწყე, დამავიწყდა. მამასთან კონტაქტი არ მაქვს, არც ვცდილობ, არც მინდა, მაგრამ ოდესმე თუ დავჭირდები, ყოველთვის მხარში ამოვუდგები..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 9 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე