"პოლონეთში გაქცეული ავიადისპეტჩერი ბელარუსის წინააღმდეგ - რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან" - რას წერს ამერიკული გამოცემა?
"გასულ ზაფხულს, როცა პოლონელი მესაზღვრეები ბელარუსში მყოფ მიგრანტებს საზღვარზე გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ერთ-ერთი ადამიანი შეუმჩნევლად გადავიდა პოლონეთში, სადაც მას თბილად შეხვდნენ, თუმცა ეს ფრიად საიდუმლო ვითარებაში მოხდა. ეს პიროვნება იყო ოლეგ გალეგოვი, წარმოშობით საქართველოდან“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთის - "ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათურით - "პოლონეთში გაქცეული ავიადისპეტჩერი ბელარუსის წინააღმდეგ: როგორ მოხდა Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვება მინსკში“ (ავტორები - ენდრიუ ჰიგინსი და თომას დაფკუსი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
ერაყელი და სირიელი მიგრანტებისაგან განსხვავებით, პოლონეთში გადასული ადამიანი მნიშვნელოვან და, იმავდროულად, დრამატულ ინფორმაციას ფლობდა - იგი ის მინსკელი ავიადისპეტჩერი იყო, რომელმაც ირლანდიური ავიაკომპანიის - Ryanair-ის თვითმფრინავი "ბოინგ-737“, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, მინსკში იძულებით დასვა. თვითმფრინავის მგზავრებს შორის იყო ბელარუსის პრეზიდენტის - ალექსანდრე ლუკაშენკოს მოწინააღმდეგე, ცნობილი ჟურნალისტი-დისიდენტი რომან პროტასევიჩი, რომელიც, მინსკში დაშვებისას, თავის მეგობარ ქალთან - სოფია საპეგასთან ერთად, დაუყონებლივ იქნა დაკავებული ბელარუსის სპეცსტრუქტურის წარმომადგენლების მიერ.
ევროპული უსაფრთხოების სამსახურის ჩინოვნიკებმა, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს, განაცხადეს, რომ მინსკის აეროპორტის დისპეტჩერი პოლონეთის ეროვნული უშიშროების დეპარტამენტს ყველაფერს დეტალურად მოუყვა, თუ როგორ განხორციელდა თვითმფრინავის იძულებით დაშვება მინსკის აეროპორტში: ოპერაცია ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ/КГБ) მიერ იყო შემუშავებული. დისპეტჩერმა თვითმფრინავის ეკიპაჟს ყალბი ცნობა გადასცა, თითქოსდა, ბორტზე ბომბი იყო, რომელიც ვილნიუსში დაშვების დროს უნდა აფეთქებულიყო. ეკიპაჟის მეთაური, ეროვნებით ლიეტუველი მფრინავი, დისპეტჩერის გადაცემულ ცნობას სკეპტიკურად შეხვდა და ეჭვი გამოხატა... ამის შემდეგ ჰაერში აფრინდნენ ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები, რომლებმაც Ryanair-ის თვითმფრინავს მინსკის აეროპორტში დაშვება აიძულეს. სადისპეტჩეროში მუდმივად იმყოფებოდა ბელარუსის სუკ-ის თანამშრომელი, რომელიც თვითმფრინავის შესახებ რეგულარულად გადასცემდა ტელეფონით ანგარიშს "ზემოთ“.
მინსკის აეროპორტის დისპეტჩერი, რომელიც პოლონეთის მხარეს გადავიდა და პროკურატურას ყველაფერი შეატყობინა, წარმოშობით საქართველოდანაა, მისი სახელი და გვარია ოლეგ გალეგოვი, მას ცოლად ბელარუსი ქალი ჰყავს.
რადგანაც ათენი-ვილნიუსის რეისის შემსრულებელი "ბოინგ-737“ პოლონეთში იყო რეგისტრირებული და მისი ექსპლოატაცია Ryanair-ის პოლონური "შვილობილი“ კომპანიის მიერ ხორციელდებოდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება პოლონეთის პროკურატურამ დაიწყო. სხვათა შორის, სწორედ ეს ფაქტიც გახდა პოლონეთ-ბელარუსის ურთიერთობის გამწვევის მიზეზი.
ბელარუსის ოპოზიციურმა მასმედიამ ჯერ კიდევ ზაფხულში, ივლისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რომან პროტასევიჩის დაკავების შემდეგ ოლეგ გალეგოვი საქართველოში გაემგზავრა, თავის ნათესავებთან, დასვენების მიზნითო და მას შემდეგ იგი აღარავის უნახავს. თუმცა, როგორც ახლა გაირკვა, იგი საქართველოში კი არა, თურმე, პოლონეთში გადასულა. მან წაშალა თავისი “ექაუნთები“ სოციალურ ქსელებში.
როგორც ორი დღის წინ გახდა ცნობილი, ბელარუსის ხელისუფლებამ ბრალი სოფია საპეგასაც წაუყენა და მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რაც შეეხება რომან პროტასევიჩს, ბელარუსის "კაგებეს“ მიერ ივნისში გამართული "ბრიფინგის“ შემდეგ, რომლის დროსაც ჟურნალისტმა "მასობრივი არეულობის“ მოწყობაში "თავისი მონაწილეობა აღიარა, მისი ბედი და ადგილსამყოფელი უცნობია.
პოლონეთის პროკურატურის გამოძიება ბელარუსის ხელისუფლების რეალურ ანტიდემოკრატიულ სახეს კიდევ ერთხელ გამოამჟღავნებს. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ