"ბატონო მოსამართლე, პროკურატურისგან შეურაცხყოფას ვიტანთ სამი წელია, ეს არის ადამიანის განადგურება და მორალური მოსპობა" - კვირის პალიტრა

"ბატონო მოსამართლე, პროკურატურისგან შეურაცხყოფას ვიტანთ სამი წელია, ეს არის ადამიანის განადგურება და მორალური მოსპობა"

"ბატონო მოსამართლე, პროკურატურისგან შეურაცხყოფას ვიტანთ სამი წელია. ეს არის ადამიანის განადგურება და მორალური მოსპობა", - ასე მიმართა მოსამართლე გიორგი არევაძეს „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას აძლევს. როგორც მან სასამართლო სხდომაზე განმარტა, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რასაც მას, მამუკა ხაზარაძეს და ავთანდილ წერეთელს ედავებიან, ფალსიფიცირებულია.

მისი თქმით, პროკურატურა ფულის დანაწევრებას და უკანონო ქონებას უწოდებს იმ ქმედებას, რომლის მიხედვითაც “სამგორისგან” აიღო სესხი იმისათვის, რომ დაეფარა ოთხი კრედიტორის ვალი.

„აქ ვლინდება პროკურატურის ფალსიფიკაცია, მე ქონება არ ამიღია “სამგორისგან”. “სამგორისგან” ავიღე სესხი და ეს სესხი მოვახმარე ვალდებულების დაფარვას. იმისთვის, რომ თავისი ფალსიფიკაცია როგორმე გაემართლებინა, ამას უწოდა, რომ მე თანხა დავანაწევრე. არადა, მქონდა ოთხი კრედიტორის ვალი და ოთხ კრედიტორს გადავურიცხე თანხა. საქართველოს პროკურატურის ინტერპრეტაციით, ეს არის დანაწევრება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება თანხის კონვერსიას, რაზეც მიუთითებს პროკურატურა, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ამ შემთხვევაშიც დასკვნა ასეთია - “ან საქმე გვაქვს უმეცრებასთან ან მიზანმიმართულ ფალსიფიკაციასთან”.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.