ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშის მტკიცებულების სახით დართვას ითხოვენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ადვოკატები სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშის მტკიცებულების სახით დართვას ითხოვენ. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.
როგორც პროკურორებმა განმარტეს, სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში განსახილველ სისხლის სამართლის საქმეს - საზღვრის უკანონო კვეთას არ ეხება და ის პენიტენციურ დაწესებულებაში პირის მიმართ მოპყრობას შეეხება.
ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, საზოგადოება ხედავს, "თუ ირღვევა მიხეილ სააკაშვილის უფლებები, მის მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებს, ფსიქოლოგიურ ტერორს აქვს ადგილი და ის ამ მოქმედების მსხვერპლია".
ადვოკატის განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა რელევანტურია და საქმეს უნდა დაერთოს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.