"ის ზრახვები, რომელიც რუსეთს აქვს საქართველოსა და უკრაინის მიმართ, ნატო-ს გაფართოების შემთხვევაში რეალიზებადი აღარ იქნება"
"ის ზრახვები, რომელიც რუსეთს აქვს საქართველოსა და უკრაინის მიმართ, ნატო-ს გაფართოების შემთხვევაში რეალიზებადი აღარ იქნება", - განაცხადა „რონდელის ცენტრის“ მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა პუტინი-ბაიდენის შეხვედრის შემდეგ უკრაინა-რუსეთის საკითხის შეფასებისას.
როგორც გოგოლაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განმარტავს, თუ უკრაინა დგას რაღაც საფრთხის წინაშე რუსეთის მხრიდან, ასეთივე საფრთხე არის საქართველოს მიმართ და რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციები მათ ეკონომიკას საკმაოდ დააზიანებს.
„ეს არ არის საფრთხე, რომელიც მხოლოდ უკრაინას ემუქრება. რუსეთს აქვს პრეტენზიები უკრაინასთან იმის გამო, რომ იგი მიდის ნატოსკენ, სწორედ ამიტომ ჰქონდა პრეტენზია რუსეთს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ, რომ ის არ დაუშვებს ნატოს გაფართოებას მის საზღვრებთან. იგივე ეხება საქართველოსაც. რაც შეეხება სანქციებს, არსებობს ასეთი ტიპის სანქცია, რომელიც გულისხმობს იმას,რომ საფინანსო ოპერაციებს საერთაშორისო ბაზარზე ვეღარ შეასრულებს რუსეთი, საფრთხის ქვეშ დადგება მისი კომპანიების მოქმედება საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე გადარიცხვების გაკეთება კერძო პირების მიერ რუსული ბანკებიდან ან პირიქით, თანხების მიღება ვეღარ განხორციელდება და ეს იქნება სერიოზული დარტყმა რუსეთის ეკონომიკისთვის, მაგრამ ამის გარდა კიდევ არსებობს პერსონალური სანქციებიც, რაც ასევე არის სერიოზული პრობლემა სრულიად რუსული ელიტისთვის. თავად რუსეთის მხრიდან ასეთი ღია შანტაჟი უკრაინის, შეიძლება იყოს დაკავშირებული ასევე „ჩრდილოეთ ნაკადის“ ამუშავების პერსპექტივასთან, ანუ რუსეთი იყენებს ამ შანტაჟს იმისთვის, რომ ამერიკას ასე ვთქვათ, დაახევინოს უკან ამ სანქციებთან მიმართებით, რომელიც „ჩრდილოეთ ნაკადს“ დაუწესა და ევროპამაც გაუხსნა შესაძლებლობა, საბოლოოდ „ჩრდილოეთ ნაკადს“ რომ იფუნქციონიროს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
როგორც გოგოლაშვილი დასძენს, „ჩრდილოეთი ნაკადის“ და ნატო-ს გაფართოების საკითხი არის სწორედ ის, რაც რუსეთს აღელვებს, რადგან ნატო-ს გაფართოების შემთხვევაში მოხდება რუსეთის აგრესიის გაჩერების შესაძლებლობა. ის ზრახვები, რომელიც რუსეთს აქვს საქართველოსა და უკრაინის მიმართ, ნატო-ს გაფართოების შემთხვევაში რეალიზებადი აღარ იქნება.
„როდესაც ამხელა რაოდენობით სამხედრო ძალა არის კონცენტრირებული ისეთი ქვეყნის საზღვრებთან, რომელთანაც გაქვს მოუგვარებელი კონფლიქტი, ძალიან დიდია საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერ მომენტში განახლდეს საბრძოლო მოქმედებები და ამან ჩაითრიოს ეს უზარმაზარი რუსული არმია, რომელიც იქ არის განლაგებული. ეს შეიძლება შემთხვევითაც მოხდეს. ამიტომ არის სახიფათო და სარისკო. შეიძლება პუტინს შანტაჟისა და მუქარის გამო უნდოდა ამ ჯარების განთავსება, მაგრამ ამან შეიძლება გამოიწვიოს რაიმე ინციდენტის შემთხვევაში ესკალაცია და ამ ესკალაციას ვერავინ ვეღარ შეაჩერებს, დაიწყება ფართომასშტაბიანი ომი. ეს არის სახიფათო. რუსეთისთვის მაქსიმუმი ამოცანა იქნებოდა სამი მხრიდან შეტევა სწრაფად, „ბლიც კრიკის“ საშუალებით აღება უკრაინის ტერიტორიების დიდი ნაწილის და კიევის ალყაში მოქცევა და შემდგომ კიევის აღებაც. შედარებით უფრო ნაკლებად ამბიციური გეგმა იქნებოდა უბრალოდ სამხრეთ ნაწილის ოკუპირება და ამით „კორიდორის“ გაჭრა ყირიმისკენ. თუ რუსეთს შეჭრის შესაძლებლობა ექნება, ამას გააკეთებს, მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება დათანხმდეს უფრო ნაკლებ ამბიციურ ტაქტიკურ გეგმებზე, ეს სტრატეგიული გეგმებია რუსეთის, რომელიც მას მუდამ გააჩნია, მაგრამ ტაქტიკური არის „ჩრდილოეთ ნაკადის“ საკითხი პირველ რიგში და მეორე - ნატო-ს გაფართოების საკითხი, ეს ორივე არის ის საკითხი, რომელიც რუსეთს ადარდებს. რუსეთს ეშინია სწორედ იმის, რომ ნატო-ს გაფართოება გააჩერებს რუსეთის აგრესიის შესაძლებლობას. ანუ ის ზრახვები, რომელიც რუსეთს აქვს საქართველოსა და უკრაინის მიმართ, უკვე რეალიზებადი აღარ იქნება საერთოდ“ , - განმარტა კახა გოგოლაშვილმა.