მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეს, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, მტკიცებულებად სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაც დაერთო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეს მტკიცებულებად დაერთო სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაც.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.