პროკურორი მამუკა ხაზარაძეს: "მე არაფრის მეშინია! იცრუეთ!"
"წერილზე კითხვებს, რომ გისვამდით განაცხადეთ, ახლო ნათესავის გამო არ დავასახელებო. იქაც კი იცრუეთ", - ასე მიმართა ე.წ. ფულის გათეთრების საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა “ლელოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურორს ჰკითხა, რატომ ეშინოდა, როდესაც მას ე.წ მუქარის წერილს ახსენებენ.
თავის მხრივ, პროკურორმა ხაზარაძეს განუმარტა, რომ მას არაფრის ეშინია.
“მე არაფრის მეშინია! ამ წერილზე იყო კითხვებს, რომ გისვამდით და იქ განაცხადეთ, რომ ახლო ნათესავის გამო არ დავასახელებო. იქაც კი იცრუეთ”, - მიმართა არჩილ ტყეშელაშვილმა მამუკა ხაზარაძეს.
ხაზარაძისა და ტყეშელაშვილის რეპლიკები პროცესზე ბრალდებულ ბადრი ჯაფარიძის დაკითხვას მოჰყვა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაფარიძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ჩვენებას აძლევს.
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, არანაირი უკანონო ტრანზაქცია მის მიერ 2008 წელს არ განხორციელებულა და აღნიშნული საქმე პროკურატურის მიერ არის ფალსიფიცირებული.
სწორედ ამ საკითხზე ჩვენების მიცემისას ბადრი ჯაფარიძემ სხდომაზე ახსენა ე.წ. მუქარის წერილი, რომელიც მისივე მტკიცებით, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო.
ჯაფარიძე-ხაზარაძის მტკიცებით, წერილის შინაარსი სხვა მოთხოვნებთან ერთად „მათ შორის “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას“ ეხებოდა.
ჯაფარიძის თქმით, წერილის შესახებ ყოფილ მინისტრს უთხრა, რომ “ეს არის სისულელე”.
„წერილი გადმომეცა მაშინდელი შს მინისტრის მეშვეობით, სადაც ჩვენგან მოითხოვდნენ “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. თავისთავად გამაოგნებელი წერილი იყო. მგონი, ეს არის ყველაფრის თავი და თავი იმიტომ, რომ ვინც ეს შეთხზა და დაგეგმა ვფიქრობ, ავთო წერეთლის კომპანიებისგან ნასესხები თანხა დაუკავშირა “ტვ პირველს და ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ. გადმოგვეცა ეს წერილი, სადაც ბოლოში იყო აბზაცი - თუ ჩვენ არ შევასრულებდით მოთხოვნებს, მაშინ მთელს მსოფლიოს გააგებინებდნენ იმის შესახებ, რაც ჩავიდინეთ 2008 წელს. სიმართლე გითხრათ, მაშინდელ შს მინისტრს პირდაპირ ვუთხარი, რომ ეს არის სისულელე. ვისაც უნდა მოუყვნენ, რადგან 2008 წელს რაც გავაკეთე, მეამაყება”, - განაცხადა ჯაფარიძემ.