"თუ ხელისუფლება შერიგებაზე წავა, ის "ნაციონალურ მოძრაობას" გააძლიერებს" - კვირის პალიტრა

"თუ ხელისუფლება შერიგებაზე წავა, ის "ნაციონალურ მოძრაობას" გააძლიერებს"

"როდესაც ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს პოლიტიკურ პროცესს, საეჭვოა, რომ ასეთ გარიგებაზე წავიდეს - ოპოზიცია, სამწუხაროდ, ჩიხში მოექცა, ხედავს, რომ ნორმალური, მომგებიანი სვლა არ აქვს",- ამის შესახებ ექსპერტმა, ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის იდეას გამოეხმაურა.

როგორც ძაბირაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ უარეს დღეშიც ყოფილა და ასეთი მკვეთრი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

„ასეთი იდეები ამ 30 წლის განმავლობაში 30-ჯერ მაინც იყო სხვადასხვა რაკურსით, ჯერ კიდევ „ეროვნული მოძრაობის“ შიგნით არსებული დაპირისპირების მოგვარების მიზნით. მაშინ საპატრიარქო იყო შერიგების ერთ-ერთი ინიციატორი. მაგრამ, რეალურად, ამას ხელშესახები შედეგი არ მოუცია ქვეყნისთვის. რაც შეეხება დღევანდელ იდეას - როდესაც ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს პოლიტიკურ პროცესს, საეჭვოა, რომ ის ასეთ გარიგებაზე და ნაბიჯის გადადგმაზე წავიდეს. ოპოზიციის იდეა გასაგებია. ის, სამწუხაროდ, ჩიხში მოექცა. ხედავს, რომ ნორმალური, მომგებიანი სვლა არ აქვს. სააკაშვილის ჩამოსვლა თავიდან გახდა ფაქტორი, თუმცა დღეს ეს ფაქტორიც აღარ მუშაობს. ოპოზიცია ამ ვითარებიდან გამოსავალს ეძებს და ხელისუფლებას შერიგებას სთავაზობს. თუ რეალურად შევხედავთ, ელექტორატში დაპირისპირება არ არის. ადრე უფრო მძარი დაპირისპირება იყო საზოგადოებაში - დღეს ეს არ არის. დაპირისპირებაა პოლიტიკურ ელიტებს შორის და ბრძოლა მიდის ძალაუფლების შენარჩუნებასა და მოპოვებაზე. ამავე დროს, დღეს პოლიტიკურ პროცესს წარმართავს და აყალიბებს ხელისუფლება. რატომ მიიღებს ამ შეთავაზებას? - თუ ის ამ შეთავაზებაზე წავა, „ნაციონალურ მოძრაობას“ გააძლიერებს.

რომელ პოლიტპატიმრებზეა საუბარი და ვის ამნისტიაზე?! ეს ეხება იმ ადამიანებს, ვინც დღეს პატიმრობაშია და ძირითადად, „ნაცმოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნები არიან. თუ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესს გამოვრიცხავთ, სხვა არავინაა. ეს ნაბიჯი რატომ უნდა გადადგას ხელისუფლებამ? ოპოზიციას ნორმალური პოლიტიკური სვლა არ აქვს, ვერ ხვდებიან, რა გააკეთონ. „ქართული ოცნება“ უარეს დღეშიც ყოფილა და ასეთი მკვეთრი ნაბიჯები არ გადაუდგამს. რაღაც ნაბიჯები გადადგა, მათ შორის უგულავასთან მიმართებით, მაგრამ ეს ფრაგმენტული იყო. ახლა რომ ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოაცხადოს და ლამის მილეული საპროტესტო ტალღა გააძლიეროს, ამას ხელისუფლება არ იზამს“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

რაც შეეხება ზოგიერთი ოპოზიციონერის შეხედულებას, რომ ფართომასშტაბიანი ამნისტია „ქართული ოცნებისთვის“ მომგებიანი იქნება, როდესაც ისინი ხელისუფლებაში აღარ იქნებიან, ძაბირაძის თქმით, ოპოზიციის ეს ნაწილი აბსურდულ, ლოგიკასთან დაშორებულ რაღაცებზე საუბრობს.

„ამას საუბრობენ ისინი, ვისაც ამ ეტაპზე ხელისუფლების მოსვლის არანაირი შანსი არ აქვს. რატომ გააკეთებს ამას „ქართული ოცნება“, რომ ხელი შეუწყოს მათ ხელისუფლებაში მოსვლას. რაღაც აბსურდულ რაღაცებს საუბრობენ, ლოგიკისგან დაშორებულს. რას იმუქრება ოპოზიცია? ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის ლიდერის გათავისუფლების მოთხოვნით 200 კაცი ძლივს შეიკრიბა პრეზიდენტის სასახლესთან. ჩვენ რომ დემოკრატიული ქვეყანა ვიყოთ, ეს 300 კაცი საკმარისია, მაგრამ ჩვენ ხომ დემოკრატიული ქვეყანა არ ვართ?! 200-ის ნავლად 2 ათასი ადამიანი რომ შეკრებილიყო, დამთავრებული იქნებოდა „ქართული ოცნებაც“ და სააკაშვილიც გარეთ იქნებოდა, მაგრამ ეს რესურსი არ აქვთ“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს, ძაბირაძის აზრით, სააკაშვილის დასწრება მის ნებისმიერ პროცესზე წამგებიანი იქნება.

„კიდევ კარგი, ყოფილი პრეზიდენტი მიხვდა, რომ დღეს სასამართლო პროცესზე დასწრება წამგებიანი იქნებოდა. ნებისმიერ პროცესზე მისი მისვლა წამგებიანი იქნება. იმედია ამას მაინც მიხვდება და პროცესებზე არ ივლის. ოპოზიციის მთლად გაბითურება საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებში არ შედის“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.