"მიხეილ სააკაშვილს უკვე სამგზის შეუზღუდეს სატელეფონო საუბრის უფლება, ეს რატომ ხდება? - მათ ეშინიათ" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილს უკვე სამგზის შეუზღუდეს სატელეფონო საუბრის უფლება, ეს რატომ ხდება? - მათ ეშინიათ"

"მიხეილ სააკაშვილს უკვე სამგზის შეუზღუდეს სატელეფონო საუბრის უფლება. ეს რატომ ხდება? - მათ ეშინიათ და აქვთ ძრწოლა, რომ რომელიმე თქვენგანის ეთერში არ დარეკოს მიხეილ სააკაშვილმა და პირდაპირ არ ისაუბროს ქართველ ხალხთან", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში შემოსვლა მართლზომიერია, რადგან ეს მოხდა მშვიდობიანი გზით.

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიზირებულია.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლების პანიკური შიში გრძელდება. მიხეილ სააკაშვილს უკვე სამგზის შეუზღუდეს სატელეფონო საუბრის უფლება. ეს რატომ ხდება? - მათ ეშინიათ და აქვთ ძრწოლა, რომ რომელიმე თქვენგანის ეთერში არ დარეკოს მიხეილ სააკაშვილმა და პირდაპირ არ ისაუბროს ქართველ ხალხთან, მაყურებელთან, თქვენს მსმენელებთან. საფუძველი, რაც დაუდეს, იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში და ამიტომ არ უნდა ჰქონდეს სატელეფონო საუბრის უფლება. ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული არ აქვს, ყალბი ინფორმაციის საფუძველზე უზღუდავენ მას უფლებებს. ამავდროულად, დღევანდელ პროცესზე, რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის ამსახველი ინფორმაცია დაერთო საქმეს მტკიცებულებად და არ დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნები გარკვეული მასალების ამორიცხვაზე. მკაფიოდ ჩანს, რომ ამ საქმეში მთავარი მოტივაცია არის პოლიტიკური და პროკურორმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რომ იყო, მომეტებული საფრთხის მატარებელია. მათ უნდათ, რომ ისტორია გადაწერონ და საქართველოში დაბრუნების ფაქტი შეაფასონ დანაშაულებრივ ქმედებად. სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია ორი მიმართულება: იქ საუბარია არის პერსონალური მონაცემების დარღვევაზე და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე. ამის სასამართლოზე მტკიცებულებად დართვა, პირდაპირი სიგნალია იმის, რომ ამ საქმეს აქვს პოლიტიკური მოტივაცია.

რაც შეეხება საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოსვლას, რა თქმა უნდა, ქმედება, რომელიც არის მართლზომიერი, არ შეიძლება შეფასებულ იქნეს კრიმინალად. ქმედება, რაც არის მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება, ის ყოველთვის არის მართლზომიერია, როდესაც ხორციელდება მშვიდობიანი გზით“, - განაცხადა ბექა ბასიალაიმ.

რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, რომ საქართველოში შემოსვლაში მიხეილ სააკაშვილს ყოფილი მაღალჩინოსანი ეხმარებოდა, ადვოკატმა აღნიშნა, რომ რადგან პროკურატურამ ეს საკითხი წამოჭრა, თავად უწყებამ უნდა გასცეს პასუხი, ვინ არის ის. „ნებისმიერი ადამიანი, ვინც საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამშობლოში გადაადგილებაში და დღესაც, მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვაში წვლილი შეაქვთ, არიან ამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები, მიუხედავად პოლიტიკური პრეფერენციებისა. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებას, რადგან პროკურატურამ წამოჭრა ესე საკითხი, პროკურატურამვე ისაუბროს. ამ საქმეში რაც არის წარმოდგენილი, სრულიად არადამაჯერებელია“, - განაცხადა ადვოკატმა.