"არ მაქვს იმედი, რომ წელს შედარებით ნაკლები შემთხვევა გვექნება... ბევრ მშობელს ბავშვისთვის საჩუქრად მიაქვს!"
ზამთრის დადგომასთან ერთად, კვლავ აქტუალურია ასაფეთქებლების თემა, რომელიც ყოველ წელს არაერთი ადამიანის დაზარალებით მთავრდება, განსაკუთრებით კი - ბავშვების. წლიდან წლამდე ვსაუბრობთ ამის შესახებ, თუმცა წლიდან წლამდე, განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში, გამუდმებით გვესმის, როგორ აფეთქებენ დღისით-მზისით, ეზოებში, სკვერებსა და სკოლის შენობებთანაც კი, ბავშვები ათასგვარ ასაფეთქებელ მოწყობილობას. სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ფოტო თუ ვიდეო მასალა, როგორ ზიანდებიან ამით ბავშვები და როგორ უქმნიან სხვასაც საფრთხეს, ესვრიან მანქანასა თუ შინაურ ცხოველებს. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს გუგა ქაშიბაძეს ვკითხეთ, რა მდგომარეობაა წელს ამ მხრივ.
- საბედნიეროდ, ჯერჯერობით არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა დღესასწაულები და ახალი წელი წინაა. არ მაქვს იმედი, რომ წელს შედარებით ნაკლები შემთხვევა გვექნება. კანონმდებლობით პიროტენიკის არასრულწლოვანზე მიყიდვა აკრძალულია, მაგრამ, ჩვენი გამოცდილებიდან, ამან არაფერი შეცვალა. მოსახლეობამ მაინც ვერ გაიგო, რომ ეს არ არის სათამაშო და გასართობი. ძალიან ბევრ მშობელს ბავშვისთვის საჩუქრად მიაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ეს არ არის გასართობი საშუალება. რაც არ უნდა უსაფრთხოდ გამოიყურებოდეს, არასწორი გამოყენების შემთხვევაში, საკმაოდ სერიოზულ დაზიანებებს იწვევს. ძირითადად, 46%-ში ზიანდება ხოლმე მარჯვენა ზემო კიდურის მტევანი, 17%-ში - თვალები, სახე, შემდეგ მოდის ტორსი, მარცხენა ზედა კიდური, ქვმო კიდურები და გენიტალიები. ბუნებრივია, ეს მხოლოდ დამწვრობას არ იწვევს. არც ისე იშვიათია თითების ამპუტაცია, სრული ინვალიდიზაცია, თვალის დაკარგვა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები. შემთხვევები 20-25 დეკემბრის შემდეგ ატიურდება და მთელი იანვრის განმავლობაში გრძელდება. როგორც წესი, ბევრი შემთხვევა სკოლის არდადეგებთან იყო დაკავშირებული. განაგრძეთ კითხვა