"ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ "გადააგდო" არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ ჩვენი ყველა პარტნიორი"
ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
როგორც პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ისაუბრებს ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით არსებულ ყველა საკითხზე. რაც შეეხება პარტნიორების პოზიციას, მინაშვილის განცხადებით, ანგარიშს თავად გამოაქვეყნებენ.
“ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ გვინდა, ქვეყანაში კრიზისი იყოს დაძლეული, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ცხადია, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომ ის არის წამების, არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი, ის არის პოლიტიკური დევნილი და შურისძიების მსხვერპლი. ჩვენ ვისაუბრეთ სხვა პარტიების პოლიტიკურ ლიდერებთან მიმართებით, რომ ფართომასშტაბიანი დევნა ხდება იმ ადამიანების, ვისაც ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ გვინდა ქვეყანა გამოვიდეს მძიმე ვითარებიდან და გაუჩნდეს ეკონომიკური განვითარების შანსი, აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფა და რეალური რეფორმის გატარება. ხედავთ, ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ როგორ “გადააგდო” არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ ჩვენი ყველა პარტნიორი - არ ატარებს არანაირ რეფორმას და პირიქით, ამ დაპირებების საწინააღმდეგოდ ნიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ქვეყანაში არ განხორციელებულა რეალური საარჩევნო რეფორა. საარჩევნო რეფორმის, ვადამდელი არჩევნების და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარეშე, ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა. ყველა ამ საკითხზე იყო საუბარი”,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
"მთავარი მიზანია, ისეთი ზეწოლა მოხდეს ხელისუფლებაზე, რომ იგი იძულებული იყოს გადადგას შემხვედრი ნაბიჯები - სანქციები ძალიან ახლოსაა", - მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს ეფექტიანი ზომები, მათ შორის პირადი სანქციები კონკრეტული ადამიანების მიმართ.
„საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს ეფექტიანი ზომები, მათ შორის მთავარი არის პირადი სანქციები კონკრეტული ადამიანების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში ფუნდამენტურ უფლებებს და დემოკრატიის პრინციპებს არღვევენ. მთავარი მიზანი ამ ზომების არის ის, რომ ისეთი ზეწოლა მოხდეს ხელისუფლებაზე, რომ იგი იძულებული იყოს, გადადგას შემხვედრი ნაბიჯები. ეს სანქციები ძალიან ახლოსაა. არც უკრაინაში, არც მოლდოვაში ადამიანებს არ ეგონათ, რომ მათ წინააღმდეგ სანქციებს გამოიყენებდნენ. გუშინ ვნახეთ ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა სანქცია უკრაინაში ყოფილი მოსამართლის მიმართ. იგივე ემუქრებათ ამ კლანის წარმომადგენლებს, სანამ არ დაიწყება სასამართლოს რეალური რეფორმა”,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
ცნობისთვის, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელს მიმართავენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.
წერილში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, ქმნიან გადაულახავ დაბრკოლებებს წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ძირს უთხრიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს განამტკიცოს ევროპული მომავალი.
წერილში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირი გამოიყენებს EAP-ის მომავალ სამიტს, როგორც შესაძლებლობას შეახსენოს საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესახებ.
წერილის თანახმად, "პირობითობის" მექანიზმის გამოყენება, შესაბამისი დახმარების გამოყოფისას, არის ერთადერთი გზა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის იმ საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან დასაბრუნებლად, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი უჭერს მხარს.