"კალაძემ საკრებულოს ის ძველი, კორუმპირებული მთავრობა შესთავაზა, რომელსაც თბილისელების 55%-მა მხარი არ დაუჭირა. რას ნიშნავს ეს ამბავი თბილისელებისთვის?" - კვირის პალიტრა

"კალაძემ საკრებულოს ის ძველი, კორუმპირებული მთავრობა შესთავაზა, რომელსაც თბილისელების 55%-მა მხარი არ დაუჭირა. რას ნიშნავს ეს ამბავი თბილისელებისთვის?"

"თქვენ მოიპარეთ 60 მილიონი ლარი - სესხით იყიდეთ 200-ზე მეტი ავტობუსი და ბრძანეთ, რომ მომავალ წელსაც აპირებთ ავტობუსების ყიდვას, ბიუჯეტის პროექტშიც ჩადებულია და მაინტერესებს, შემდეგი ტენდერიდან რამდენი მილიონი ლარის მოპარვას აპირებთ?" - ამ შეკითხვით თბილისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯომარემ - ირაკლი ნადირაძემ თბილისის მერს, კახა კალაძეს მაშინ მიმართა, როდესაც საკრებულოში დედაქალაქის მთავრობა დამტკიცდა.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დედაქალაქის მთავრობას უკვე რამდენიმე წელია, ბიუჯეტიდან ფულის მოპარვაში, კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ, თუმცა მმართველი გუნდის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია მხოლოდ ცრუ ბრალდებებით შემოიფარგლება და მათ არცერთ საკითხზე არ აქვთ არგუმენტირებული ფაქტები. ცრუ ბრალდებები თუ არგუმენტირებული ფაქტები? - ამის გარკვევას "ნაციონალური მოძრაობის" წევრთან ლევან ხაბეიშვილთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრთან, ბექა დავითულიანთან საუბრისას შევეცადეთ.

ლევან ხაბეიშვილი:

xabeishvililevan.png

- კახი კალაძეს თბილისელების 55%-მა, თვითმმართველობის პირველ ტურში უარი უთხრა. მეორე ტურში ზეწოლის, მოსყიდვის და გაყალბების ფონზე 45% აიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში არჩევნები წაგებული აქვს. ამის მიუხედავად, კალაძემ საკრებულოს ძველი შემადგენლობა წარუდგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ მან საკრებულოს ის კორუმპირებული მთავრობა შესთავაზა, რომელსაც თბილისელების 55%-მა მხარი არ დაუჭირა. რას ნიშნავს ეს ამბავი თბილისელებისთვის? - კიდევ ოთხი წელი ქალაქში არაფერი გაკეთდება, ბოლოსდაბოლოს, ვარკეთილში ჭერი ვერ დაკიდეს, გლდანში ორი წელია, გზას აკეთებს, დღემდე არ არის ბოლომდე გაკეთებული. ერთი მითხარით, რომელია ცრუ ბრალდება? კახი კალაძემ რომ 16 მილიონი ლარის ღირებულების ქონება ერთ ლარად გადასცა თავის ნათელ-მირონს, წულაიას, ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოძიება აქვს დაწყებული. ბექა ოდიშარიას 200 000 ლარში 5 მილიონის ქონება მისცეს გლდანში, ადგილმონაცვლეობა გაუკეთეს და თაბორის მთაზე 30 000 კვადრატული მეტრი მისცეს. როდესაც ექსპერტიზები ჩატარდა, იქ ეწერა, რომ ქონება 200 000 ლარად ჰქონდა შესყიდული, თუმცა ქონება, რომელიც ოდიშარიას მისცეს, 5 მილიონ ლარზე მეტად არის შეფასებული. ნახეთ, ოდიშარიას ქონება როგორ დაუთვალეს - თაბორის მთაზე მშენებლობა არ შეიძლება და ამ 300 კვადრატული მეტრის მეპატრონეს აქ მხოლოდ სკამის დადგმის და ჰაერით დატკბობის შესაძლებლობა მიეცემაო. რაში მდგომარეობდა კალაძის კორუფცია? თქვეს, წარმოვიდგინოთ, რომ აქ არის გაცემული სამშენებლო ნებართვა და შენდება დიდი კორპუსიო. მარტივად რომ ავხსნათ, მაგალითისთვის გეტყვით, მე ჩოხატაურში მაქვს მამა-პაპისეული, 2-სართულიანი სახლი, რომელიც 20 ათას ლარად არის შეფასებული. თუ მე ექსპერტს ვეტყვი, წარმოიდგინოს, რომ ეს ჩემი ორსართულიანი სახლი ვაკეშია და ისე დათვალოს, ეს 20-ათასლარიანი ქონება გახდება 20-მილიონიანი. დაახლოებით, ამ მეთოდით არის დათვლილი ბექა ოდიშარიას ქონება. მესამე "ქეისზეც" გეტყვით, რომლის შესახებ კახა კალაძემ თავად მოჰყვა: გლდანში სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს 500 ტონა რკინა დაკარგეს. გულისხმობდა იმას, რომ მიწიქვეშა კომუნიკაცია გამოცვალეს. ძველი რკინები ამოიღეს, დააწყვეს და ის დაიკარგა. როგორ გგონიათ, მერიისთვის 500 ტონა რკინის მოპარვა შესაძლებელია ისე, რომ საქმის კურში მაღალი თანამდებობის პირები არ იყვნენ?! ასობით სატვირთოა საჭირო 500 ტონა რკინის გასატანად. რა გამოდის, ამდენი რკინა ისე დააწყვეს სატვირთოებზე და ამდენი სატვირთო ისე გავიდა ადგილიდან, რომ ვერავინ ვერაფერი დაინახა? ახლა, რაც შეეხება მილანურ ნაძვის ხეს, რომელშიც მილიონი გადავიხადეთ და რომელიც ტოტი აღმოჩნდა. მერე გაირკვა, რომ ამ მილანურ ჯოხს ყოველ წელს ასიათასობით ლარის ღირებულების ტოტებს ვამატებთ. არის თუ არა ეს კორუფცია?

- თუმცა მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ სიტყვიერი ბრალდებებია და რეალურად არგუმენტები არ აქვთო...

- ჯერ ერთი, ყველა საკითხზე სარჩელი მაქვს შეტანილი სასამართლოში. გარდა მაგისა, ჩემ მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები - კორუფციულ ფაქტებსა და მოპარულ ტენდერებზე, პროკურატურას შეუძლია, ცნობად მიიღოს და გამოძიება დაიწყოს. ერთ საქმეზე თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს საქმე წარმოებაში მიღებული. ამაზე მეტი არგუმენტები რაღა უნდათ?

ბექა დავითულიანი:

davituliani-beqa-1024x492.jpg

- 16 მილიონის საქმე, რომელზეც ხაბეიშვილი და ნადირაძე საუბრობენ, ეხება ე.წ ხრუშკოვების ახალი კორპუსებით ჩანცვლების პროგრამას. გამოცხადებული იყო ღია ტენდერი და იქვე, ვარკეთილში გამოიყო ამისთვის ტერიტორია და ყველა სამშენებლო კომპანიას შესთავაზეს, აეშენებინათ ამ ტერიტორიაზე კორპუსები, სადაც ხრუშოვკის მაცხოვრებლებს გადაიყვანდნენ და შემდეგ - გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე ააშენებდნენ კომერციული თვალსაზრისით კორპუსებს. არცერთი კომპანია არ დაინტერესდა ამით. სწორედ წულაია აღმოჩნდა ის ადამიანი, ვინც თქვა, რომ ჯანდაბას, ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, მე ამას გავაკეთებ.

- ბექა ოდიშარიამ როგორ შეძლო 5 მილიონი ლარის ღირებულების ქონების შეძენა 200 000 ლარად?

- ბექა ოდიაშარიას სხვადასხვა დროს, მათ შორის - "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში, შესყიდული ჰქონდა თაბორის მთის მიმდებარედ მიწის ნაკვეთები. როდესაც თბილისმა მიიღო ქალაქის განვითარების გეგმა, თაბორის ქედის ზონალური სტატუსი გამკაცრდა. ე.ი ბექა ოდიაშარია იქ ვეღარაფერს ააშენებდა. ოდიშარიამ თქვა - მე მაქვს მშენებლობის ნებართვა, ძველი კანონდებლობით, თქვენ კი ისე შეცვალეთ კანონი, რომ მე იქ ვეღარაფერს ავაშენებო. ექსპერტიზამ შეაფასა, თუ რა ღირებულება ექნებოდა მის ქონებას, თაბორის მთაზე რომ კორპუსი აეშენებინა. მუნიციპალიტეტს მოსთხოვა, ან გაეცვალათ შესაბამისი ღირებულების ფართობზე, ან ფული დაებრუნებინათ. მუნიციპალიტეტმა მისცა მიწა მუხიანში.

- 500 ტონა რკინაზე რას იტყვით, რომელიც გლდანში მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლის შემდეგ დაიკარგა?

- ძალიან მარტივადაა საქმე. კონტრაქტორს მოგებული ჰქონდა მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლისა და ასფალტის საფარის გაკეთების ტენდერი. კომპანიამ ამოიღო მიწიდან ძველი მილები და დაასაწყობა. ტვირთი საწყობიდან დაიკარგა. საქმე აღძრულია პროკურატურაში. ანალოგიურად შემიძლია მათი ბრალდება გავაბათილო ავტობუსებთან დაკავშირებითაც. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ავტობუსები ესტონეთის ქარხანაში ჯდება 85 ათასი და ჩვენ ვყიდულობთ 105 ათას ევროდ. იქ იყიდება ავტობუსი, რომელსაც არც სკამი აქვს, არც ნავიგაციის სისტემა და არც სხვა საჭირო აქსესურები, ამას ემატება გზის ხარჯიც და ძვირდება.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)