"სავარაუდოა, რომ ეკატერინე ტიკარაძე უფრო მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობის გამო წავიდა, ვიდრე ეს "მწვანე პასპორტის" საკითხია" - კვირის პალიტრა

"სავარაუდოა, რომ ეკატერინე ტიკარაძე უფრო მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობის გამო წავიდა, ვიდრე ეს "მწვანე პასპორტის" საკითხია"

"გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, სავარაუდოა, რომ ეკატერინე ტიკარაძე გუნდში უფრო მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობის გამო წავიდა, ვიდრე ეს „მწვანე პასპორტის“ საკითხია.

როგორც რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავრობიდან მინისტრები „ტექნიკური საკითხის“ გამო არ მიდიან ხოლმე.

„ზოგადად, მინისტრები რომ მიდიან და მოდიან, ეს ნორმალური პროცესია, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე მთავრობა შეიცვალა და ჯანდაცვის მინისტრი არ იცვლებოდა, მიუთითებს, რომ ეს უბრალოდ „მწვანე პასპორტის“ გამო არ მოხდა. ვვარაუდობ, რომ უფრო მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა იყო გუნდში. ასე მარტივად ჩვენს მთავრობაში არ ხდება ხოლმე, რომ ერთი, პრინციპში ტექნიკური საკითხის გამო, მინისტრი წავიდეს. რა იყო ნამდვილი მიზეზი, გავიგებთ, როდესაც ახალი მინისტრის ვინაობა გვეცოდინება და ზოგადად, დრო გავა და ჭორების ნაცვლად უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვეცოდინება”,- განაცხადა რაქვიაშვილმა.