"რუსეთის კოზირი და სლავი ძმების "სიყვარული და სიძულვილი" - რას წერს თურქული გამოცემა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაზე - კვირის პალიტრა

"რუსეთის კოზირი და სლავი ძმების "სიყვარული და სიძულვილი" - რას წერს თურქული გამოცემა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაზე

თურქეთის სახელმწიფო-საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუმ" (Anadolu Agency) გაავრცელა სტატია სათაურით - "ჩხუბი სლავ ძმებს შორის" (ავტორი - ილიას ქემალოღლუ), რომელშიც რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების საკითხია განხილული. პუბლიკაციაში საუბარია, აგრეთვე, იმ სავარაუდო კონფლიქტის შედეგებზე მსოფლიოსათვის, რომელიც უკრაინის გამო შეიძლება რუსეთსა და ნატოს შორის მოხდეს.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 15 მოკავშირე რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. რუსეთმა დასავლეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოება დაიწყო, რაც კრედიტების უხვად აღებაშიც გამოიხატა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დასავლეთთან თანამშრომლობით რუსეთმა ვერცერთი პრობლემა ვერ მოაგვარა, პირიქით - ქვეყანა დაშლისაკენ მიექანებოდა, რის გამოც მოსკოვი იძულებული გახდა, დასავლეთისა და ე.წ. ახლო საზღვარგარეთის მიმართ პოლიტიკაში კორექტივები შეეტანა, განსაკუთრებით - ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში და განსაკუთრებით - ნატოს მიმართ. კრემლის პოზიციით, რადგანაც "ცივი ომი" დასრულდა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, საბჭოთა კავშირის სახით, მოწინააღმდეგე აღარ ჰყავდა, მისი არსებობის აუცილებლობაც აღარ იყო.

ამასთან, მოსკოვს 1990-იან წლებში იმდენი საშინაო და საგარეო პრობლემა ჰქონდა, რომ კრემლმა პირველ წლებში ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, ახლა კი ეროვნული სახელმწიფოების მიმართ ყურადღება, გარკვეულწილად, მოადუნა, თუმცა ეს არ ითქმის უკრაინასა და ბელარუსზე.

სლავი ძმების "სიყვარული და სიძულვილი"

უკრაინასა და ბელარუსს რუსეთისათვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: სამივე ერი ერთმანეთთან ეთნიკურად, ისტორიულად, რელიგიურად არის დაკავშირებული - ისინი სლავები არიან, მსგავსი ენით, დამწერლობით, მსგავსი კულტურით. საუკუნეების განმავლობაში კიევი აღმოსავლეთ სლავების პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა.

უკრაინა და ბელარუსი რუსეთს ეკონომიკური თვალსაზრისითაც სჭირდებოდა - მათ ტერიტორიაზე გადის ის მილსადენები, რომელთა მეშვეობით ევროპას რუსული გაზი და ნავთობი მიეწოდება. ამასთან, ტრანზიტის გარდა, რუსეთისათვის საყურადღებო იყო ის მომენტიც, რომ ორივე აღმოსავლეთსლავური სახელმწიფო ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებდა ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებით. კრემლი ცდილობდა, მინსკი და კიევი თავის ორბიტაზე ჰყოლოდა. თავის მხრივ, დასავლეთიც ცდილობდა, მინსკი და კიევი გადაებირებინა.

ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ სლავური წარმოშობის მიუხედავად, რუსეთ-ბელარუსის და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდება. მაშინ როცა ბელარუსთან რუსეთს რაიმე დიდი პრობლემები ან უთანხმოება არ ჰქონია (და თუ რაიმე ჰქონდა, მოსკოვი ეკონომიკური ინიექციებით "აქრობდა", ასეთი მოქმედება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, მაგრამ - მაინც), უკრაინასთან ასე არ იყო: ჯერ 2004 წლის "ნარინჯოვანი რევოლუციის", შემდეგ კი - 2014 წლის "მაიდნის" შედეგად, უკრაინა მკვეთრად გადაიხარა დასავლეთისაკენ, რის გამოც რუსეთი შეშფოთდა. მხედველობაშია მისაღები, რომ უკრაინის მოსახლეობა საკმაოდ ჭრელია - პოლიტიკური, რელიგიური, კულტურული თვალსაზრისით: მათი მნიშვნელოვანი ნაწილი პრორუსულადაა განწყობილი (სამხრეთი და აღმოსავლეთი რეგიონები), ნაწილი კი პროდასავლურად - დასავლეთი. ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი მართლმადიდებელია, ნაწილი კი - კათოლიკე (განსაკუთრებით - დასავლეთი უკრაინა). შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში სეპარატიზმის წარმოშობა ამ განსხვავებებმაც განაპირობა. რუსეთმა, უკრაინის პროდასავლური დრეიფის შეჩერების მიზნით, პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა - გააღვივა სეპარატიზმი ქვეყნის რუსულენოვან რეგიონებში - ყირიმსა და დონბასში (მოგვიანებით ყირიმი საერთოდ მიიერთა. თავის მხრივ, მოსკოვს არც დასავლეთი ჩამორჩა: ჯერ კიდევ 2008 წელს უკრაინას ნატოს წევრობა აღუთქვა, ბოლო დროს კი - მკვეთრად გააფართოვა თავის აქტიურობა შავი ზღვის აკვატორიაში, უკრაინის სამხრეთ ნაპირთან. მართალია, ფორმალურად, ორივე მხარე - რუსეთიც და დასავლეთიც პერიოდულად უკრაინის პრობლემის მოგვარებას ცდილობდნენ (მაგალითად, დონბასის საკითხში - მინსკის შეთანხმება/ოქმით), მაგრამ დროდადრო იგივე ორივე მხარე - რუსეთიც და დასავლეთიც - ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ მინსკის შეთანხმების დარღვევისა და "აგრესიული მოქმედების" გამო. ბოლო პერიოდში სიტუაციის გამწვავებაც ამ საფუძველზე მოხდა - დასავლეთმა რუსეთი "ამხილა", რომ, თურმე, მოსკოვი უკრაინის საზღვრებთან ფარულად არმიის თავმოყრას ახორციელებს, სლავი ძმის ტერიტორიაზე შეჭრისა და კიევის აღების მიზნით.

შეიძლება ითქვას, რომ იმ განცხადებებითა და ნაბიჯებით, რომელიც სამხედრო სფეროში ხორციელდება (რუსეთის ჯარების კონცენტრაცია და შავ ზღვაში ნატოს სამხედრო გემების მანევრები), დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთის წინაშე თავიანთი კუნთების ძალის დემონსტრირებას ახდენენ. მაგრამ რამდენადაც რუსეთის კონფლიქტი ნატოსთან ან აშშ-სთან პირდაპირ გამოიწვევს "ქვეყნიერების დასასრულს", ომის ვარიანტი თავიდანვე უნდა გამოვრიცხოთ. მეორე მხრივ, ძალის დემონსტრირებით რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთს სიგნალებს უგზავნიან. იმ დროს, როცა ამერიკის ხომალდები შავ ზღვაში "წინ და უკან ცურავენ" და ამით მოსკოვს მიანიშნებენ - უკრაინისადმი თვადასხმის დროს უბრალო დამკვირვებლად არ დარჩებიან, რუსეთიც მკაცრად აცხადებს, რომ დონბასში უკრაინის და დასავლეთის ყოველ სამხედრო ჩარევას მოსკოვის ადეკვატური პასუხი მოჰყვება.

რუსეთის კოზირი

აშკარაა, რომ რუსეთს უკრაინის შემადგენლობაში მყოფი დონბასის ("დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების") ოკუპირება არ სურს. უბრალოდ, მოსკოვი მოჩვენებით თამაშს ასრულებს. კრემლი კარგად ხვდება, რომ მას ეკონომიკურად დანგრეული დონბასური ტვირთის ზურგზე მოკიდება არ შეუძლია, რაც მისთვის პოლიტიკურადაც წამგებიანია. მოსკოვი დონბასს "აფხაზეთისა" და "სამხრეთ ოსეთის" მისიის შესრულებას აკისრებს - ანუ "უსაფრთხოების" იმ მისიისა, რომელზეც უკრაინამ (დასავლეთის მიმართულებით) და საქართველომ (სამხრეთით, კავკასიის მიმართულებით) უარი განაცხადეს. დონეცკისა და ლუგანსკის არსებობა რუსეთისათვის მომგებიანია: ფორმალურად, ისინი უკრაინის შემადგენლობაში რჩებიან, მაგრამ უკრაინა მათი მიზეზით ნატოსა და ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. იგივე სიტუაციაა მოლდოვასა და საქართველოს მიმართაც - პირველი დნესტრისპირეთის, ხოლო მეორე - აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" პრობლემის გამო ევროკავშირისა და ნატოს წევრები ვერ გახდებიან. ამრიგად, რუსეთს აფხაზეთ-"სამხრეთ ოსეთისა" და დონბასის მიერთება არ აწყობს, კრემლისთვის წამგებიანია.

უკრაინა აცნობიერებს თავის სისუსტეს რუსეთის წინაშე - ხვდება, რომ რუსეთს მარტო "ვერ მოერევა" და ამიტომ დასავლეთის ჩარევას ითხოვს. მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთის ქვეყნებმაც გააცნობიერეს, რომ სანქციები რუსეთზე ეფექტიან გავლენას არ ახდენს. ბელარუსში განვითარებულმა მიგრაციულმა კრიზისმაც აჩვენა, რომ მოსკოვს (მინსკთან ერთად) ევროკავშირისთვის პრობლემების გაჩენა შეუძლია. ამიტომაც, ყველაფრის მიუხედავად, რუსეთთან დიალოგი მაინც შედის ევროპის ინტერესებში (რაც უკრაინას არ სიამოვნებს).

იმედი პუტინ-ბაიდენის მოლაპარაკებისაგან

ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, უნდა ველოდოთ, რომ დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან თანდათან ჩაცხრება და განიმუხტება. ამის იმედს აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის 7 დეკემბერს გამართული ონლაინ-დიალოგი გვაძლევს, რომლის დროსაც გაცხადდა, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკება გაგრძელდება და მხარეები შეეცდებიან, პრობლემა ჩიხში არ შეიყვანონ. დაგეგმილია ორივე პრეზიდენტის რეალური შეხვედრაც 2022 წლის დასაწყისში. არ უნდა დავივიწყოთ ჩინეთის საკითხიც, რომელიც ახლა თუ არა, საშუალოვადიან პერსპექტივაში მაინც, დასავლეთს და რუსეთს ერთმანეთთან დაახლოებს. ფაქტია, რომ დასავლეთს რუსეთ-ჩინეთის მჭიდრო ურთიერთობა არ აწყობს და ამიტომ იძულებული ხდება, რუსეთს რაღაც დაუთმოს. თავის მხრივ, რუსეთმაც, რომელმაც, ნატოსთან პრობლემების მიუხედავად, კარგად იცის, რომ ადრე თუ გვიან ჩინეთი მისთვისაც სერიოზულ საფრთხედ იქცევა, იძულებული გახდება, მზერა დასავლეთს მიაპყროს.

ამრიგად, საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ: ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის მოლაპარაკების შემდეგ რეგიონში დაძაბულობა შესუსტდება და მხარეები მოლაპარაკებას მინსკის ოქმის ჩარჩოებში გააგრძელებენ. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ