"აქამდე კონსილიუმში ფსიქიატრი არ იყო" - რას აცხადებს ომბუდსმენი ექსპრეზიდენტზე - კვირის პალიტრა

"აქამდე კონსილიუმში ფსიქიატრი არ იყო" - რას აცხადებს ომბუდსმენი ექსპრეზიდენტზე

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატი მისი ეგიდით შექმნილ ექიმთა კონსილიუმთან ერთად მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში უახლოეს დღეებში ეწვევა და როგორც ჯანდაცვის მიწოდების ხარისხს, ასევე მის უფლებრივ მდგომარეობას შეაფასებს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გატარებულ დისციპლინური შეზღუდვებს განიხილავენ და „რამდენად კანონიერად იყო ეს გადაწყვეტილებები მიღებული”.

„ბოლო ვიზიტი 23 ნოემბერს განვახორციელეთ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, თუმცა უახლოეს დღეებში, როგორც სახალხო დამცველის აპარატი, ასევე ექიმთა კონსილიუმი ვგეგმავთ მომდევნო ვიზიტი განვახორციელოთ, სადაც შევაფასებთ როგორც მიწოდებული ჯანდაცვის სერვისების ხარისხს, ასევე პატიმრის უფლებრივ მდგომარეობას.

ჩვენ ადგილზე მივალთ და ვნახავთ არის თუ არა გატარებული დისციპლინური შეზღუდვები პატიმრის წინააღმდეგ და შევაფასებთ რამდენად კანონიერად იყო გადაწყვეტილებები მიღებული”, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კონსილიუმს დამატებითი სპეციალისტების ჯგუფი დაემატება, რომელიც ფსიქიატრიის დარგში სპეციალიზდება, რისი მიზეზიც ფსიქოტროპული წამლების დოზებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გახდა.

,,ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა იმან, რომ ექიმები საუბრობდნენ გარკვეულ წუხილზე ფსიქოტროპული წამლების დოზებთან დაკავშირებით, რაც არ შეესაბამებოდა პაციენტის საუკეთესო ინტერესებს. ამიტომ, სურვილი გვაქვს, რომ დავამატოთ დარგის სპეციალისტები ჩვენს კონსილიუმში და მათი დახმარებით მისი ჯანმრთელობის მართვის ეს კომპონენტიც შევაფასოთ. იცით, რომ მანამდე ფსიქიატრი ჩვენს კონსილიუმში არ იყო”, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.