"არავითარი სამართალდარღვევა გია ლორთქიფანიძეს, რაშიც საქართველოს ხელისუფლება სდებს ბრალს, ჩადენილი არ აქვს" - კვირის პალიტრა

"არავითარი სამართალდარღვევა გია ლორთქიფანიძეს, რაშიც საქართველოს ხელისუფლება სდებს ბრალს, ჩადენილი არ აქვს"

"არავითარი სამართალდარღვევა გია ლორთქიფანიძეს, რაშიც საქართველოს ხელისუფლება სდებს ბრალს, ჩადენილი არ აქვს", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ჰოსპიტალში შეხვედრის შემდეგ გია ლორთქიფანიძის მიმართ ბრალის წარდგენის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს და გია ლორთქიფანიძეს ბევრი საქმე აქვთ გაკეთებული უკრაინისთვის და საქართველოსთვის და მიხეილ სააკაშვილი ამაყობს ლორთქიფანიძესთან თანამშრომლობით.

„რაც შეეხება გია ლორთქიფანიძის მიმართ ბრალდებას, მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ გია ლორთქიფანიძე გახლავთ სპეცსამსახურის და ძალოვანი უწყების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წარმომადგენელი უკრაინაში, უკრაინულ უსაფრთხოების სამსახურს ვგულისხმობ, არის ლეგენდარული მზვერავი, რომლის შესახებაც ინფორმაციის მოძიება ისევე მარტივად შეიძლება უკრაინის სახელმწიფო სამსახურებში, როგორც რუსეთის ,,ეფ-ეს-ბე“- ში. ამიტომ, ამგვარი ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მის მშობლიურ ქვეყანაში არის ერთადერთი - რუსეთის პოლიტიკური დაკვეთა და ამ დაკვეთის შესრულება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი გია ლორთქიფანიძეს არ იცნობდა საქართველოში, მან ის გაიცნო უკრაინაში, ძალიან ბევრი საქმე აქვთ გაკეთებული უკრაინისთვის და საქართველოსთვის, საქართველოს ინტერესების სასიკეთოდ და მიხეილ სააკაშვილი ამაყობს ამ თანამშრომლობით“, - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება გია ლორთქიფანიძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის რაიმე ტიპის მოლაპარაკებას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ადვოკატის ინფორმაციით, ამგვარი მოლაპარაკება მათ შორის არ შემდგარა.

„მე საქმის მასალებს ჯერჯერობით არ ვიცნობ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რა თემასთან დაკავშირებითან არ უნდა ყოფილიყო კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილსა და გია ლორთქიფანიძეს შორის, მიხეილ სააკაშვილს კანონი არ დაურღვევია სამშობლოში დაბრუნებისას, ის ფიზიკურად ვერ ჩაიდენდა სამართალდარღვევას, ამის შესახებ ნებისმიერ პირთან, მათ შორის ჩემთანაც რომ ელაპარაკა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, არავითარი სამართალდარღვევა გია ლორთქიფანიძეს, მათ შორის, ფორმალური სამართალდარღვევაც კი, რაშიც საქართველოს ხელისუფლება სდებს ბრალს, ამ შემთხვევაში ჩადენილი არ არის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისათვის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.