"მთავრობის კაბინეტიდან ჯანდაცვის მინისტრის წასვლა, შესაძლოა, შემდგომი ცვლილებების ერთგვარი კატალიზატორი გახდეს"
"მთავრობის კაბინეტიდან ჯანდაცვის მინისტრის წასვლა, შესაძლოა, შემდგომი ცვლილებების ერთგვარი კატალიზატორი გახდეს. როგორც ჩანს, პრემიერმა დაკარგა მართვის სადავეები და სიტუაციას ვერ აკონტროლებს", - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.
მამუკა გამყრელიძის თქმით, პროცესი შესაძლოა მთავრობის დაშლით დასრულდეს.
„იმ გადაცდომების მიუხედავად, რაც ჰქონდა ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის მინისტრობის პერიოდში, ის მაინც ინარჩუნებდა ძლიერ პოზიციებს და იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა მთავრობაში. როგორც ცნობილია, ის დაახლოვებულია ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან და მათი ნდობით სარგებლობს, რა ნიშნითაც მისი, არაკომპეტენტურობის მიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრობის პოზიციაზე დანიშნვა მოხდა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების პრობლემა - კადრების შერჩევა არა კომპეტენციით და პროფესიონალიზმით, არამედ კლანური ნიშნით. სწორედ ამიტომ გვაქვს ასეთი ჩავარდნა კოვიდპანდემიის მართვაში და უზარმაზარი ადამიანური დანაკარგი.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრს ჰქონდა მწვავე დაპირისპირება პრემიერ - მინისტრთან. როდესაც დაპირისპირება ხდება საჯარო განხილვის საგანი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინისტრი ასეთ პერიოდში ტოვებს პოსტს, ეს ნიშნავს, რომ პრემიერმა დაკარგა მართვის სადავეები. ეს პროცესი შესაძლოა მთავრობის დაშლით დასრულდეს. პრემიერ -მინისტრმა ერთი შეხედვით თითქოს მოუგო ეს რაუნდი ეკატერინე ტიკარაძეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ბრძოლა, პრემიერ - მინისტრის სასარგებლოდ, ალბათ, არ დასრულდება“, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.