"ეკატერინე ტიკარაძე წლის ბოლომდე შეასრულებს მინისტრის მოვალეობას" - კვირის პალიტრა

"ეკატერინე ტიკარაძე წლის ბოლომდე შეასრულებს მინისტრის მოვალეობას"

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებს საკუთარი ფუნქციები აქვთ და „ეკატერინე ტიკარაძეც ფუნქციის შესაბამისად იმოქმედებს“.

ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა მისი დანიშვნა პრემიერის პრეროგატივაა.

„პარტიის ორგანოები მოქმედებს პარტიის წესდების შესაბამისად. პოლიტსაბჭოს აქვს თავისი ფუნქცია და პოლიტსაბჭოს წევრებსაც შესაბამისად, თავისი ფუნქცია აქვთ და ფუნქციის შესაბამისად იმოქმედებს ეკატერინე ტიკარაძეც.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურას, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და ჩვენთვის პრემიერის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით განმსაზღვრელია.

გუნდში არის კონსულტაციები და ეს კონსულტაციები გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, რათა საბოლოოდ შეირჩეს მინისტრის კანდიდატურა და პრემიერმა დანიშნოს მინისტრი თანამდებობაზე. წლის ბოლომდე შეასრულებს მინისტრის მოვალეობას, მანამდე შეირჩევა კანდიდატურა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა, მისი თქმით, ის მუშაობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.