"ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ხედავს, რომ ყველა ბრძოლა წააგეს - მათი ე.წ. კრიტიკა პოლიტიკური ინტერესებითაა გაჯერებული" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ხედავს, რომ ყველა ბრძოლა წააგეს - მათი ე.წ. კრიტიკა პოლიტიკური ინტერესებითაა გაჯერებული"

"მათ აქვთ ძალიან მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესები და ამ დღის წესრიგით მოქმედებენ, მაშინ როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი სახელმწიფოებრივი დღის წესრიგით, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ევროპული ინტეგრაცია", - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ევროპულ სტრუქტურებში გაგზავნილ წერილს.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების კრიტიკა საარჩევნო ბარიერთან, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მთლიანად პოლიტიკური ინტერესებითაა გაჯერებული და კონკრეტულ ფაქტებზე არ არის დაფუძნებული.

„რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, ეს არ არის დემოკრატიული რეფორმა ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადაიდგას ჩვენი კეთილი ნებით. ისიც არ ვიცით ზუსტად, ეს 2%-იანი ბარიერი იქნება სასარგებლო, თუ პირიქით, გარკვეული ზიანის მომტანი დემოკრატიული განვითარებისთვის, ყველა ბარიერს აქვს თავისი პლუს-მინუსები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მთლიანად სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შევხედოთ ამ საკითხს. რომც დარჩეს 5%-იანი ბარიერი, ამით არათუ არავითარი საფრთხე არ ექმნება დემოკრატიული სისტემის განვითარებას, არამედ უკეთესიც შეიძლება იყოს დემოკრატიული სისტემის სათანადოდ განვითარებისათვის.

ჩვენ დაველოდებით ასევე ოპოზიციის მოქმედებებს, თუ ისინი აჩვენებენ იმას, რომ მათი სურვილი არის პოლარიზაციის შემცირებაში წვლილის შეტანა, ბუნებრივია ამ კანონპროექტის მიღების შანსი ბევრად მაღალი იქნება.

ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ხედავს, რომ მათ ყველა ბრძოლა წააგეს და შევიდნენ ისეთ პროცესში, რომელიც მათთვის არ იყო მომგებიანი, თუმცა ვეღარც გამოდიან ახლა ამ პროცესიდან, ეს არის მათი პრობლემა, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიმოქმედოთ არა მათი, მათთვისვე გაუგებარი დღის წესრიგით, არამედ სახელმწიფოებრივი დღის წესრიგის შესაბამისად, ვაკეთოთ ის, რაც არის სახელმწიფოს ინტერესებში.

რაც შეეხება მართლმსაჯულებას, ჩვენ გვქონდა გატარებული არაერთი რეფორმის ტალღა. როდესაც გატარდა ე.,წ. მეოთხე ტალღა, იყო მაღალი შეფასებები, როგორც სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან, ასევე ძალიან დადებითი შეფასებები გაკეთდა ამერიკის და ევროკავშირის საელჩოების მხრიდან. პრაქტიკაშიც ბუნებრივია არის კონკრეტული წინსვლა ყველა მიმართულებით. 2012 წლიდან ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ამ სფეროში, რასაც აჩვენებს სტატისტიკა, საერთაშორისო რეიტინგები. როდესაც ჩვენ ვთხოვთ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს დაგვისახელონ პრობლემური საქმეები სასამართლოს სისტემაში, ისინი ამას ვერ ახერხებენ, რაც არის იმის მთავარი ნიშანი, რომ სასამართლო სისტემა თვისებრივად გამართულად ფუნქციონირებს. აქედან გამომდინარე, მათი ე.წ. კრიტიკა არის მთლიანად პოლიტიკური ინტერესებით გაჯერებული და არ არის დაფუძნებული ფაქტებზე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ჩვენ გვექნება პერსონალური კონსულტაციები საკრებულოს წევრებთან და ამის საფუძველზე გვჯერა, რომ „ქართული ოცნება“ საკრებულოებში საბოლოო ჯამში მოახერხებს სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას", - მისი თქმით, ოპოზიციისთვის მტკივნეულია, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობის ფორმირებას ახერხებს.

„რამდენიმე მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა უმრავლესობა არჩევნების შემდეგ, თუმცა 2 შემთხვევაში - კერძოდ, მარტვილში და შემდგომ უკვე დმანისში მოვახერხეთ „ქართული ოცნების“ გარშემო უმრავლესობის ფორმირება ორივე საკრებულოში. ანუ პროცესი დაწყებულია და ეს პროცესი გაგრძელდება ინდივიდუალური კონსულტაციების საფუძველზე. ჩვენ გვექნება პერსონალური კონსულტაციები საკრებულოს წევრებთან და ამის საფუძველზე გვჯერა, რომ „ქართული ოცნება“ საკრებულოებში საბოლოო ჯამში მოახერხებს სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას. ოპოზიციისთვის, რა თქმა უნდა, მტკივნეულია ის, რომ „ქართული ოცნება“ ახერხებს უმრავლესობის ფორმირებას, თუმცა ეს არის მათი პრობლემა, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.