რუსეთის კატეგორიული მოთხოვნა ნატოს: უკრაინასა და საქართველოს ბუქარესტის შეუსრულებელი დაპირებაც კი გაუუქმეთ... - კვირის პალიტრა

რუსეთის კატეგორიული მოთხოვნა ნატოს: უკრაინასა და საქართველოს ბუქარესტის შეუსრულებელი დაპირებაც კი გაუუქმეთ...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოსგან მოითხოვს იურიდიულად უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა.

2008 წლის ბუქარესტის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე ოფიციალურად იქნა გაცხადებული, რომ საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ალიანსის სრულუფლებიანი წევრები, როდესაც ეს ქვეყნები ამისთვის მზად იქნებოდნენ დემოკრატიისა და სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით.

მას შემდეგ 13 წელზე მეტმა გაიარა და ვერც საქართველომ და ვერც უკრაინამ ვერანაირად ვერ გადააბიჯეს ნატოს მიერ გამოღებულ კარებში, პირიქით 2008 წლის აგვისტოს ომმა და 2014 წლიდან უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ბრძოლებმა ჩვენი ქვეყნები პირიქით, რაღაცნაირად დააშორა კიდეც ნატოს ამ "ღია კარებს“.

დიდი ანალიზი არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ აგვისტოს ომი საქართველოს, ხოლო დონბასში დღემდე მიმდინარე ბრძოლები სწორედ რუსეთმა მოგვახვია ორივე ქვეყანას თავს, რომ რაც შეიძლება გაგვძნელებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიან წევრად გახდომა.

ამასთანავე ამ რუსულმა სამხედრო აგრესიებმა ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთში, ყირიმსა და დონბასში დააფიქრა ნატოს ხელმძღვანელობა და ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები, რომ პუტინი შეიძლება წასულიყო უფრო დიდ სამხედრო კონფრონტაციაზეც, რის შემდეგაც ნატო აღმოჩნდებოდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ-ალიანსის ახალი წევრების დასახმარებლად აემოქმედებინა თუ არა კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი, რაც ავტომატურად ნიშნავდა რუსეთთან ომის დაწყებას...

ბუქარესტის ნატოს სამიტის დაპირების 13 წლით "გაყინვის“ პოლიტიკამ ნატოს საშუალება მისცა ამ რთული სიტუაციიდან დროებითი გამოსავალი ეპოვა-არც უარს ეუბნებოდა თბილისსა და კიევს შეპირებულ წევრობაზე და მათ კიდევ იმედს უტოვებდა, მაგრამ ამასთანავე დროში განუსაზღვრად წელავდა ამ პროცესს, რითაც არც კრემლთან იფუჭებდა ბოლომდე საქმეს...

მაგრამ აი, ბუქარესტის დღემდე შეუსრულებელი დანაპირების დასასრულის დასაწყისიც დგება - უკვე თავად რუსეთი აქტიურდებს და კატეგორიულად მოითხოვს ნატოსგან ოფიციალურად გააუქმოს უკრაინასა და საქართველოსთვის მიცემული 13 წლის წინანდელი დანაპირები.

ვინ იცის შეიძლება ასეც სჯობდეს, რადგან ნატოს საბოლოოდ მოუწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება-ან ასრულებს თავისივე დანაპირებს, ალიანსის წევრებად იღებს უკრაინასა და საქართველოს და შესაბამისად მათ უსაფრთხოებაზეც პასუხისმგებელი ხდება ან მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ კრემლის კატეგორიულ მოთხოვნას დაჰყვა და უკან დაიხია...

ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის დღეს გარდამტეხი მომენტი დგება, რომ ყველა და მათ შორის თავის თავიც დაარწმუნოს, რომ მას ძალუძს წინ აღუდგეს კრემლის ბოროტებას, ისევე როგორც ამას პირველი ცივი ომის დროს აკეთებდა და კრახამდე მიიყვანა საბჭოთა იმპერია...