"იცით, რა განსხვავებაა ჩემსა და გიული ალასანიას შორის? - მე ერთხელაც არ მითქვამს, რომ ჩემს შვილს არაფერი დაუშავებია“ - კვირის პალიტრა

"იცით, რა განსხვავებაა ჩემსა და გიული ალასანიას შორის? - მე ერთხელაც არ მითქვამს, რომ ჩემს შვილს არაფერი დაუშავებია“

"ვცდილობ დავივიწყო ის წლები, მაგრამ ეს "მიშა არ იმსახურებს“, "მიშას აწამებენ“ სულ მახსენებს იმ დროს. კანონის წინაშე ყველა ერთია! ყოფილ პრეზიდენტს რა პირობებიც იქ აქვს, ისეთს მისი ფაშისტური რეჟიმის დროს ვერავინ ინატრებდა“

თათო ავალიშვილი 2003 წლიდან აქსესუა­რებს ამზადებს. იყენებს მაქმანს, ხავერდს, ტილოს, ჯვალოს, ძვირფას და ნახევ­რად ძვირფას ქვებს, საუცხოო და განსხვავებული სამკაულები გამოდის. ბოლო დროს სულ უფრო იშვიათად უჩნდება ახლის შექმნის სურვილი, რასაც თავისი მიზეზი აქვს...

- ექიმობაზე ვოცნებობდი, მაგრამ რაკი ქიმია არ მიყვარდა, ფილოლოგიურზე­ ჩავაბარე. ერთხანს სკოლაშიც ვიმუშავე, მერე დეკრეტში გავედი და სკოლაში აღარ დავბრუნებულვარ, რადგან მთელ დროს ვუთმობდი ბავშვს. ჰიპერაქტიური იყო, ვერავისთან ვტოვებდი.

მოდა ყოველთვის მაინტერესებდა და 90-იან წლებში კატალოგების მიხედვით საზღვარგარეთიდან გასაყიდად ვიწერდი ტანსაცმელს, მერე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაც გავხსენი, ბოლოს კი კონკურსი გავიარე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სესხის ოფიცრად დავიწყე მუშაობა­. მიყვარდა ჩემი საქმე და, ალბათ, ვერასდროს ვიფიქრებდი, ხელნაკეთ აქსესუარებს თუ შევქმნიდი, რომ არა ჯანმრთელობის მდგო­მარეობა - ჩიყვის ოპერაცია გავიკეთე.­ ოპერაციამდე იმდენად ცუდად ვიყავი, ვფიქრობდი, ოღონდ კარგად ვიყო და კისერზე­ ნაიარევს რა უჭირს-მეთქი, მაგრამ როგორც კი კარგად გავხდი, აღმოჩნდა, რომ კომპლექსი მქონდა. სულ ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა ისეთი, რომ დამემალა ნაწიბური. სამკაულები ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ რკინის შესაკრავი კანს მიღიზიანებდა და გადავწყვიტე თავად გამეკეთებინა ყელსაბამი, რომელიც მსუბუქიც იქნებოდა და არც რკინის შესაკრავი ექნებოდა. გამახსენდა, აბრეშუმის შარფები რომ მქონდა და პირველი სამკაულიც სწორედ ქსოვილისგან შევქმენი. სამსახურში­ რომ მივედი, თანამშრომელმა კომპლიმენტი­ მითხრა, რა ლამაზი ყელსაბამი გიკეთიაო. ჩემი გაკეთებულია­ და ვყიდი-მეთქი, გავეხუმრე. ჰოდა, გოგოებს უთხარი, რომ უკვე გაყიდ­ულია, მე ვიყიდეო. ამის შემდეგ დღისით სამსახურში­ ვმუშაობდი, შინ დაბრუნებული­ კი მინიმუმ 4 მძივს ვაწყობდი, იმდენი შეკვეთა მქონდა. ჩემმა მეუღლემ მირჩია, უკვე ბევრი­ ნამუშევარი დაგიგროვდა და გამოფენა გააკეთეო. თვითონაც ხელოვანი გახლდათ, მოქანდაკე იყო, არაჩვეულებრივად ხატავდა კიდეც. პირველი გამოფენა შარდენზე, 2004 წელს, ბუშის ჩამოსვლის დღეებს დაემთხვა. დიდი რეზონანსი ჰქონდა - მძივები, ჩანთები, ქუდები,­ - ყველაფერი გაიყიდა. მერე დავიწყე ბროშების­, შარფების, ბეჭდების, სამაჯურების კეთება. მიხაროდა, რომ უამრავ ქალს მოსწონდა ჩემი ნამუშევრები, გამოფენა-გაყიდვებს წელიწადში ოთხჯერ მაინც ვაწყობდი - სარვამარტოდ, საშობაოდ, სააღდგომოდ.

- ალბათ, ადრევე გეხერხებოდათ ხელსაქმე, ხატვა, კერვა...

- 18-19 წლისა რომ ვიყავი,­ აბაჟურებს ვაკეთებდი, კარგად ვქარგავ და ვქსოვ კიდეც, მაგრამ არ მიყვარს, არ მამშვიდებს და ამიტომ. არც ხატვა შემიძლია, არც კერვა. სწორი ნაჭერი რომ მჭირდებოდა, ჩემი ქმარი მეხმარებოდა. საკერავ მანქანას ვერც ვიყენებ, ხელით ვმუშაობ. ეს ძალიან შრომატევადია, მაგრამ დროს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. როდესაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, იმ პერიოდში გამოფენისთვის ვემზადებოდი. უამრავი სამკაული მქონდა მზად. მე არ მახსოვს და ჩემმა შვილებმა მითხრეს, საავადმყოფოდან რომ მოვსულვარ, ამომიღია ტომრიდან ეს ყველაფერი და პატარ-პატარა ნაჭრებად დამიჭრია. ორმოცის შემდეგ, გონს რომ მოვედი და მოვიკითხე, რაღაცები გაკეთებული­ ხომ მქონდა, სად არის-მეთქი, ყველაფერი დაჭერიო, მითხრეს. ამ ამბის შემდეგ ძალიან გამიჭირდა საქმის ძველებურად გაგრძელება, თუმცა პერიოდულად ახალ-ახალი ინტერესები მიჩნდება - შარშან თიხაზე ვმუშაობდი, გარდა ამისა, რამდენიმე ძველ ნივთს სახე შევუცვალე. მაგალითად, სანაგვედან წამოვიღე მაგიდა და აკრილის საღებავებით შევღებე. ისეთი ლამაზი გამოვიდა, ყველას მოსწონს. ხატვა არ ვიცი, მაგრამ ფერებს კარგად ვგრძნობ. ამას წინათ ერთმა ქალმა დამირეკა, თქვენი­ გაკეთებული ამეთვისტოს მძივი მაქვს და ახლა სამაჯური მინდაო. ისე მთხოვა, უარი ვერ ვუთხარი, მაგრამ მივხვდი, ამის გაკეთება აღარ მინდა. მძივის აწყობა დავიწყე და დღესაც დაუმთავრებელი დევს პარკში...

- ახალ-ახალი ინტერესები საკუთარი თავის შესაძლებლობების ძიებაა?

- 2005 წელს, როდესაც ჩემი შვილი­ დაიჭირეს, შემოქმედებითი პროცესი იყო გადარჩენის ერთადერთი გზა. ყველაზე მეტი სამკაული სწორედ მაშინ შევქმენი. დედა მარიამი რომ შედიოდა მასთან ციხეში, ირაკლი პირველად თურმე იმას ეკითხებოდა, დედა სამკაულებს აკეთებს თუ არაო? თუ ვაკეთებდი, ესე იგი, კარგად ვიყავი.

- ვიცი, რომ ძალიან რთულია თქვენთვის იმ პერიოდის გახსენება, მაგრამ რაკი სოციალურ ქსელშიც დაწერეთ, გკითხავთ, რა შეემთხვა თქვენს შვილს?

- ის პოსტი დავწერე იმ ადამიან­ებისთვის,­ ვისაც ჰგონია, რომ სააკაშვილის დროს არაფერი დაშავებიათ ადამიანებს და მოვნიშნე რამდენიმე ჩემს სანაცნობოში, დღესაც მისი გულმხურვალე მხარდამჭერები რომ არიან. ყველაფერი, რაც დავწერე, ჩემი ცხოვრების უმძიმეს დროს, ჩემი ოჯახის, ჩემი შვილისთვის უმძიმეს წლებს ეხება. მიშას რეჟიმის დროს იჯდა ჩემი შვილი (ახალაიას თვალში ამოღებული ჰყავდა და სხვადასხვა ციხეში დაარბენინებდნენ), უფრო სწორად, კი არ იჯდა, იდგა, რადგან კამერაში დასაჯდომი ადგილიც არ იყო, მონაცვლეობით სხდებოდნენ, დაწოლა კი ყოველ მესამე­ დღეს უწევდა. 5 თვე ორთაჭალაში ჰყავდათ. დღის განმავლობაში შერბოდნენ მიშასა და ახალაიების ზონდერები და ხელკეტებს ურტყამდნენ, ისე, პროფილაქტიკისთვის. ეს ხდებოდა ყოველდღე, დღეში რამდენიმეჯერ. ერთ-ერთი ცემის მერე ირაკლის ნეიროპათია დაემართა, ფეხზე ვეღარ დგებოდა. ვურეკავდი ნევროლოგს, ის კი მეუბნებოდა, რა წამლები უნდა მიეღო, მერე მე ვეუბნებოდი ჩემს შვილს, ის კი ციხის ექიმს. რის ვაი-ვაგლახით აძლევდნენ წამლებს. დიდი წვალებით გადავიყვანე ციხის საავადმყოფოში. 2 კვირის შემდეგ იქაც სცემეს, თან ხერხემალში ურტყეს. იხვეწებოდა, ხერხემალში ნუ მირტყამთო და ეს რომ გაუგონიათ, ზუსტად იქ უმიზნებდნენ. საჩივრის დაწერა უნდოდა, მაგრამ ადვოკატმა ძლივს გადაათქმევინა, უარეს დღეში ჩაგაგდებენო.

ირაკლიმ გააკეთა ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა; იკადრა ის, რაც არ უნდა ეკადრა. წლები დამჭირდა იმ აზრთან შესაგუებლად, რომ ეს ნამდვილად მან გააკეთა. სწორედ იმ დღეებში ირაკლის მეგობარი, ჩვენი მეგობრის შვილი გარდაიცვალა და სამძიმარზე რომ მივედი, მაშინ ვთქვი, როგორ შეიძლება ერთი დედა იჯდეს, მკვდარ შვილს ტიროდეს, მეორე კი ცოცხალს მარხავდეს-მეთქი. არავინ მოუკლავს, არავინ დაუჭრია, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, უარესი გააკეთა ბიჭმა, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი დაუშავებია. თუ აგვიანდებოდა, მირეკავდა და მაფრთხილებდა, დედა, 5 წუთით მაგვიანდებაო. მაშინ 19 წლის იყო, პატარა შვილი ჰყავდა, ადრევე მოიყვანა ცოლი... წერილებს ვწერდით ერთმანეთს და როდესაც დედა მარიამმა მეუფეს აჩვენა, უკითხავს, რა საინტერესოდ წერს, ვინ არის, მეცნიერიო? პატიმარიაო, უთქვამს დედა მარიამს. მართლაც ძალიან ნაკითხია ირაკლი. მაშინ უკვე კარგად იცოდა ინგლისური, ტექნიკური ინგლისურიც. ერთხელ, როდე­საც გაეროს წარმომადგენელი შესულა ციხეში, 3-4 წინადადების გადათარგმნის შემდეგ თვითონ დაუწყია თარგმანი. გაუკვირდა თურმე იმ კაცს, ასე კარგად სად ისწავლეო? პირველი 3 წლის განმავლობაში სულ ვიძახდი, დამნაშავეა და ეს სასჯელი ცოტაა­ მისთვის-მეთქი. ერთხელ მითხრა ჩემმა მეუღლემ, ისე ლაპარაკობ, თითქოს დედა კი არა, დედინაცვალი ხარო. რომ დავფიქრდი,­ შემრცხვა. მე მასზე უარი არასდროს­ მითქვამს და უარესიც რომ გააკეთოს, არც არასდროს ვიტყვი. ირა­კლიმ იცის, რასაც უნდა ვამბობდე, რომ დასჭირდეს, გულს დაუფიქრებლად ამოვიღებ მისთვის! ამიტომაც არასდროს უსაყვედურია ჩემთვის. ალბათ, მაინც სწყინდა ჩემგან ასეთი სიმკაცრე, მაგრამ თვითონაც ხომ იცოდა, რომ არ იყო მართალი. იცით, რა განსხვავებაა ჩემსა და გიული ალასანიას შორის? - მე ცხოვრებაში ერთხელაც არ მითქვამს, რომ ჩემს შვილს არაფერი დაუშავებია და ტყუილად იყო იქ. ვამბობდი, რომ დააშავა და პასუხი უნდა აგოს. ვინც ამას წაიკითხავს, ბევრი დამემოწმება. გირგვლიანის, ჟვანიას, კვინტრაძისა და უამრავი სხვა ადამიანის სისხლით ხელი არ ჰქონდა დასვრილი. არავინ მოუკლავს და მაინც ვამბობდი: დამნაშავეა, ღირსია, დაიმსახურა, მაგრამ იმ არაადამიანურ პირობებს, რაც მიშამ და მისმა ჯალათებმა შექმნეს, არც ერთი პატიმარი არ იმსახურებს. ყველას ზემოთ ღმერთია და ყველაფერს ხედავს!

- თვითონ თუ გეუბნებოდათ, რა ხდებოდა ციხეში და რისი გადატანა უწევდა?

- არასდროს იხსენებს იმ საშინელებებს. არასდროს არ დაუჩივლია, რომ ან მშიერი იყო, ან ურტყ­ამდნენ... ციხის ბუნტის შესახებ მისგან გავიგე, დილით დამირეკა და მითხრა, დედა, არ ინერვიულო, არაფერი მჭირსო. უბრალოდ, ღმერთმა გადმომხედა, რადგან იმ დროს "კრიტში" იყო გადაყვანილი და იქ შესვლა ვეღარ გაბედეს. მის ძველ კამერაში 7-8 ბიჭი ჩაცხრილეს, მათი დედები გაუბედურდნენ, მე გადავრჩი... ასე გამოვიდა... რვა წლის განმავლობაში ღამე ბალიშზე რომ ვდებდი თავს, ერთადერთ რამეს ვნატრობდი, იმ დღეს არ ეცემათ ხელკეტებით. არ მინახავს ცოცხების კადრები, არ მინახავს მიშას რეჟიმის ამსახველი არც ერთი კადრი, რადგან იმ დროს ჩემი შვილი იქ იყო და არ შემეძლო ნახვა... ირაკლიმ ბოლო წუთამდე მოიხადა სასჯელი - 8 წელი, 2012 წელს გამოვიდა ციხიდან. ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს, ჰყავს­ 19 წლის ქალიშვილი. აქ ჰქონდა ბიზნესი, სასტუმროებს ამუშავებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც წასვლა ამჯობინა.

ვცდილობ დავივიწყო ის წლები, მაგრამ ეს "მიშა არ იმსახურებს", "მიშას აწამებენ" სულ მახსენებს იმ დროს. კანონის წინაშე ყველა ერთია - ჩემი შვილიც და სხვაც. ციხისთვის ყველა ადამიანი ცოდვაა, მაგრამ ყოფილ პრეზიდენტს რა პირობებიც იქ აქვს, ისეთს მისი ფაშისტური რეჟიმის დროს ვერავინ ინატრებდა.

ნინო ჯავახიშვილი