"ეს კაცი მხოლოდ ქვეყანას არყევს და აფორიაქებს. პირადად ჩემ თვალწინ დაადო ხელი კონსტიტუციაზე და დაიფიცა, ისე ვიცხოვრებ, რომ ეს კონსტიტუცია არ დავარღვიოო და ამ დროს..."
მერაბ კოკოჩაშვილი - კინოხელოვანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის შექმნაში; ხელოვანი, რომლის აზრი მუდამ გასათვალისწინებელია თუნდაც იმის გამო, რომ არასოდეს დაუკარგავს საზოგადოებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების ღირებულებები: წონასწორობა, იმედი, მუდმივი აქტიურობა, შრომა... ამჯერად მას მიმდინარე მოვლენებსა და მათი სირთულიდან გამოსვლის შესაძლებლობებზე ვესაუბრებით:
- მრავალი ათეული წელია, რაც ჩვენთან ქაოსია... ასეთ დროს როგორ ახერხებთ იყოთ გაწონასწორებული და რაც მთავარია, საქმით დაკავებული? თქვენ ამჟამადაც ფილმს იღებთ.
- ამ ფილმის გადაღების სახსრებს 10 წელიწადს ველოდი. მთელი ამ დროის განმავლობაში ვარწმუნებდი ადამიანებს, რომლებზეც კინოს გადაღებაა დამოკიდებული, რომ ფილმი საჭიროა. ისინი მეუბნებოდნენ, რომ კინო ძვირი ხელოვნებაა და ქვეყანას არა აქვს ფუფუნება, მისთვის ფული გასცესო. მე კი ვამტკიცებდი, რომ ძალიან ცუდია, როცა ქვეყანა კინოსთვის და საზოგადოდ, ხელოვნებისათვის ფულს ვერ იმეტებს, რომ სწორედ ხელოვნება ეხმარება ხალხს იცხოვროს ჰარმონიულად, რის შედეგადაც ყალიბდება ცივილიზებული სახელმწიფო და არა ისეთი, ჩვენ რომ გვაქვს: შეუმდგარი და დეგრადაციისკენ მიმართული. გარდა ამისა, კინო ყველაზე ინტეგრირებული ხელოვნებაა, მასში თავს იყრის სხვადასხვა ხელოვნება, რაც შეგიძლია უმოკლეს დროში წარუდგინო მსოფლიოს, აჩვენო, თუ ვინ ხარ და რა შეგიძლია. ხელოვანი წინასწარ ხედავს მომავალს და ხატავს მისკენ სავალ სწორ გზას.
ფილმს აკა მორჩილაძის მოთხრობის მიხედვით ვიღებ. მასში აღწერილია, რა შეიძლება ჩაიდინონ ადამიანებმა ველური დაპირისპირების დროს, როდესაც ზღვარს გადადიან და არაადამიანებად იქცევიან. ხომ გეცნოთ ეს ყველაფერი? მაგრამ პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით ხელოვნება ცდილობს უფრო სწრაფად იპოვოს გზა, რომელიც ამ მდგომარეობიდან გამოსავალია. მათ შორის ასეა მორჩილაძის მოთხრობაშიც და ჩემს ფილმშიც.
რაც შეეხება იმას, როგორ ვახერხებ, რომ ვარ სულ დაკავებული - ნებისმიერი ცოცხალი არსება საკუთარი ინტერესების ხორცშესხმას ესწრაფვის. სწორედ ამ სწრაფვაშია წარმატების მარტივი ფილოსოფია: როდესაც პიროვნებას საზოგადოებასთან აქვს კულტურაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ეს საფუძველია იმისა, რომ ურთიერთობა იყოს ჰარმონიული. მაგრამ თუ საზოგადოებასთან ურთიერთობისას პიროვნება მხოლოდ საკუთარი სურვილების ახდენას შეეცდება, მას ჰარმონიული ცხოვრება არ უწერია. იგივეა ხელისუფლებისა და ხალხის ურთიერთობაშიც. ცივილიზებული სახელმწიფო მხოლოდ ისეთ ნიადაგზე ყალიბდება, სადაც ხელისუფლებასა და ხალხს შორის ჰარმონიული ურთიერთობაა. ამ ურთიერთობაში სახელმწიფო ხელმძღვანელობს იმ საუკუნეობრივი კულტურით, რომელიც ამავე სახელმწიფოს მიწაზე შეიქმნა. შესაბამისად, უცხო კულტურებიც საზოგადოებაში მხოლოდ საკუთარი კულტურის გათვალისწინებით ვრცელდება. ისევე, როგორც განათლებული კაცი გრძნობს, როდის უფრო სწორია მისი მოქმედება, განათლებული პოლიტიკოსებიც ასევე შეიგრძნობენ კულტურაზე დაფუძნებული ურთიერთობების აუცილებლობას. მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსების უმეტესობას განათლების არა გაეგება, რაც საზოგადოებასთან ჰარმონიულ ურთიერთობაში უშლის ხელს.
- სხვასთან ერთად, თქვენც არაერთხელ გამოგითქვამთ, რომ ქართველებს მკვეთრად ინდივიდუალისტური ხასიათი გვაქვს, რაც ასევე იწვევს მუდმივ დაპირისპირებას.
- დაპირისპირება, ბრძოლა აუცილებელია. სხვანაირად ვერაფერი მიიღწევა. მაგრამ დაპირისპირება ძალიან საშიშია მაშინ, როდესაც საზღვარს გადადის და ყველაფერს ანგრევს. სწორედ იმიტომაც არის საჭირო, რომ პოლიტიკოსებს შესაბამისი განათლება და კულტურა ჰქონდეთ, რათა ეს საზღვარი დაინახონ და არ გადალახონ. განათლებული უნდა იყოს საზოგადოებაც, რათა ყოველთვის გაითვალისწინოს, რომ პოლიტიკაში გაუნათლებელი და ზედაპირული ღირებულებების კაცი არ უნდა მოიყვანოს. მესმის, რომ ჩვენს სახელმწიფოს უცებ ვერავინ ააშენებს, დავით აღმაშენებლის კულტურაზე ორიენტირებულმა ქვეყანამაც ხომ მხოლოდ საუკუნის შემდეგ გააუქმებინა თამარს სიკვდილით დასჯა, რითაც კაცობრიობას უდიდესი ჰუმანური მაგალითი მისცა, მაგრამ განათლებულობა შექმნის საფუძველს, რომ მოვიდეს უკეთესი თაობა მმართველობაში და ეს ქვეყანა ააშენოს.
დიახ, ჩვენ ნამდვილად ვართ მკვეთრად ინდივიდუალისტები, მაგრამ დიდი განსხვავებაა იმაში, თუ რას მოიმოქმედებს რიგითი ქართველი და პოლიტიკოსი. მაგალითად, თუ გადაღებისას გაჯავრებული მსახიობი ეტყვის რეჟისორს, ურჩხული ხართო, არაფერი დაშავდება, მაგრამ თუ პოლიტიკოსი ეტყვის საკუთარ ხალხს, ურჩხული და უზნეო ხარო, ბევრი რამ დაშავდება. პოლიტიკოსი განათლებით უნდა ორიენტირებდეს, რისი თქმა სჭირდება მის ხალხს... საშიშია, როდესაც პოლიტიკოსებმა არ იციან, სად გადის დაპირისპირების ზღვარი, მაშინ თავადაც ინგრევიან და ქვეყანასაც ანგრევენ. დღეს სწორედ ასეთი მოვლენის წინაშე ვართ. ეს ზღვარია და უნდა შევჩერდეთ არაერთი მიზეზის გამო, თუნდაც იმის გამო, რომ მსგავსი დაპირისპირებულობა უარყოფით მოვლენებს აუცილებლად იწვევს. თუ გავიხსენებთ, როგორ ხდებოდა ერთ პირზე დამოკიდებული, ავტოკრატიული სახელმწიფოების ჩამოყალიბება, აღმოვაჩენთ, რომ ეს სახელმწიფოები სწორედ დემოკრატიის სახელით ჩამოყალიბდა. მაგალითად, რომის რესპუბლიკა, რომელსაც არჩეული მაგისტრატები მართავდნენ, შეცვალა რომის იმპერიამ. იგივე მოხდა საფრანგეთშიც, სადაც ნაპოლეონი რევოლუციასა და დემოკრატიულ იდეებს უჭერდა მხარს და იმპერატორად იქცა. არსებობს ფრთხილად ყოფნის სხვა, საბედისწერო მიზეზებიც. ნუთუ ჩვენი პოლიტიკოსები ვერ ხედავენ, როგორ გვართმევენ მიწებს, რა ხდება მსოფლიოში და ჩვენი ქვეყნის ირგვლივ? იცვლება გლობალური პოლიტიკა, დედამიწის იმ წერტილის ირგვლივ კი, რომელსაც შავი ზღვა ჰქვია, დაძაბული პროცესები ვითარდება და სულ მალე დატრიალდება ისეთი ექსტრემალური მოვლენები, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩვენც შეგვეხება. ასეთ მომენტში დრო იხარჯება ისეთ ადამიანზე, რომელიც პირადად ჩემთვის შეურაცხადია.
- ალბათ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს გულისხმობთ?
- დიახ, ვგულისხმობ იმას, ვინც აფორიაქებს ქვეყანას. ეს კაცი მხოლოდ ქვეყანას არყევს და აფორიაქებს. სულ ეს არის დღეს მისი მისია. ამ კაცმა პირადად ჩემ თვალწინ დაადო ხელი კონსტიტუციაზე და დაიფიცა, ისე ვიცხოვრებ, რომ ეს კონსტიტუცია არ დავარღვიოო და ამ დროს ქვეყანაში დაბრუნებით დაწყებული დღემდე ძალადობრივი მოწოდებებით სწორედ კონსტიტუციას არღვევს. ჩემთვის სრულიად მიუღებელია მისი მოწოდებები ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლაზე. მეტიც, მიუღებელია მისი, როგორც პიროვნების მორალი. როგორ შეიძლება ხელისუფლებაში მოვიყვანო კაცი, რომლის მეუღლემ, შვილების დედამ, არც კი იცოდა, რომ მისმა ქმარმა მეორე ცოლი შეირთო. არ მესმის, რას მომცემს ასეთი ადამიანის ხელისუფლებაში მოყვანა? ნუთუ იმას, რომ სხვებმაც მიჰბაძონ ასეთ მორალში? ყველგან, სადაც კი მიმოვიხედავთ, რეგრესია, მათ შორის მედიაშიც. მედია, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს არა მარტო ინფორმაციის გადმოცემაზე, არამედ მის გაანალიზებაზეც, ანალიზის ნაცვლად მშრალი და ხშირად დამახინჯებული ინფორმაციით ხლეჩს და ანაწევრებს საზოგადოებას და მაყურებელს საყოველთაო დაპირისპირებაში ითრევს, რაც არავის მოუტანს სიკეთეს, მათ შორის არც იმავე მედიას და პოლიტიკოსებს, რომელთაც ისედაც არ იციან, ქვეყანა როგორ მართონ.ვერ გამოდგა იოლი მმართველობის დალაგება. არადა, დრო არ ითმენს.
ხალხში არის წინსვლის ინიციატივა, რაც დასაყრდენს ეძებს. გარდა ამისა, ალბათ, ყველანი ვამჩნევთ, რომ კრიტიკულ მომენტში ჩვენი საზოგადოება სწორად განსჯის და ადეკვატურ გადაწყვეტილებასაც იღებს. ახლაც ასეა - საზოგადოება არ მიემხრო აზრს ხელისუფლების ძალადობრივად ცვლილების შესახებ და არ გავიდა ქუჩაში.
ჩვენში ნამდვილად არსებობს ფენომენი, რომელმაც უნდა გადაგვარჩინოს, რისთვისაც ჩვენი თაობის ცხოვრებასაც მოვიყვანდი მაგალითად. როდესაც მოსკოვში სწავლისას სულ 2 ოთახში გაჭირვებულად ვცხოვრობდით მე, ოთარ იოსელიანი, ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია, ბორის ანდრონიკაშვილი, იურა ქავთარაძე, ოთარ აბესაძე, ლანა ღოღობერიძე, ბაადურ წულაძე, მიშა კობახიძე, არც ერთს არ მოგვსვლია აზრად სამშობლოში დაბრუნებაზე უარი გვეთქვა. ეს მაშინ, როდესაც მოსკოვში გაცილებით უკეთ ვიქნებოდით მატერიალურად. შემდეგში სწორედ ამ ხალხმა შექმნა ქართული კინოფენომენი, რომლითაც მსოფლიომ გაგვიცნო. ასე რომ, ქართული კინოფენომენი შეიქმნა არა მარტო საბჭოთა ფულით, არამედ გულით, რომელიც საქართველოს ეკუთვნოდა... თამამად ვიტყვი და არა პათეტიკურად - სწორედაც ჩვენს ისტორიულ კულტურაზე დამყარებულმა ურთიერთობებმა მოგვიყვანა დღემდე. თუნდაც ჩვენი სიმღერა გვეუბნება, გაერთიანდითო. ქართულ სიმღერაში განსაცვიფრებელი მრავალხმიანობაა, სადაც დასაწყისში ყველა ხმა ცალ-ცალკე მიდის, მაგრამ ბოლოს ყველა ერთ ჰარმონიულ ნაწილად ერთდება და სიმღერაც სწორედ ამ დროს იქცევა შედევრად.
ასეთი შეერთების გარეშე ჩვენ სიმღერას კი არა, ისეთ კაკოფონიას მივიღებდით, როგორიც დღეს პოლიტიკაშია. პოლიტიკაშიც და საზოგადოებაშიც ჰარმონიული შედეგი მხოლოდ სხვისი მოსმენით, სხვასთან ჰარმონიული გაერთიანებით მიიღწევა. ამის გარეშე დავინგრევით. ბოლოს და ბოლოს, ქრისტიანობაც ხომ იმავეს ქადაგებს - გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. აი, ამ უძველეს და მარადიულ მორალზე დადის ყველაფერი, მათ შორის იმ ცივილიზებული ქვეყნის შექმნაც, რომელსაც ასე ველოდებოდით და ველოდებით.