"ქუჩაში სამხედრო ფორმით რომ გამივლია, ბევრჯერ გავუჩერებივარ გოგონებს, როგორ გავხდეთ თქვენნაირიო“ - კვირის პალიტრა

"ქუჩაში სამხედრო ფორმით რომ გამივლია, ბევრჯერ გავუჩერებივარ გოგონებს, როგორ გავხდეთ თქვენნაირიო“

"ისე მიყვარს ჩემი პროფესია, ის 5 წელი, როცა შინ ვიჯექი, ფორმას ჩამოვიღებდი და ვეფერებოდი, ისე მენატრებოდა მისი ჩაცმა“

"ამ პროფესიამ მასწავლა და აღმომაჩენინა ის, რომ შემიძლია ყველა სირთულეს შევეჭიდო, თუნდაც ომში ვიბრძოლო. აფხაზეთში შევეჩვიე საომარ სიტუაციებს... ალბათ, ამანაც განამტკიცა ჩემი ნებისყოფა. არაფერია, რამაც შეიძლება უცებ გამტეხოს და წამაქციოს. იმდენი სირთულე და ტკივილი მაქვს ნანახი, ჩემთვის არაფერია გადაულახავი... 20 წელი შესრულდა, რაც შეიარაღებულ ძალებში ვარ და ამით ვამაყობ", - გვეუბნება ვიცე-პოლკოვნიკი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენშტაბის უფროსის უფროსი თანაშემწე ანა ლუკავა, რომელიც ამავე დროს სამი შვილის დედა და სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარული ახალგაზრდა ქალია.

- აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის­ დაბა დრანდაში დავიბადე. ბაბუშერის საშუალო სკოლა 1989 წელს დავამთავრე.­ იმავე წელს ჩავაბარე ფილოლოგიურ ფაკ­ულტეტზე. არადა, მანამდე მუსიკით ვიყავი გატაცებული, მაგრამ კონსერვატორია თბილისში იყო, დედას არ უნდოდა ჩემი გამოშვება და ამის გამო გადავიფიქრე. ჩემი სტუდენტობის თანმდევი იყო ეროვნული მოძრაობა,­ აქციები, პატრიოტული სულისკვეთება... ძალიან კარგი ბავშვობა და სტუდენტობა მქონდა, სანამ ომი დაიწყებოდა და ბედისწერა თბილისში გადმოგვისროდა.­ პირველად 1991 წელს, გაგრის აღების შემდგომ დავტოვეთ აფხაზეთი - მე და ჩემი პატარა და დეიდასთან გამოგვიშვეს თბილ­ისში. იმხანად სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ვსწავლობდი, თსუ-ში­ გადმოვედი და როგორც მსმენელები ვესწრებოდით ლექციებს. აქ შევხვდი­ გაგრელებს, სოხუმელებს და გავაგრძელეთ ურთიერთობა. ჩემი კურსელი იყო ეკა ხოფერია, რეზო ესაძის ვაჟი მინდია და სხვები.

1993 წლის 19 აგვისტოს, როცა ცალმხრივი შეთანხმება დაიდო, დრანდაში დავბრუნდით, თუმცა ხანმოკლე აღმოჩნდა ჩვენი ბედნიერება. ერთ თვეში მე და ჩემი და ისევ თვითმფრინავით გამოვფრინდით. მახსოვს, საბარგულში ძლივს ჩაგვტიეს. იმ გოლგოთას - სვანეთის გზას ავცდით, მაგრამ­ იქ ბევრი ახლობელი დაგვეღუპა. მამა თადარიგის პოლიციელი იყო. ბევრი აფხაზი მეგობარი ჰყავდა და ვერ წარმოედგინა, ჩვენ შორის თუ რამე შეიძლებოდა მომხდარიყო. არც აპირებდა წამოსვლას, მაგრამ ბიძაშვილმა მოაკითხა და მამა ზუგდი­დამდე ფეხით ჩამოვიდა. დედა რამდენიმე დღით ადრე ბოლო გემით გამოვიდა აფხაზეთიდან. ჩხოროწყუშია ჩემი დედულეთი და დედ-მამა ცოტა ხანს იქ ცხოვრობდა. საბოლოოდ თბილისში შევიკრიბეთ ყველანი, დეიდას სამოთახიანში ვცხოვრობდით 10 სული... ეს არაფერი ყოფილა იმასთან, რაც შემდეგ დაგვემართა - 1996 წელს ჩემი ერთადერთი, 10 წლით უმცროსი და თბილისში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. შვილივით ვზრდიდი, უკვე მეგობრებიც რომ გავხდით, მაშინ წავიდა. ეს იმდენად დიდი ტრაგედია იყო, ამის მერე არასოდეს მიწუწუნია იმაზე, აფხაზეთში სახლ-კარი რომ დავკარგეთ... თბილისში მე-9 სართულზე ვცხოვრობდით და დედამ გადმოხტომა სცადა, ბიძაჩემს დაუჭერია. ეს ტრაგედია დღემდე დიდ ტკივილად რჩება. თუმცა მაინც დავდექით ფეხზე და გავაგრძელეთ ცხოვრება.

იმხანად უკვე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ვმუშაობდი. უნივერსიტეტის დამთავრებამდე, ჯერ დიპლომიც­ არ მქონდა აღებული, როცა ტელეკომპანია­ "იბერვიზიაში" დავიწყე მუშაობა სტილისტ-კორექტორად, პარალელურად "თამარიონში", შემდეგ გაზეთის რედაქციაშიც ვიმუშავე... მერე მამას, რომელიც იმ დროს აფხაზეთის სამთავრობო დაცვაში მუშაობდა, ვთხოვე, რამე სტაბილური სამსახური გამოეძებნა ჩემთვის. მალე იმავე სამთავრობო დაცვაში კადრების განყოფილებაში დავიწყე მუშაობა და იქვე მივიღე ოფიცრის წოდება. 2004 წელს გადმოვედი შეიარაღებულ ძალებში, რაც ჩემი მეუღლის დამსახურებაა. მომავალი მეუღლე გავიცანი საერთო საცხოვრებელში, სადაც დეიდასთან სამწლიანი ცხოვრების შემდეგ გადავედი.­ იქ დევნილებთან ერთად ცხოვრობდნენ რაიონიდან ჩამოსული სამხედროები. ჩემი მეუღლე ზაზა ერქვანია იმხანად სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი იყო. ზაზამ 20 წელი იმსახურა შეიარაღებული ძალების რიგებში, პირველი რანგის კაპიტანია და ამჟამად საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვაში მუშაობს. ზაზას ვთხოვე, იქნებ შენთან გადამიყვანო-მეთქი. იმ პერიოდში უკვე ორი შვილი გვყავდა. თავიდან უარი მითხრა, მერე აღმოჩნდა, რომ ის არ იქნებოდა­ ჩემი უფროსი და გადამიყვანეს შეიარაღებულ ძალებში. 2004 წელს, როცა ოქრუაშვილი მო­ვიდა მინისტ­რად, მთელი გენერალიტე­ტი გაათავისუფლა და ხელმძღვანელობა შეცვალა. მათ შორის მოხვდა ჩემი მეუღლეც. რამდენიმე თვეში მეც გამათავისუფლეს. 10 თვეს უმუშევრები ვიყავით. 2006 წელს სახმელეთო ჯარების სარდლობაში დავიწყე სამსახური...

ჩემი მეუღლე 2008 წელს ამერიკაში მიავლინეს სასწავლებლად. მეც მსურდა ერთი წლით წავსულიყავი და შვილებიც წამეყვანა. ეს აგვისტოს ომის შემდგომ მოხდა. უკვე წასვლის გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, ბილეთები დაჯავშნილი და ამ დროს დაიწყო­ აგვისტოს ომი... ქალები გორში არ წაგვიყვანეს, მაგრამ გენშტაბის შენობაში ყველანი ყაზარმულზე ვიყავით. 25 აგვისტოს დამითხოვეს და ბავშვებთან ერთად გავემგზავრე ამერიკაში, თუმცა თანამებრძოლების დაკარგვის გაუნელებელი ტკივილი არ განელებულა. ამერიკიდან დაბრუნებული, ისევ ჩემს სამსახურს უნდა დავუბრუნდებოდი, მაგრამ გამიჩნდა მესამე შვილი და... 5-წლიანი წყვეტის შემდეგ, 2013 წელს ისევ დავბრუნდი შეიარაღებულ ძალებში და მას შემდეგ აღარ გამიწყვეტია საქმიანობა. გასულ­ წელს ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მივიღე... ყოველი­ ჩემი დღე იწყება ლოცვით, მადლობას ვწირავ უფალს იმისთვის, რომ მყავს­ შესანიშნავი შვილები და მეუღლე, მაქვს კარგი პროფესია, მყავს ძვირფასი დედა, რომელმაც, ფაქტობრივად, მე მომიძღვნა მთელი ცხოვრება...

ვერ ვიტყვი, ჯარში სამსახურზე ვოცნებობდი-მეთქი. ხშირად მიფიქრია, მამის კვალს გავყოლოდი, მეც იურიდიულზე ჩამებარებინა და გიული აბულაძის მსგავსი გამომძიებელი ქალი გავმხდარიყავი. საბოლოოდ მოვხვდი შეიარაღებულ ძალებში, რაშიც მეუღლის წვლილიც იყო. ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, როცა ჩემმა მეთაურმა უთხრა ზაზას, შენს მეუღლეს მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს, აქ რომ განგაში იქნება, ყაზარმულები და მსგავსი სიტუაციები, ამას როგორ შეძლებსო? ჩემმა მეუღლემ უპასუხა, შეძლებსო!.. ისე მიყვარს ჩემი პროფესია, ის 5 წელი, როცა შინ ვიჯექი, ფორმას ჩამოვიღებდი და ვეფერებოდი, ისე მენატრებოდა მისი ჩაცმა.

6 თვეში 50 წლის გავხდები და პენსიაზე გასვლა მომიწევს. დღეებს ვითვლი, მინდა ეს დრო ნელა გავიდეს. მენატრება აფხაზეთი და ვიცი, ფორმაც მომენატრება... ჯერ ახალგაზრდა მგონია თავი, თანაც ორი სტუდენტი შვილი და 10 წლის ვაჟი მყავს და უქმად ვერ გავჩერდები. სამხედრო აკადემია არ დამიმთავრებია, ოფიცერი გადავედი ამ სტრუქტურაში. ბევრჯერ ვყოფილვარ წვრთნებზე, მაგრამ იმდენი არ გამივლია, რასაც ახლა გადიან ახალბედები. მართალია, რთულია, მაგრამ ვინც სერიოზულად ფიქრობს ამ პროფესიაზე, თავსაც გაართმევს (ქალებს ვგულისხმობ). ამ პროფესიაში გენდერული ბალანსი დაცულია, ქალების და მამაკაცების უფლებები გათანაბრებულია. ზოგი მამაკაცი ამბობს, ქალი და კაცი არ ვიცი, ჯარში ყველა ერთნი ვართო. არის კატეგორია, რომელსაც ეს წარმოუდგენლად მიაჩნია და ქალს სამხედრო სამსახურში არ აღიარებს. ერთმა ისიც მითხრა, ქმარი როგორ ითმენს, ქალი თვეობით ველზე გადის და ღამით კარავში სძინავსო. მან, ფაქტობრივად, ყველა სამხედრო ქალს შეურაცხყოფა მოგვაყენა. ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, ჩემს მეუღლეზე მაგარი ვაჟკაცი ხარ, ის რომ იტანს და თვითონვე მომიყვანა ამ სამსახურში-მეთქი? რას ვიზამთ, არიან სხვადასხვა კატეგორიის მამაკაცები... ამ პროფესიამ მასწავლა, რომ შემიძლია ყველა სირთულეს შევეჭიდო, თუნდაც ომში ვიბრძოლო. აფხაზეთიდან ვარ და იქ შევეჩვიე დაბომბვას, საომარ სიტუაციებს... ალბათ, ამანაც განამტკიცა ჩემი ნებისყოფა. არაფერია, რამაც შეიძლება უცებ გამტეხოს და წამაქციოს. იმდენი სირთულე და ტკივილი მაქვს ნანახი, ჩემთვის არაფერია გადაულახავი. 20 წელი შესრულდა, რაც შეიარაღებულ ძალ­ებში ვარ და ამით ვამაყობ. დღეს ბევრი ქალია შეიარაღებულ ძალებში და სამხედრო-სავალდებულო სამსახურშიც. ყოველთვის ვხედავდი ჩვენი პროფესიის პოპულარობას. ქუჩაში სამხედრო ფორმით რომ გამივლია, ბევრჯერ გავუჩერებივარ გოგონებს და უკითხავთ, როგორ გავხდეთ თქვენნაირიო.