"საქართველოს სამხედრო დახმარება უნდა გავუორმაგოთ... სანამ გვიან არ არის“ - კვირის პალიტრა

"საქართველოს სამხედრო დახმარება უნდა გავუორმაგოთ... სანამ გვიან არ არის“

ამერიკელი კონგრესმენები იმ რთულ რეალობაზე ლაპარაკობენ, რაც აქამდეც ნათელი გახლდათ - აშშ-ს შეუძლია პარტნიორ და ომებში თანამებრძოლ საქართველოსთვის ბევრად მეტი სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის აღმოჩენა...

დროში დაემთხვა, როდესაც ვიდეოსამიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აფრთხილებდა უკრაინაზე თავდასხმისგან ხელი აეღო, ვაშინგტონში ქართულ ოფიციალურ დელეგაციასთან შეხვედრისას ამერიკელმა კონგრესმენებმა ილაპარაკეს საქართველოსთვის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური დახმარების სასწრაფოდ გაზრდის აუცილებლობაზე.

ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა (რომელიც არაერთხელ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში და მეტ-ნაკლებად ერკვევა საქართველოს პრობლემებში) განაცხადა, რომ უკრაინაში რუსული საფრთხის გათვალისწინებით უნდა გაორმაგდეს სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა საქართველოსთვის. მეორე ამერიკელი კონგრესმენი დონ ბეკონი კი დარწმუნებულია, რომ "რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ არის საკმარისი. სანამ გვიან არ არის, საჭიროა ჩვენი პარტნიორების შეიარაღება, რათა შეჭრა რუსეთს ძვირად დავუსვათ".

კონგრესმენი, რა თქმა უნდა, აშშ-ის პრეზიდენტი არ არის და საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაგრამ თავად ფაქტია მნიშვნელოვანი - ამერიკელ კონგრესმენებში მომწიფდა აზრი, რომ მხოლოდ სანქციებითა და "შეშფოთება-აღშფოთებით" ვერ შეაჩერებენ პუტინის სტრატეგიულ ოცნება-სურვილს, ძალის გამოყენებით აღადგინოს არათუ საბჭოთა კავშირის, არამედ მეფის რუსეთის იმპერიის საზღვრები.

alada2-1639255617.jpg

პენტაგონის ასეთ კომპაქტურ და მობილურ რადიოლოკატორებს უკრაინელები დონბასში მეხუთე წელია იყენებენ და ისინი არც ქართველ არტილერისტებს აწყენდა ზუსტი კონტრსაბატარეო ცეცხლის საწარმოებლად...

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო დახმარების გაორმაგება კი არა, გაასმაგებაც არ იქნება რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ომში გამარჯვების გარანტია, მაგრამ სავარაუდო მოწინააღმდეგეს ეცოდინება, რომ სამხედრო აგრესიის დაწყების შემთხვევაში ის დიდ დანაკარგს მიიღებს, რამაც შეიძლება უარი ათქმევინოს აგრესიაზე.

თუმცა იმ რუსეთს ვინ გაუგებს, რომლის ხელისუფალნიც და მოსახლეობის დიდი ნაწილიც არ ითვლიან მსხვერპლის რაოდენობას, ოღონდ მათი დროშა ახალ დაპყრობილ ტერიტორიებზე აფრიალდეს.

ნატოს წევრი ქვეყნების და უპირველესად აშშ-ის პრეზიდენტის აქტიურობა კრემლის გასაფრთხილებლად, არ გაბედოს უკრაინაში უფრო ღრმად შეჭრა (ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და დონბასის ოკუპაცია ხომ ისედაც არის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის კლასიკური მაგალითი) ახალი და დროული ელემენტი გახლდათ, მაგრამ რამდენად ეფექტიანად იმოქმედა ამან, ჯერ უცნობია, რადგან რუსეთის არმიის კონცენტრირება უკრაინის საზღვრის სიახლოვეს კვლავ გრძელდება.

პუტინმა დაუფარავად თქვა ის, რასაც მანამდე დიდად არ ახმაურებდა და რის გამოც 2008 წელს საქართველოში შემოიჭრა - რუსეთი არ შეეგუება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას და უკრაინის ალიანსის წევრობას. კრემლის ეს კატეგორიული მოთხოვნა, წესით, სრულიად მიუღებელი უნდა იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის, რომელიც, თავის მხრივ, უფრთხის თავად რუსეთის დასავლეთით "წაჩოჩებას" - საქართველოსა და უკრაინის ნაწილობრივ "ჩაყლაპვის" შემდეგ ბელარუსის დაჩოქებას...

უკრაინისთვის დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის მიუხედავად, პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ ამერიკული არმიის დანაყოფების გადასროლა უკრაინის არმიის დასახმარებლად რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში არც განიხილება. წინასწარ იმის განცხადებამ, რომ ამერიკელ ჯარისკაცებს არ გაგზავნიან უკრაინის დასაცავად, შეიძლება გარკვეულწილად ხელ-ფეხი გაუხსნას პუტინს უფრო აგრესიული მოქმედებისთვის, მაგრამ ამერიკელებისაც გასაგებია - უკრაინისა და საქართველოს გამო არ აპირებენ რუსეთს პირდაპირ შეეჯახონ ბრძოლის ველზე, რაც მესამე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

ამიტომაც უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული უსაფრთხოების დასაცავად ამერიკას ნატოსთან ერთად რჩება რუსეთზე ზემოქმედების სამი გზა: პოლიტიკური ზეწოლა, ეკონომიკური სანქციები და სამხედრო-ტექნიკური დახმარების გაზრდა იმ ქვეყნებისთვის, რომელთა ტერიტორიებსაც კრემლში თვალი დაადგეს.

alada3-1639255087.jpg
ამერიკული "ჰამვის" ბაზაზე დამონტაჟებული "სტინგერებიანი" მანქანა "ავენჯერი" პირდაპირ მისწრება იქნებოდა ქართველი მეზენიტეებისთვის დაბალ სიმაღლეებზე მფრენი მოწინააღმდეგის მოიერიშე თვითმფრინავებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების დასაზიანებლად...

ამერიკული სამხედრო-ტექნიკური დახმარება საქართველოსა და უკრაინისთვის წლების განმავლობაში არ ითვალისწინებდა ლეტალური შეიარაღების მიწოდებას, რადგან პრეზიდენტები ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში-უმცროსი და ბარაქ ობამა უფრთხოდნენ, რომ საქართველოსა და უკრაინაში ამერიკული რაკეტებით რუსული ტანკების აფეთქება და თვითმფრინავების ჩამოგდება ძალზე გააღიზიანებდა მათ რუს კოლეგას და უფრო დაძაბავდა რუსეთთან ურთიერთობას.

სამაგიეროდ, დონალდ ტრამპმა გატეხა ნავსი და სწორედ მისი პრეზიდენტობისას გაბედა პენტაგონმა ქართული და უკრაინული არმიებისთვის მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინების" მოწოდება, რომლებიც რუსი ტანკისტების დიდი თავსატეხია.

"ჯაველინების" შემდეგ ქართული არმიის არსენალი ამერიკული მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და ავტომატური ყუმბარსატყორცნებითაც გამდიდრდა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ არ კმარა შეტევაზე გადმოსული რუსული არაერთი საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფის შესაკავებლად.

ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინების" გასაშვები დანადგარებისა და თავად მართვადი "ჭკვიანი" რაკეტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდის გარდა, ქართული არმია პენტაგონისგან დიდი სიამოვნებით "იჩუქებდა" ასევე გადასატან "სტინგერის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებსაც, ანუ ისეთ კომპაქტურ შეიარაღებას, რომელიც მაღალი მობილურობით გამოირჩევა და ეფექტიანად გამოიყენება ტოტალურ ომში. იმედია, აღარავის სჯერა, რომ შეტევაზე გადმოსულ რუსეთის არმიის გაშლილი ფრონტით შეკავებას შევძლებთ - სწორედ აგვისტოს ომში დაშვებული დიდი შეცდომების (რაც ჩვენ სამწუხაროდ ბოლომდე ვერ გამოვიყენეთ) გათვალისწინებით რუსეთმა შეიარაღებული ძალების საფუძვლიანი რეფორმირება და გადაიარაღება დაიწყო და დღევანდელი რუსეთის არმია (სირიის ომში მიღებული საბრძოლო გამოცდილების გათვალისწინებითაც) დიდად აღემატება აგვისტოს ომის დროს ცხინვალში შემოჭრილ წინამორბედს.

მომძლავრებული რუსეთი ცდილობს თამაშის თავისი წესები მოახვიოს თავს დასავლეთს, რაც ზოგჯერ გამოსდის კიდეც, რადგან კრემლში იციან, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ბოლომდე ეცდებიან თავი აარიდონ რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებას.

თუკი აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი არ მალავს, რომ უკრაინის დასახმარებლად ამერიკელ ჯარისკაცებს არ გაგზავნის, ამის იმედი საქართველოს მით უმეტეს არ უნდა ჰქონდეს, რადგან უკრაინა დასავლეთისთვის ბევრად მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა, ვიდრე ჩვენი ქვეყანა.

ამერიკული შეიარაღების გაორმაგებაც არ ნიშნავს რუსული სამხედრო საფრთხის სრულად მოგერიების გარანტიას და არავინ გამოგვიგზავნის ცოცხალ ძალას დასახმარებლად (მაგალითად, ისე როგორც ავღანეთში ამერიკელების, გერმანელებისა და ფრანგების სამხედრო ბაზებში ჩვენ სამხედროებს ვახმარდით). რჩება ერთი, მეტ-ნაკლები გამოსავალი - ისეთი პოლიტიკის გატარება, რაც რუსეთს არ მისცემს მცირე საბაბსაც კი, რომ ნატოზე გაბრაზებულმა ჯავრი საქართველოზე იყაროს, როგორც 13 წლის წინ...

"პოლიტიკური სიფრთხილით" მოქმედება სულაც არ ნიშნავს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების პროცესის შეჩერებას, მაგრამ ზედმეტი ყვირილიც და ქადილიც, რაც არ აკლდა აგვისტოს ომისწინა პერიოდს, კარგს არაფერს მოგვიტანს - უკრაინაზე აჯაგრულმა რუსეთმა, რომელიც დასავლეთმა მკაცრად გააფრთხილა, ამბიციები შეიძლება პატარა საქართველოზე გალაშქრებით დროებით დაიოკოს.

ამერიკული შეიარაღების ასათვისებლად ქართულ არმიას დრო დასჭირდება

თუკი აშშ მართლაც გააორმაგებს სხვადასხვა დანიშნულებისა და ტიპის ლეტალური შეიარაღების მოწოდებას, მათი საბრძოლო გამოყენების მზადყოფნისთვის ქართული არმიის პირად შემადგენლობას დრო დასჭირდება, თანაც ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით. ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინებისა" და საზენიტო "სტინგერების" საბრძოლო გამოყენების უნარ-ჩვევების ათვისება ძნელი არ არის, რადგან ორივე კომპლექსის "ჭკვიანი" რაკეტები მოქმედებენ "დაუმიზნე-გაისროლე-დაივიწყე-მოარტყი" პრინციპით - ანუ გასროლის შემდეგ ოპერატორის მართვა არ სჭირდებათ და თავად აკორექტირებენ მიზანში ზუსტად მოხვედრას.

ბევრად რთული შეიარაღების, მაგალითად, "აბრამსის" ტიპის ტანკებისა თუ "აპაჩის" ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენების გადმოცემა ქართული არმიისთვის ცოტა ძნელი წარმოსადგენია და მათ საბრძოლო ათვისებას წლები სჭირდება.უფრო პერსპექტიული იქნებოდა ხომალდსაწინააღმდეგო მობილური სარაკეტო დანადგარების გადმოცემა, რაც ჩვენი ქვეყნის საზღვაო კარიბჭეების - ფოთისა და ბათუმის პორტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, ასევე შეებრძოლებოდა მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტის გადმოსხმას ქართულ სანაპირო ზოლზე. ასევე კარგი იქნებოდა მცირეგაბარიტიანი მობილური რადიოლოკაციური სადგურებით მომარაგება, ისეთებით, რომლებიც ამერიკელებმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უკრაინის არმიას გადასცეს. ეს რადიოლოკატორები კონტრსაბატარეო-საარტილერიო ბრძოლისას ეფექტიანია, რადგან წამებში შეუძლიათ მოწინააღმდეგის საარტილერიო დანადგარების საცეცხლე პოზიციების ზუსტი კოორდინატების დადგენა.