"დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სავარაუდო სახიფათო სცენარების დამუშავება-გაანალიზება ხელისუფლებაში დაწყებულია, რათა ისევ არ აღმოვჩნდეთ ერეკლე მეორის მდგომარეობაში..." - კვირის პალიტრა

"დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სავარაუდო სახიფათო სცენარების დამუშავება-გაანალიზება ხელისუფლებაში დაწყებულია, რათა ისევ არ აღმოვჩნდეთ ერეკლე მეორის მდგომარეობაში..."

"დღეს შექმნილი ვითარება ძალიან სახიფათოა..."

საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთის განცხადებას, რომელსაც ლამის ულტიმატუმის კილო დაჰკრავდა ასე უპასუხა: "საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია "აუცილებლად მიიჩნევს ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები" გაუქმებას". თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლავროვის უწყებამ ეს პოზიცია ბაიდენ-პუტინის ვირტუალური შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოხატა საჯაროდ, ისმის კითხვა: ამ შეხვედრაზე მოხერხდა კი რეალური შეთანხმების მიღწევა? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

xuxashvili3.jpg

- თავიდანვე არ მქონია დიდი მოლოდინი იმისა, რომ შეთანხმებას მიაღწევდნენ. ამაზე მიუთითებდა ფორმატიც და შემდგომ ის მწირი ინფორმაცია, რაც შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდა. ეს იყო უფრო სამუშაო შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა ჩამოაყალიბეს თავიანთი წითელი ხაზები და მოქმედების გეგმა.

როდესაც დასავლეთისა და რუსეთის კონფლიქტზე ვლაპარაკობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვლაპარაკობთ არა მარტო გეოპოლიტიკურ, არამედ მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებაზე, სამყაროს აღქმის ორ სრულიად განსხვავებულ კონცეფციაზე. რუსეთი კვლავაც ხელმძღვანელობს მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი ე.წ. რეალპოლიტიკის პრინციპებით, როდესაც სამყარო იყოფა გავლენის სფეროებად და რა დროსაც ძლიერები თავისი ქოლგის ქვეშ მოიაზრებენ სუსტებს. შესაბამისად, სამყაროს გეოგრაფია ლაგდება ამგვარი პრინციპით - რაც უფრო ძლიერი ხარ, მით დიდ გეოგრაფიულ არეალს მოიცავს შენი გავლენა. დასავლური კონცეფცია კი ფასეულობათა არსებული სისტემიდან გამომდინარე, უფრო აგებულია, ასე ვთქვათ, სუსტის და ძლიერის უფლებრივ გათანაბრებაზე - ანუ სუსტი ხარ თუ ძლიერი, შენ გაქვს შენი სუვერენული უფლება იმისთვის, რომ აირჩიო შენი გზა. სწორედ აქ არის კონფლიქტი - რუსეთი არ აღიარებს, რომ საქართველოს და უკრაინას აქვთ სუვერენული უფლება თვითონ აირჩიონ განვითარების გზა და ის საერთაშორისო სისტემები, რომელთაც თავად მიიჩნევენ უკეთესად.

როდესაც კონფლიქტი ატარებს მსოფლმხედველობრივ ხასიათს, შეთანხმება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. რადგან ეს არის სამყაროს აღქმის ურთიერთგამომრიცხავი მიდგომები. ამიტომაც არის დღეს შექმნილი ვითარება ძალიან სახიფათო.

- უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალის არნახული მობილიზებაა. თავის მხრივ, დასავლეთი კატეგორიულად აცხადებს, რომ თუ რუსეთი წავა სამხედრო გამწვავებაზე, ის პასუხად მიიღებს ძალიან მძიმე სანქციებს, რუსულ მედიაში სულ უფრო ხშირად ისმის ლაპარაკი ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც... რამდენად ღრმად შეიძლება წავიდეს ეს პროცესი და ეს ყველაფერი როგორ უკავშირდება საქართველოს?

- შეიძლება ითქვას, რაც დღეს უკრაინასთან ხდება, პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან, უფრო სწორად, საქართველოც ამ პაკეტის ნაწილია, ანუ ორივე ქვეყანა დღეს დიდი გლობალური დაპირისპირების მონაწილეა. ის, რაც მოხდება უკრაინაში, დიდი ალბათობით მოხდება საქართველოშიც, მიუხედავად იმისა, რომ დღეს შესაძლოა ჩვენ ეპიცენტრში არა ვართ. არა მგონია, ეს ყველაფერი ცხელ ფაზაში უახლოეს მომავალში გადავიდეს. ბირთვულ დაპირისპირებაზე ლაპარაკიც მხოლოდ კუნთების თამაშის ნაწილი მგონია, თუმცა მაღალი ტემპერატურა, ალბათ, კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. რუსეთი შეეცდება სარფიანად ივაჭროს დასავლეთთან. მოკლედ, მიდის, ასე ვთქვათ, კონცეპტუალური ვაჭრობა, რაც, ჩემი აზრით, შედეგის მომტანი ვერ იქნება. ჩვენ ვიქნებით პერმანენტული კრიზისის ფაზაში, რეალურად საფრთხე დიდი იქნება, ორივე მხარე შეეცდება თავისი ხაზი გაატაროს.

- ამ ვითარებაში რუსეთი აშკარად ცდილობს სულ უფრო აქტუალური გახადოს ე.წ. "3+3" პლატფორმა. 10 დეკემბერს, მოსკოვში გაიმართა შეხვედრა რუსეთს, თურქეთს, ირანს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ კონფიგურაციაში მონაწილეობას არ აპირებს და არც ამ შეხვედრაზე ყოფილა წარმოდგენილი, მას მაინც "3+3"- ის სახელით მოიხსენებენ...

- ჩვენი საუბრის კონტექსტში სწორად ახსენეთ ეს თემა... საქართველოს წინააღმდეგ რუსეთს აქვს სხვა კოზირებიც. ერთ-ერთი არის ეს ფორმატიც, რაც ქმნის დამატებით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, საქართველომ უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე, მაგრამ დიდ თამაშში, რომელშიც დიდი მოთამაშეები მონაწილეობენ, ზოგჯერ ჩნდება ისეთი წინადადებები, რაზეც უარის თქმა არც ისე მარტივია. ჩვენ შესაძლოა აღმოვჩნდეთ ისეთ მძიმე ვითარებაში, როდესაც დაგვრჩება არჩევანი ცუდსა და უარესს შორის; სიტუაციაში, როდესაც შესაძლოა ასეთი ალტერნატივის წინაშე დავდგეთ - ან ამ ერთობაში შესვლა, რაც ნიშნავს სამი დიდი ქვეყნის, ირანის, თურქეთისა და რუსეთის გავ­ლენაში ყოფნას, ან რუსეთმა გვაიძულოს "ტრაქტატ 2"-ზე ხელმოწერა.

ყველა დეტალზე, თუ როგორ შეიძლება ამ სცენარების გათამაშება, ახლა ვერ ვილაპარაკებ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სავარაუდო სახიფათო სცენარების დამუშავება-გაანალიზება ხელისუფლებაში დაწყებულია, რათა ისევ არ აღმოვჩნდეთ ერეკლე მეორის მდგომარეობაში...

სამწუხაროდ, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან მოწყვლადია ასეთი მძიმე ტიპის თამაშებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული გვაქვს დასავლური ვექტორი და სწრაფვა ევროატლანტიკური სივრცისკენ, უნდა გვესმოდეს, რომ დასავლეთი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული კატეგორია. ეს არის ფასეულობებზე დაფუძნებული სისტემა. ჩვენი ხელისუფლება, სამწუხაროდ, ისე იქცევა, რომ თითქოს მისი გეოგრაფიული არჩევანი დასავლეთია, მაგრამ რეალურად, მმართველობითი სისტემის გათვალისწინებით, მისი არჩევანი უფრო მეტად რუსეთია - ავტორიტარიზმისკენ გადახრილ მმართველობას ვგულისხმობ. დასავლეთს აქვს საქართველოში თავისი ინტერესები, მაგრამ ეს ქვეყანა მისთვის დარჩება უცხო სხეულად, სანამ ის მმართველობითი მოდელი არ იქნება მიღებული ჩვენთანაც, რომელიც შეესაბამება დასავლურ ფასეულობათა სისტემას.

- არაერთხელ გვისაუბრია საქართველოში რუსული პროპაგანდის მასშტაბის ზრდაზე, რაც უფრო სახიფათო ხდება იმის გათვალისწინებით, როგორც იქცევა რუსეთი. ის, ფაქტობრივად, შეტევაზე გადმოდის... ასეთ ვითარებაში რა ახსნა აქვს ხელისუფლების უმოქმედობას, როდესაც არათუ არ ხდება ამ პროპაგანდის შეზღუდვა, არამედ ახალი საშუალებებიც კი ჩნდება კრემლის მავნებლური გზავნილების გასავრცელებლად?

- ეს საკმაოდ მარტივად ასახსნელია - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ერთადერთი ინტერესი აქვს - ძალაუფლების შენარჩუნება. ეს ხელისუფლება რეალურად არც პროდასავლურია და არც პრორუსული. თუ გადავხედავთ ბოლო წლების საარჩევნო პოლიტიკას, ვნახავთ, რომ სახელისუფლებო ძალა სათავისოდ კარგად იყენებდა სწორედ იმ ულტრარადიკალურ, ულტრანაციონალისტურ და ანტილიბერალური შინაარსის გზავნილებს საზოგადოების იმ ნაწილის მისამხრობად, რომელზეც რუსული პროპაგანდაც მუშაობს - ანუ ამ შემთხვევაში ემთხვეოდა ხელისუფლებისა და რუსული პროპაგანდის გზავნილები ერთმანეთს. შესაბამისად, როგორ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლებამ იზრუნოს ამის შეზღუდვაზე?

ხომ გახსოვთ კამპანია "გარეჯი საქართველოა"? ეს ხომ რეალურად მხოლოდ საარჩევნო მანიპულაციისთვის შემოტანილი თემა იყო, რომლითაც ცდილობდნენ საკუთარი თავი ეკლესიის, რელიგიის დამცველად შეეთავაზებინათ საზოგადოებისთვის, რაც პირდაპირ ემთხვევა რუსული პროპაგანდის შინაარსს. ამ შემთხვევაში ხელისუფლება და ღარიბაშვილი თვითონ იყვნენ, უკაცრავად და, "ალტინფო". მათი ყალბი ულტრაპატრიოტული წინასაარჩევნო კამპანია ულტრაკონსერვატიზმში გადადიოდა. თუ გავიხსენებთ ღარიბაშვილის განცხადებებს წინასაარჩევნოდ, არაფრით განსხვავდებოდა რუსული პროპაგანდის აქაური რუპორების განცხადებებისგან.

გასაგებია, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის რწმენის ან რუსული ვექტორის კი არა, პოლიტტექნოლოგიური საკითხი იყო, მაგრამ რიგ შემთხვევაში ამის გამიჯვნა ძალიან რთულია. ამგვარი განწყობების დათესვით, ერთგვარი ოლქოკრატიის დაწესებით, ადვილია საზოგადოების მართვა. ოლქოკრატია არის ბრბოს ძალაუფლება, ვითარება, როდესაც ცდილობ, რომ ადამიანს გაუთიშო გონება და დაუსახო ირაციონალური საფრთხე, მიმართო მისი განწყობა ამ საფრთხისკენ და ყველა პრობლემა ქვეყანაში დააბრალო მას, რაც ოდნავადაც არ არის ახლოს რეალობასთან. როდესაც ხელისუფლება ასეთ სიბნელეს კვებას, ამას აკეთებს წმინდა პოლიტიკური მიზნით, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ პარალელურად რომ რუსულ პროპაგანდას აძლიერებს და აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, ამაზე არავინ ფიქრობს.

ეს პრობლემა გაცილებით ღრმაა, ეს განწყობები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ინერგებოდა, მერკანტილური მიზნისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ამით იხეირა რუსეთმა, რადგან ჩვენი საზოგადოების ნაწილი დაავადდა ამ პროპაგანდით. ყველას არ ჰყოფნის განათლება იმისთვის, რომ გაარჩიოს ამ ყველაფერში ფარსი და რეალობა.

- ის, რომ რუსეთს ქვეყანაში პოლარიზება, არეულობა და საზოგადოების კიდევ უფრო დანაწევრება აწყობს, სადავო არ არის. ამ კონტექსტში მსურს განვიხილოთ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაც. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ექსპრეზიდენტი კრემლზე მუშაობს, მაგრამ შესაძლებელია სააკაშვილი ირიბად წაეხალისებინათ რუსულ სპეცსამსახურებსაც?

- არა მარტო რუსულ სპეცსამსახურებს. ვფიქრობ, სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება და ამით მანიპულირება შეეძლო როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე უკრაინულ ოლიგარქიასაც. სააკაშვილი არის ფიგურა, რომელსაც შეიძლება უბიძგო და ათამაშო ის თამაში, რაც სამივე მხარეს აწყობს. თუ დღეის მდგომარეობით შევაფასებთ სააკაშვილის ჩამოსვლის შედეგებს, ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის და იმავე ოპოზიციისთვის უარყოფითია. წარმოიდგინეთ, ორი თვის განმავლობაში რა აბსურდში ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომელსაც ჰქონდა და კვლავაც აქვს უზარმაზარი პრობლემები, ვიღვიძებდით და ვიძინებდით სააკაშვილით, რაც კომფორტული იყო ხელისუფლებისთვის, რომელსაც ძალიან ბევრ პრობლემაზე პასუხები არა აქვს და ურჩევნია იქილიკოს სააკაშვილზე... საბოლოოდ ნახეთ, სადამდე დავედით, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა არის სააკაშვილის გათავისუფლება, არ ჩამოსულიყო და არ იქნებოდა ამის მოთხოვნა საჭირო. პოლიტიკური პროცესიც მეტად სტაბილური იქნებოდა. რეალურ სახელმწიფოებრივ პრობლემებზე აპელირებით, ვფიქრობ, ოპოზიციასაც უკეთესი შედეგი ექნებოდა. იმდენი ენერგია დაიხარჯა ჯერ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხებზე, ახლა მის გათავისუფლებაზე ლაპარაკით... პოლიტიკური დღის წესრიგი ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებს, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად 50, 60 და მეტი ადამიანი გვეღუპება "კოვიდით". ამ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არაფერი ღირს?!სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო, ვფიქრობ, სულ სხვა პოლიტიკური ვითარება გვექნებოდა და ხელისუფლებაც ვერ იქნებოდა ასეთი გაჯეჯილებული. არ ვამბობ, რომ სააკაშვილმა ეს შეგნებულად გააკეთა. მას ეს შეიძლება "შეუსრულეს"... იქ უკრაინელ ოლიგარქებს სურდათ მისი თავიდან მოცილება, აქ "ქართული ოცნებისთვის" აღარ იყო საკმარისი სააკაშვილი შორს და აქ იმის ძახილი, მგელი მოდისო, და, რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ ამაში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობასაც. მთავარია, სამივეს ინტერესი დაემთხვა ერთმანეთს და სააკაშვილი ისევ გახდა ამ მანიპულირებული ვითარების ინსტრუმენტი არა როგორც ლიდერი, როგორც ვიღაცას სურს წარმოგვიდგინოს, არამედ ინსტრუმენტი, რომლითაც დაზარალდა ოპოზიცია და ქართველი საზოგადოება, რომელმაც ვერ მიიღო ის არჩევანი, რა განწყობებიც არის ქვეყანაში.

- ბოლო ხანს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ბევრს ლაპარაკობენ, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ამ მოტივით ის უკრაინაში ან პოლონეთში გადაიყვანონ? როგორც ბუბა კიკაბიძემ განაცხადა, ექსპრეზიდენტის მიღების სურვილი თითქოს პოლონეთმაც გამოთქვა...

- ხელისუფლებას სააკაშვილთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმა არა აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილის ფაქტორი არის წმინდა პოლიტიკური საკითხი, ამ ეტაპზე "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ შექმნილი ვითარება მათთვის მომგებიანია. თუ რაღაც მომენტში სააკაშვილი უფრო მეტ თავსატეხად იქცა, შეიძლება იფიქრონ კიდეც ქვეყნიდან მის გაყვანაზე. ეს როდის მოხდება, დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზეც, მათ შორის ოპოზიციის ადეკვატურობაზე. პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება, მაგრამ პროცესის განვითარების ორივე ვარიანტი დევს პოლიტიკურ დახლზე.

- ჯანდაცვის მინისტრობიდან გადადგა ეკატერინე ტიკარაძე. არაოფიციალური ინფორმაციით, ამის მიზეზი მისი და ღარიბაშვილის დაპირისპირება გახდა. რამდენად შესაძლებელია, რომ პრემიერს დამოუკიდებლად მიეღო ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული ადამიანის მთავრობიდან გასტუმრების გადაწყვეტილება?

- ეს ყველაფერი მეფის კარზე ინტრიგების შედეგია. მეფისთვის პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე მხოლოდ პაიკებია განლაგებული, მათი შეწირვა კი მისთვის პრობლემა არ არის. ივანიშვილი შესაძლოა ამ ეტაპზე ღარიბაშვილს უქმნის ილუზიას, რომ გადაწყვეტილება მან მიიღო, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ცოტა ხანში ეს გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ გამოიყენოს. რეალურად მთავარი პრობლემა ისაა, საერთოდ რატომ დაინიშნა ტიკარაძე მინისტრად? დღევანდელი მმართველობითი სისტემა მანკიერია, შესაბამისად, საკადრო პოლიტიკაც მანკიერია. პოლიტიკურ თანამდებობაზე ხვდებიან არა პროფესიონალიზმის, გამოცდილებისა და რეპუტაციის გათვალისწინებით, არამედ პირადი ნდობისა და გემოვნების მიხედვით. ღარიბაშვილი ის კაცი არ არის, რომელმაც ერთ დღეს ივერიის გაბრწყინების გეგმა წარმოგვიდგინა, სამ დღეში კი ყურებჩამოყრილმა მოგვახსენა, გადავდექიო. როგორ შეიძლება გვქონდეს ილუზია, რომ ეს კაცი თავად გადაწყვეტდა მოეხსნა ივანიშვილთან დაახლოებული პირი?!

- დასასრულ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე მინდა გკითხოთ... მისი თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად ინკლუზიური პროცესის წამოწყებას აპირებს და შეეცდება ამაში მთელი საზოგადოება ჩართოს.

- ჩემი აზრით, ეს სრულიად ყალბი წამოწყებაა. საზოგადოებაში ასეთი პროცესის წამოწყება და შერიგება შესაძლებელია მხოლოდ რეჟიმის მმართველობის დასრულებისთანავე, სისტემის მიერ დანაშაულის აღიარების, მისთვის პოლიტიკური განაჩენის გამოტანის, მონანიების, დაზარალებული საზოგადოებისგან პატიების და ამ ყველაფრის შემდეგ ფართო ამნისტიის გამოცხადების საფუძველზე, თან ისე, რომ დანაშაულებრივი სისტემის მონაწილე პირები მინიმუმ ერთი საარჩევნო ციკლით ჩამოშორდნენ საჯარო სამსახურს. დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც ხელისუფლება, პრაქტიკულად, სრული სამართალმემკვიდრე გახდა წინამორბედი მანკიერი სისტემის იმ ნაწილისა, რომელიც მას ლოიალურად შეხვდა. ჩვენ ახლა უკვე ვსაუბრობთ სხვადასხვა დროს ერთი დანაშაულის მონაწილე ორი სუბიექტის შერიგებაზე. თუ შერიგდებიან, უფრო გაიზრდება პოლიტიკურ ელიტასა და ხალხს შორის უფსკრული. რეალურად ხომ ხალხის შერიგებაზე უნდა ვლაპარაკობდეთ და არა პოლიტიკური ელიტების გარიგებაზე. მიშამ და ბიძინამ ერთმანეთს ხელი რომც ჩამოართვან, ამით ჩვენთვის არაფერი შეიცვლება, რადგან სისტემური თვალსაზრისით ორივე დამნაშავეა, თანაც სალომე ზურაბიშვილის გამაერთიანებელ ფიგურად აღქმაც შეუძლებელია. ვფიქრობ, მან ეს მშვენივრად იცის, უბრალოდ, დასავლეთის დასანახავად იღებს შემრიგებლის პოზას.