რას ჰყვება ჩვენებაში მძღოლი, რომელმაც სააკაშვილი საქართველოში შემოაპარა - კვირის პალიტრა

რას ჰყვება ჩვენებაში მძღოლი, რომელმაც სააკაშვილი საქართველოში შემოაპარა

"გამოვიარე პორტის გამოსასვლელი, სადაც შეამოწმეს სატვირთო, თუმცა კაბინაში არავინ შემოსულა და არც უნახავთ. პორტიდან გამოსვლის შემდეგ დავიძარი გაფორმების ეკონომიკური ზონისკენ, სადაც ჩემს ტვირთს უნდა გაევლო შესაბამისი პროცედურები. მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ მას ფოთში მოაკითხავდნენ, თუმცა, ვინ, არ უთქვამს... როგორც აღმოჩნდა, არ მოაკითხა არავინ..."

პროკურატურამ წინა ხელისუფლების შს მინის­ტრ ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის, გიორგი­ ლორთქიფანიძის სისხლისსამართლებრივი­ დევნა დაიწყო, მას მიხეილ სააკაშვილის საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებას ედავება. საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის­ განცხადებით, სწორედ ლორთქიფანიძემ შეიმუშავა გეგმა და მარშრუტი, თუ როგორ შემოსულიყო ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი. პროკურორის თქმით, გიორგი ლორთქიფანიძე 2021 წლის აპრილში ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას შეხვდა და გარკვეული დახმარების სანაცვლოდ დაიყოლია, რომ მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაეყვანა. პროკურორმა ისიც განმარტა, რომ ლორთქიფანიძე კიდევ ერთ საქმეზეა ბრალდებული - მას ედავებიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას 26 მაისის გახმაურებულ საქმეზე. ლორთქიფანიძეს სხვა ბრალდებულებთან ერთად დაუსწრებლად ასამართლებენ, რადგან ის წლებია უკრაინაში ცხოვრობს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ლორთქიფანიძის წინააღმდეგ მტკიცებულებები პროკურატურას აქვს და უკვე გასაჯაროვდა კიდეც საუბრის აუდიოჩანაწერები - უკრაინაში მყოფი გია ლორთქიფანიძე ქართველ მძღოლს კოდური სიტყვებით ესაუბრება. ხმოვანი შეტყობინება, სავარაუდოდ ელგუჯა ცომაიას, ტელეფონიდან ამოიღეს. ლორთქიფანიძე ცომაიასთან ნაცნობობას არ უარყოფს, თუმცა გამორიცხავს დანაშაულთან კავშირს. მისი ადვოკატები ელგუჯა ცომაიას მამხილებელ ჩვენებას მისთვის საპროცესო შეთანხმების დაპირებით ხსნიან, პროკურატურის მტკიცებით კი ლორთქიფანიძე ელგუჯა ცომაიას მითითებებს აძლევს... სავარაუდოდ, ერთ-ერთი მტკიცებულება ლორთქიფანიძის წინააღმდეგ იქნება ცომაიას ჩვენება. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ სააკაშვილის ადვოკატებმა, რომლებიც ასევე იცავდნენ ამ საქმეზე ბრალდებულ ელგუჯა ცომაიასა და მამა-შვილ წოწორიებს, ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ მათ აღარ დაიცავენ. ამჟამად ცომაიას ინტერესებს ადვოკატი რაულ გამისონია იცავს, მაგრამ ის ჯერჯერობით საქმის დეტალებზე არ საუბრობს.

misha4-1639299809.jpg

"კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა ელგუჯა ცომაიას ჩვენებები (სტილი დაცულია):

ჩვენების პირველ ნაწილში ცომაია ჰყვება, თუ როგორ გაიცნო გია ლორთქიფანიძე - ცომაიას თქმით, თავის დროზე ლორთქიფანიძეს დახმარება სთხოვა უკრაინაში დაკავებული ცოლისძმის გათავისუფლებასა და მევალეებისგან ფულის ამოღებაში, რომლებიც ასევე უკრაინაში იმყოფებოდნენ.

"...2021 წლის აპრილში, როდესაც ვიყავი კიევში, "ვოთსაფის" მეშვეობით დამიკავშირდა გია ლორთქიფანიძე და მთხოვა შეხვედრა. შევხვდი იმავე დღესვე სავაჭრო ბაზაში... მკითხა, შემეძლო თუ არა ჩემი სატვირთოთი საქართველოში ჩამეყვანა მიხეილ სააკაშვილი. დავეთანხმე. ამ საუბრის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. შემდეგ კიდევ ერთხელ მომიწია უკრაინაში ჩასვლამ, თუმცა მაშინ გია არ მინახავს... აგვისტოში გარდამეცვალა მეუღლე... ჩემი მეუღლის 40-ის შემდეგ "ვოთსაფით" დამიკავშირდა გია ლორთქიფანიძე და მითხრა, პირველივე გემს გავყოლოდი უკრაინაში ჩემი სატვირთო ავტომობილით, რათა მიხეილ სააკაშვილი წამეყვანა საქართველოში. როგორც მახსოვს, 19 ან 20 სექტემბერს ფოთის პორტის გავ­ლით წავედი უკრაინაში.­ აქვე განგიმარტავთ,­ ამ სატვირთო ავტომობილით იმიტომ წავედი, რომ მას ჰქონდა­ სპეციალური ნებართვა, რომლის თანა­ხმადაც, უფლებამოსილი ვიყავი საქართველოდან უკრაინაში და პირიქით, გადამეტანა ტვირთი. გარდა ამისა, ეს ავტომობილი იყო უფრო გამართული, ჰქონდა დამატებითი მოსათავსებელი ადგილი კაბინაში. თუკი ჩვეულებრივ სატვირთო ავტომობილებს მოსასვენებელი ადგილი აქვს მძღოლის სავარძლის უკან, ამას დამატებით ადგილი აქვს საჭის ზემოთ, წინა მხარეს, ანუ მძღოლის თავზე. საქართველოდან უკრაინაში ტრაილერით წავედი ტვირთის გარეშე, რადგან სრულიად მოულოდნელად გია ლორთქიფანიძის დარეკვის შემდეგ მომიწია წასვლამ.

გემი შევიდა ოდესის (ჩერნომორსკის) ნავსადგურში (პორტში). რაც შეეხება უკანა გზას, უკრაინიდან უნდა წამომეღო რძის პროდუქტები, მათ შორის მაწონი და არაჟანი. უკრაინიდან გემი, სახელად "ვილნიუსი", რომელსაც მე ჩემი სატვირთოთი უნდა გამოვყოლოდი და რომლის ბილეთიც უკვე აღებული მქონდა, განრიგის თანახმად ჩერნომორსკის პორტიდან უნდა გამოსულიყო 2021 წლის 27 სექტემბერს, დღის პირველ საათზე. ჩემი სატვირთო რძის პროდუქტებით დავტვირთე ნაწილი ხარკოვში, ნაწილი ნიკოლაევში. ხარკოვში ყოფნის დროს მე დავუკავშირდი გია ლორთქიფანიძეს და ვუთხარი, რომ ვიმყოფებოდი უკრაინაში და უკვე ვტვირთავდი სატვირთოს. ამის შემდეგ ტვირთის ნაწილი ავიღე ნიკოლაევში და ამის შემდეგ დავიძარი ჩერნომორსკის პორტისკენ. როდესაც უკვე ჩავედი ოდესაში, "ვოთსაფით" დავუკავშირდი გიას და ვაცნობე, რომ ჩემი გემი, რომლის ბილეთიც უკვე აღებული მქონდა, განრიგში ცვლილების გამო გადიოდა 27 სექტემბრის ნაცვლად 26 სექტემბრის საღამოს საათებში. აღნიშნულზე ლორთქიფანიძემ მითხრა, რომ ჩემამდე მისი მძღოლი იურა მოიყვანდა მიხეილ სააკაშვილს. ჩერნომორსკის პორტიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარეობს ბენზინგასამართი სადგური "ვოკი", სადაც მძღოლმა იურამ შავი ფერის "ტოიოტას" მარკის ავტომანქანით მოიყვანა 26 სექტემბრის საღამოსვე. მას თან არ ახლდა გია ლორთქიფანიძე. მიხეილ სააკაშვილი შემოვიდა ჩემი სატვირთო ავტომობილის კაბინაში და მოთავსდა საჭის თავზე განთავსებულ მოსასვენებელ ადგილას. ამ გზით, ისე, რომ უკრაინის მესაზღვრეებს არ უნახავთ მიხეილ სააკაშვილი, გავიარე საბაჟო კონტროლი ჩერნომორსკის პორტში და უკრაინელი მებაჟეების მიერ დალუქული სატვირთო მისაბმელით ავედი გემ "ვილნიუსზე". ამ დროს მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ჩემი სატვირთოს კაბინის წინა მხარეს მდებარე მოსასვენებელში. გემზე ყოფნის პერიოდში მისაბმელს მოვხსენი უკანა მარჯვენა კარის ჩამკეტთან არსებული ე.წ. ბოლტი ქანჩის გამოყენებით, რათა ლუქის დაზიანების გარეშე გამეხსნა უკანა კარი და საქართველოში ფოთის პორტში შემოსვლის დროს მისაბმელში შიგნით შემეყვანა სააკაშვილი. გემზე ასვლის შემდეგ მე და მიხეილ სააკაშვილი ჩამოვედით სატვირთოდან და ავედით გემის კაიუტაში, სადაც ვიყავით მხოლოდ ჩვენ. გემზე სააკაშვილს ვინმესთან რაიმე სახის კონტაქტი არ ჰქონია. როგორც მახსოვს, თან ჰქონდა რამდენიმე მობილური ტელეფონი და ასევე იყენებდა ჩემს კუთვნილ მობილურსაც. 2021 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათისთვის, გემი "ვილნიუსი" მოადგა საქართველოს ნაპირებს, კერძოდ, ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიას. გემიდან ჩამოსვლამდე გავხსენი მისაბმელის კარი ლუქის დაზიანების გარეშე და მისაბმელში შევუშვი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თან შეიტანა თავისი ტელეფონებიც. გემიდან ჩამოვიყვანე სატვირთო, რომელიც შეამოწმა ქართ­ველმა მებაჟემ, რომელსაც არ ვიცნობ და დაადო ქართული ლუქი. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ჩემი სატვირთოთი დავიძარი პორტის გამოსასვლელისკენ. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა სატვირთოს მისაბმელში. ვინაიდან ჩემი ტვირთი საჭიროებდა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სპეციალურ შემოწმებას და მეც იქით გამიშვა შესაბამისმა სამსახურმა, შემეშინდა, ვინმეს არ ეპოვა და ამიტომ პირველ გამშვებ პუნქტსა და პორტიდან გასასვლელს შორის გავაჩერე ჩემი სატვირთო, მოვხსენი უკვე სპეციალურად გემზე დამუშავებული ჭანჭიკი, ე.წ. ბოლტი და ლუქის დაუზიანებლად გავაღე უკანა მარჯვენა კარი. მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა მისაბმელიდან, სადაც იმყოფებოდა რამდენიმე წუთით და შემოვიდა სატვირთოს კაბინაში. იქ უკვე დაიმალა საჭის თავზე მდებარე მოსასვენებელში. გამოვიარე პორტის გამოსასვლელი, სადაც შეამოწმეს სატვირთო, თუმცა კაბინაში არავინ შემოსულა და არც უნახავთ. პორტიდან გამოსვლის შემდეგ დავიძარი გაფორმების ეკონომიკური ზონისკენ, სადაც ჩემს ტვირთს უნდა გაევლო შესაბამისი პროცედურები. მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ მას ფოთში მოაკითხავდნენ, თუმცა, ვინ, არ უთქვამს... როგორც აღმოჩნდა, არ მოაკითხა არავინ... მე დავურეკე ჩემს ნაცნობს ზურაბ წოწორიას და ვთხოვე, რომ მჭირდებოდა ავტომანქანა, რომლითაც შევძლებდი აბაშაში ჩემს სახლში წასვლას.

misha2-1639299809.jpg

ზურაბ წოწორიამ მითხრა, რომ ვერ მათხოვებდა მანქანას, თუმცა თვითონ წამიყვანდა. 29 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათისთვის, გეზ-ის შესასვლელთან, სადაც ჩემი სატვირთო იდგა, მოვიდა ზურაბ წოწორია თავისი "მერსედესით", თან ახლდა შვილი, შალვა წოწორია. სატვირთოს კაბინასთან მოაყენეს მანქანა, რა დროსაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა კაბინაში მდებარე მოსასვენებლიდან და ჩაჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელში მძღოლის მხარეს. მე ჩემი სატვირთო დავაყენე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში და შემდეგ დავბრუნდი ამ მანქანასთან, ჩავჯექი სააკაშვილის გვერდით, ხოლო წინ ჩასხდნენ შალვა და ზურაბ წოწორიები. წავედით სოფელ ტყვირში, ჩემს სახლში. აბაშაში ჩასვლამდე გავჩერდით ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა­ წყლის ყიდვა. მას ვუყიდე წყალი და გავაგრძელეთ გზა სოფლისკენ. მივედით სახლში, ავედით მეორე სართულზე და პირველ საძინებელ ოთახში განვათავსე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც თან ჰქონდა რამდენიმე მობილური ტელეფონი და პატარა შავი ფერის ჩემოდანი. რამდენიმე წუთით ჩავედი პირველ სართულზე და როდესაც უკან ამოვბრუნდი, ვნახე, რომ ზურაბ წოწორია იმყოფებოდა ჩემი სახლის მეორე სართულზე და ესაუბრებოდა მიხეილ სააკაშვილს. ამ დროს როგორც მე, ისევე მიხეილ სააკაშვილმა ვთხოვეთ ზურაბ წოწორიას, რომ არავისთვის ეთქვა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნის შესახებ, მათ შორის არც ტელეფონით. ამ დროს შესაძლოა იქ ყოფილიყო შალვა წოწორიაც, რაც ზუსტად არ მახსენდება. ზურაბ და შალვა წოწორიები წავიდნენ თავიანთ სახლში, ხოლო მე და მიხეილ სააკაშვილმა დავისვენეთ რამდენიმე საათით. დილით, ადრიანადვე, მე დავუკავშირდი ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ მძღოლს გიორგი ნარიმანიძეს, რომელსაც ვუთხარი, რომ ფოთში გეზ-ში მყავდა გაჩერებული ჩემი სატვირთო და მას უნდა გაევლო შემოწმება­. ვთხოვე ჩემს ნაცვლად იგი წასულიყო ფოთში, გაევლო შემოწმება და შემდეგ სატვირთო წაეყვანა თბილისის გეზ-ში, სადაც მეორე შემოწმება უნდა გაევლო. გიორგი ნარიმანიძემ შეასრულა ჩემი თხოვნა. მე და მიხეილ სააკაშვილი ჩემი კუთვნილი "ფორდ ტრანზიტის" მიკროავტობუსით სააკაშვილის თხოვნით წავედით ბათუმში 29 სექტემბრის შუადღის საათებში. ჩვენ გავჩერდით ბათუმის შესასვლელში მდებარე საბაგიროსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა ჩემი მიკროავტობუსიდან და რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა. მიკროავტობუსში ჩაჯდომის შემდეგ იგი თავის მობილურში ათვალიერებდა გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც მიმართავდა ქართველ ხალხს. აღნიშნულის შემდეგ მთხოვა, რომ წავსულიყავი ბულვარის ტერიტორიისკენ, სადაც მისვლის შემდეგ კვლავ ჩამოვიდა მიკროავტობუსიდან, გაიარა ფეხით და ისევ რამდენიმე წუთში დაბრუნდა.

ბათუმში ჩვენ ვიმყოფებოდით დაახლოებით ერთი საათი და წამოვედით თბილისის მიმართულებით, სადაც გზაზე შეკვეთილის მიმდებარედ გაგვაჩერა პატრულმა და მომცა გაფრთხილება უკანა ფარის გაუმართაობის გამო. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი იჯდა ჩემს გვერდით, თავზე ეხურა კეპი და ეკეთა სათვალე და პირბადე. პატრულის თანამშრომელმა გაფრთხილების დაწერის შემდეგ დამრთო წასვლის ნება და მეც წამოვედი. აქვე დავაზუსტებ, სანამ წავიდოდით ბათუმში, მე დავუკავშირდი გიორგი ნარიმანიძეს და ვუთხარი, რომ ჩემი სატვირთო უნდა წაეყვანა ფოთიდან თბილისში, თუმცა როცა მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა ბათუმში წაყვანა, მე კვლავ დავურეკე გიორგი ნარიმანიძეს და ვთხოვე დამლოდებოდა აბაშაში ბენზინგასამართ სადგურთან. ასევე ბათუმიდან წამოსვლის შემდეგ, როცა შეკვეთილის მიმდებარედ ჩვენ გაგვაჩერა პატრულმა და მიხეილ სააკაშვილს შეეშინდა, ვინაიდან არსებობდა საფრთხე, რომ კვლავ ვინმეს გავეჩერებინეთ თბილისამდე და ეცნოთ, ამიტომ მე ისევ დავუკავშირდი გიორგი ნარიმანიძეს, რომელიც იცდიდა აბაშაში და ვუთხარი, რომ პირადი საქმე გამომიჩნდა და რომ კიდევ უნდა დამლოდებოდა. მე და მიხეილ სააკაშვილმა გადავწყვიტეთ, რომ უსაფრთხოების მიზნით უმჯობესი იქნებოდა თბილისამდე წავსულიყავით არა ჩემი მიკროავტობუსით, არამედ სატვირთო ავტომობილით. ავედით კვლავ აბაშაში, სადაც იცდიდა გიორგი ნარიმანიძე. მიხეილ სააკაშვილი ჩემი სატვირთოს კაბინის წინა მხარეს არსებულ მოსასვენებელში შევაპარე ისე, რომ ნარიმანიძეს არ დაუნახავს ეს ფაქტი, მიკროავტობუსი იქვე გავაჩერე, საჭესთან მე დავჯექი და წავედით თბილისის მიმართულებით. გზაში, დაახლოებით ზესტაფონის მიმდებარედ, მიხეილ სააკაშვილმა მოსასვენებლიდან დაიძახა, რომ საჭმელი უნდოდა. ჩვენ გავჩერდით ზესტაფონში ერთ-ერთ სახაჭაპურესთან, სადაც მე და გიორგი ჩამოვედით სატვირთოდან და ჩვენი ქვევით ყოფნის პერიოდში მიხეილ სააკაშვილიც ჩამოვიდა მოსასვენებლიდან უშუალოდ კაბინაში, სადაც მე შევაწოდე ორჯერ ჩაი და ასევე ხაჭაპური. სწორედ მაშინ დაინახა გიორგიმ. ამის შემდეგ სააკაშვილი კვლავ ავიდა კაბინაში არსებულ მოსასვენებელ სივრცეში და ჩვენ ჩავსხედით კაბინაში და გავაგრძელეთ გზა თბილისის მიმართულებით. ამის შემდეგ ხაშურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილმა მოსასვენებელი სივრციდან წამიკითხა შეტყობინება, რომ ის უნდა წამოსულიყო ჩემთან, თბილისის ბინაში, რადგან ვერც თბილისში ახერხებდნენ მის დახვედრას. დაახლოებით ნატახტრის მიმდებარედ ჩამოვიდა მოსასვენებლიდან და დაჯდა კაბინაში სავარძელზე, სადაც ის და გიორგი ნარიმანიძე კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს უშუალოდ. ამის შემდეგ ჩვენ სატვირთო გავაჩერეთ მცხეთის მიმდებარედ და სამივემ დავიკმაყოფილეთ ფიზიოლოგიური მოთხოვნილება. კიდევ ერთხელ მცხეთის მიმდებარედ­ გავაჩერეთ, სადაც გადაიღო ვიდეო და ფოტო და რამდენიმე წუთში გავაგრძელეთ გზა. მივედით ერწოს ქუჩაზე, ჩემს ბინაში, საჭესთან იჯდა გიორგი. მე და მიხეილ სააკაშვილი ჩამოვედით სატვირთოდან და შევედით ბინაში. გიორგი ნარიმანიძე სატვირთოთი წავიდა თბილისის გეზ-ში. მიხეილ სააკაშვილი ჩემს ბინაში იმყოფებოდა 2021 წლის 01 ოქტომბრამდე".

misha-1639299809.jpg

ელგუჯა ცომაია 17 ნოემბერს მიცემულ ჩვენებაში გამომძიებელს ეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სანაცვლოდ არანაირი მატერიალური სარგებელი არ მიუღია.

"არც ყოფილა საუბარი რამე მატერიალურ სარგებელზე. ერთადერთი თხოვნა იყო ის, რომ ლორთქიფანიძე დამხმარებოდა ჩემი მოვალეებისგან ფულის ამოღებაში", - ამბობს ცომაია და კითხვას, გია ლორთქიფანიძემ გაგაცნოთ თუ არა სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის გეგმა, კერძოდ, შემოყვანის შემდეგ, სად უნდა წაგეყვანათ, რაში უნდა დახმარებოდით მას, ბრალდებული ასე პასუხობს: "მას ჩემთვის არ უთქვამს თუ ვინ დახვდებოდა საქართველოში, სად დაბინავდებოდა, ვისთან ერთად გადაადგილდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და რისი მეშვეობით. ამის თაობაზე ლორთქიფანიძის განმარტებით, იცოდა სააკაშვილმა. მე გია ლორთქიფანიძეს შევპირდი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას ანუ საზღვარზე შემოყვანას. საქართველოში, როდესაც მიხეილ სააკაშვილს არავინ დახვდა, ქუჩაში ვერ მივატოვებდი და შევთავაზე წავიყვანდი აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ჩემს სახლში, რასაც დათანხმდა. ამავდროულად, მეშინოდა, რომ გეზ-ში შეყვანის შემთხვევაში სკანერის მეშვეობით აღმოაჩენდნენ მიხეილ სააკაშვილს ჩემს ავტომობილში... არ ვიცი ვინ უნდა დახვედროდა და საერთოდ უნდა დახვედროდა თუ არა", - ამბობს ცომაია და დასძენს, რომ შეუძლია ლორთქიფანიძის ამოცნობა.

დაკითხვის დროს გამოძიება დაინტერესდა იმითაც, იცოდა თუ არა ცომაიამ პორტში სათვალთვალო კამერების განლაგება და როდესაც ფოთის პორტის ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილი გადმოსვა მისაბმელიდან კაბინაში, რატომ შეარჩია მაინც და მაინც აღნიშნული ადგილი? ხომ არსებობდა საშიშროება, რომ მისი მოქმედება გამოჩენილიყო კამერებში?

ამ კითხვებს ცომაია ასე პასუხობს: "ფოთის პორტის ტერიტორიაზე კამერების არსებობის შესახებ ვიცოდი, თუმცა არ ვიცოდი ზუსტად სად რომელი კამერა იყო განთავსებული და მუშაობდა თუ არა ისინი. მე მიხეილ სააკაშვილი ფოთის პორტში კონკრეტულად იმ ადგილას იმიტომ ჩამოვსვი, რომ საავტომობილო გზაზე სინათლე იყო გათიშული და ვიფიქრე, სიბნელეში არ გამოჩნდებოდა მისაბმელიდან კაბინაში გადაყვანის ფაქტი. ერთადერთი ადგილი იყო სწორედ ეს ადგილი, სადაც შეიძლებოდა მალულად მიხეილ სააკაშვილის კაბინაში გადაყვანა".

გამოძIიების კითხვა: "თქვენს ტელეფონში ნანახი იქნა ტელეფონის ნომერი, რომელიც ჩაწერილია სახელით „თჩ“ და რომელსაც 2021 წლის 29 სექტემბერს აქვს მოწერილი: "როგორ ხარ ბრატ". ვინ არის აღნიშნული პიროვნება და საიდან იცნობთ მას, რასთან დაკავშირებით გეკითხებათ, ხომ არ იყო ჩართული მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გადმოყვანის საქმეში?"

ცომაიას პასუხი: "ჩემთვის უცნობია ტელეფონში ჩაწერილი „თჩ“-ს შესახებ. არც ის ვიცი, თუ როდის და ვინ მოიწერა ჩემს ნომერზე ზემოაღნიშნული ტექსტი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ტელეფონი ხელმისაწვდომი იყო მიხეილ სააკაშვილისთვის და შესაძლოა მასთან ჰქონდათ კონტაქტი ჩემი ტელეფონის მეშვეობით".

გამოძიების კითხვა: "პორტის ტერიტორიაზე სულ გაჩერდით სამჯერ. რა იყო აღნიშნულის მიზეზი და როდის დაურეკეთ უშუალოდ წოწორიებს?"

ცომაიას პასუხი: "როგორც მახსოვს, პორტის ტერიტორიაზე გავჩერდი სამჯერ და ამის მიზეზი იყო ის, რომ ვეძებდი ხელსაყრელ ადგილს იმისთვის, რომ მისა­ბმელიდან კაბინაში მალულად და შეუმჩნევლად გადამეყვანა მიხეილ სააკაშვილი. წოწორიებს დავუკავშირდი მაშინ, როდესაც მებაჟეებმა მითხრეს, რომ მანქანა უნდა შემეყვანა სანიტარიულ შემოწმებაზე. შესაძლებელია წოწორიებს მანამდეც დავუკავშირდი, თუმცა არა იმ საკითხზე, რომ ავტომანქანა ეთხოვებინათ. ზუსტად არ მახსოვს, რა საკითხზე ვესაუბრე, თუმცა შესაძლებელია ვკითხე, მუშაობდა თუ არა იმ დღეს".

გამოძიIების კითხვა: "თქვენ კავშირი გაქვთ 2021 წლის 27-დან 29 სექტემბრამდე­ დროის პერიოდში თქვენს მობილურში არსებულ ერთ-ერთ კონტაქტთან Levan Gia. იგი გწერთ: "მირეკავდი? ზარი შემოდის შენგან, მშვიდობაა?". თქვენ პასუხობთ: "Gemze vart kaiutashi. Ok" შემდეგ Levan Gia გიგზავნით ხმოვან შეტყობინებას:„"ბრატ, ეს ჩემს ახლობელს მოასმენინე რა, ვიდეოს როცა ჩაწერთ გადააგზავნეთ მ1-დან ტბ-1-ზე, ტბ-1 არის უკვე საბოლოო ადრესატთან, რომ გააგზავნით, მერე გათიშეთ ტელეფონი, რომ გადაიღებთ ვიდეოს, მაშინვე გადააგზავნეთ, რომ არ ჩანდეს მერე საბოლოო ადგილი. მ2 უკვე ჩართულია და კავშირზე იქნება ტბ-2-თან, თუ რამე დაგჭირდებათ, იმ შემთხვევაში, თუ არადა, საერთოდ გქონდეთ ყველაფერი გათიშული, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად მიდის კონტროლი. მისამართს, სადაც საბოლოოდ დაბინავდებით, მეგობარი მეტყვის 2-ში, მანამდე საჭირო არ არის. ამიტომ მისამართს წინასწარ არ იმას ვიზამ, აბა თქვენ იცით".“

თქვენ პასუხობთ: „Whatsupze kontaqti sashishia". ის გწერთ: "საკონტაქტოც აღარაფერია, მთავარია, მშვიდობა იყოს".“

გამოძიების კითხვა: "შედგა თუ არა აღნიშნული მიმოწერა თქვენსა და გია ლორთქიფანიძეს შორის და რას/ვის ნიშნავს მ1, მ2, ტბ1, ტბ2...ცომაიას პასუხი: "შეტყობინებები - "მირეკავდი?", "ზარი შემოდის შენგან", "მშვიდობაა?" - რასაც მე ვპასუხობ: „Gemze. Vart kaiutashi. Ok“ არის ჩემსა და გია ლორთქიფანიძეს შორის მიმოწერა. რაც შეეხება ხმოვან შეტყობინებას და შესაბამის პასუხს, მე არ მომისმენია აღნიშნული ხმოვანი შეტყობინება და შესაბამისად პასუხიც არ გამიცია. შესაძლებელია აღნიშნული კომუნიკაცია ჩემი მობილურის საშუალებით შემდგარიყო მიხეილ სააკაშვილსა და გია ლორთქიფანიძეს შორის, ვინაიდან ჩემი ტელეფონი მიხეილ სააკაშვილისთვის ხელმისაწვდომი იყო. ჩემთვის უცნობია რას/ვის ნიშნავს მ1, მ2, ტბ1, ტბ2.

ანზორ ნარიმანიძის ჩვენებიდან

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პატიმრობაში იმყოფება ასევე მძღოლი, რომელიც ცომაიას ტრაილერზე იჯდა და რომელმაც თბილისამდე ჩამოიყვანა სააკაშვილი. ბრალდებული ანზორ ნარიმანიძე იხსენებს როგორ დადგა ფაქტის წინაშე და როგორ აღმოაჩინა მანქანაში სააკაშვილი.

"დაახლოებით სამი წელია ვმუშაობ მძღოლად კომპანია შპს "იკა ტრანსში"... 2021 წლის 29 ივლისს გამთენიისას დამირეკა ელგუჯა ცომაიამ და მითხრა, რომ უკრაინიდან ჩამოტანილი ჰქონდა პროდუქცია და სატვირთო ა/მანქანის მაცივარს ჰქონდა პრობლემა, კერძოდ ზეთს აქცევდა და უნდოდა ყურადღება, ვინაიდან უჭირდა მაცივრის მოტორს დაქოქვა, სურვილი ჰქონდა მანქანა ჩამომეყვანა ფოთის გეზიდან თბილისში არსებულ გეზამდე. მანქანის გასაღები განთავსებული იყო მანქანის სალონში. მე დავთანხმდი თხოვნას და კასპიდან დაახლოებით 13:00 საათისთვის ჩავედი ფოთის ეკონომიკურ გეზში... გავაფორმე საბუთები და ტრაილერი გამოვიყვანე ფოთის გეზიდან. აღნიშნულის შემდეგ დამიკავშირდა ელგუჯა ცომაია და მთხოვა დავლოდებოდი თავისი სოფლის ტყვირის გადასახვევთან არსებულ ბენზინგასამართ სადგურთან, რაზეც დავთანხმდი... იგი არ დამხვდა და მას ველოდე დაახლოებით ორი-სამი საათი. რომ მოვიდა, მაშინ ვაკეთებდი მაცივრის ძრავს და ვიყავი სულ ზეთში დასვრილი. არ მახსოვს, რა ტრანსპორტით მოვიდა, რადგან იყო ღამე, ბნელოდა და არ დამინახავს. სწორედ ამ დროს შევამჩნიე, რომ ტრაილერის კაბინაში სწრაფად ავიდა ჩემთვის გაურკვეველი პიროვნება, მე ხელის მოძრაობით ვანიშნე ელგუჯას თუ ვინ იყო სალონში ასული პირი. მან არ მიპასუხა და ხელი აიქნია. როდესაც მოვრჩი სატრანსპორტო საშუალების შეკეთებას, მე და ელგუჯა წავედით თბილისის მიმართულებით. მე დავჯექი საჭესთან, ელგუჯა ცომაია დაჯდა გვერდით, ხოლო ის პიროვნება, რომელიც ავიდა კაბინაში, იმყოფებოდა ტრაილერის კაბინის მოსასვენებელი განყოფილების ზედა საწოლზე, მე იმ პერიოდში პირადად არ მინახავს ვინ იყო. გზაში მე და ელგუჯა ვენაცვლებოდით ერთმანეთს, თან ვსაუბრობდით, თანამგზავრს ხმა არ ამოუღია. როდესაც შევედით ზესტაფონში, იქნებოდა დაახლოებით 23:00 საათი, ჩვენმა თანამგზავრმა რაღაც დაიძახა. ელგუჯამ მითხრა გამეჩერებინა მანქანა ერთ-ერთ სახაჭაპურესთან, მე და ელგუჯამ შევიძინეთ ხაჭაპურები, ყავა და ჩაი, ავედით მანქანის სალონში, რა დროსაც შევნიშნე, რომ საძინებელი განყოფილებიდან ჩამოვიდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მე უცებ დავიბენი, თუმცა მივესალმე და თვითონაც მომესალმა. ელგუჯა ცომაიამ მიაწოდა ხაჭაპური და თუ არ ვცდები ჩაი, რის შემდეგაც ის ავიდა ისევ საძინებელ განყოფილებაში. ჩვენ გავაგრძელეთ გზა. ძალიან დაბნეული ვიყავი, რა გამეკეთებინა არ ვიცოდი, საერთოდ ვერ ვკითხე ელგუჯა ცომაიას ვერაფერი. ის ფაქტი, რომ სააკაშვილს ჰქონდა მისჯილი რაღაც სასჯელი, მოსმენილი მქონდა ტელევიზიით, თუმცა იმდენად ანერვიულებული და დაბნეული ვიყავი, არც მომაფიქრდა პოლიციაში დარეკვა, ერთი მიზანი მქონდა, დროულად მიმეყვანა ისინი მისამართზე და მე წავსულიყავი ჩემ საქმეზე... მცხეთას როდესაც გავდიოდით, ავტობანზე მიხეილ სააკაშვილმა დაიძახა გამიჩერეთო. ვიფიქრე, ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება უნდოდა და გავაჩერე. ჩავიდა, ტელეფონის მეშვეობით გადაიღო ვიდეო, თან საუბრობდა, თუმცა რას საუბრობდა, მე არ გამიგონია. შემდეგ ამოვიდა და გავაგრძელეთ გზა. ცოტა ხანში კვლავ გავაჩერეთ, ამჯერადაც ჩავიდა და ტელეფონით კიდევ გადაიღო რაღაც, ამოვიდა და გავაგრძელეთ გზა თბილისისკენ. მე ისინი მივიყვანე სანზონაში, ელგუჯას სახლის მიმდებარედ, გზაზე ჩამოხტნენ მიხეილ სააკაშვილი და ელგუჯა ცომაია, ელგუჯას მივაწოდე მისი ნივთები და მე ტრაილერით გავაგრძელე გზა თბილისის მიმართულებით"