"სააკაშვილს ქართველ ხალხთან ბოდიში აქვს მოსახდელი“
ეროვნული შერიგების იდეა "ქართული ოცნებისთვის" რამდენად მისაღებია და როგორ გაგრძელდება პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ამ საკითხებზე მმართველი გუნდის წევრს, პარლამენტარ სოზარ სუბარს ვესაუბრეთ:
- ნებისმიერი წინადადება, რომელიც მოდის სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობისგან", ემსახურება ერთ-ორდღიან პიარს, რათა რაღაც თემები გადაფარონ, ან დესტაბილიზაციის მორიგ მცდელობას. შესაბამისად, სააკაშვილისგან საყოველთაო შერიგებაზე ნებისმიერი განცხადება საფუძველს მოკლებულია - ლაპარაკობს შერიგებაზე და პარალელურად იმუქრება, მისი პარტია კი ცდილობს მოაწყოს დესტაბილიზაცია. ამიტომ ეს უაზრობაა. თუმცა გულწრფელადაც რომ ლაპარაკობდეს, ეს არ ნიშნავს, რომ სამართალი არ უნდა აღსრულდეს. დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. საქართველოში დღესაც ბევრი აგებს მძიმე დანაშაულისთვის პასუხს და მათ შორის ცოტაა ისეთი, ვისაც იმდენი და ისეთი მძიმე დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, როგორიც სააკაშვილს. ასე რომ, მან პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა და თუ მართლა შერიგება უნდა, მივიდეს მოკლული როინ შავაძის მეუღლესთან და მოუხადოს ბოდიში; მივიდეს დახოცილი აფრასიძეების დედასა და მეუღლესთან და მოუხადოს ბოდიში, აუხსნას, რატომ გასცა მათი დახოცვის ბრძანება (მან "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე თავად თქვა, მე გავეცი ბრძანება ამ ოჯახის განადგურებაზეო). მას ქართველ ხალხთან აქვს ბოდიში მოსახდელი. სხვა თუ არაფერი, ომის წაგებიდან ერთ კვირაში თვითმფრინავს გზავნის იმისთვის, რომ მასაჟი მოენატრა, ამას არც ერთ ქვეყანაში არც ერთი თავმოყვარე ერი არ აპატიებდა პირველ პირს. რაც შეეხება სხვა მხრივ შერიგებას, ამ ქვეყანაში შესარიგებელი არავის არაფერი გვჭირს, თუ ადამიანები კანონს დაიცავენ.
- პრეზიდენტმაც გააკეთა ეს განცხადება საერთაშორისო ტრიბუნიდან. ზურაბიშვილის განცხადება რას ემსახურება?
- საქართველოს პრეზიდენტი დღევანდელი კონსტიტუციით არის ზეპარტიული, გამაერთიანებელი ინსტიტუცია, რომელსაც სწორედ კრიზისის პერიოდში აქვს განსაკუთრებით მაღალი პასუხისმგებლობა, რომ რაღაც გამოსავალი ნახოს. ამ შემთხვევაში ეჭვი მეპარება, რომ მისი კეთილი სურვილების მიუხედავად, "ნაცმოძრაობა" რაიმე კონსტრუქციულზე წამოვიდეს. პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა რამდენჯერმე, რომ სააკაშვილის შეწყალება არ მოხდება "არა და არასდროს". დარწმუნებული ვარ, ამ სიტყვებს არ გადავა. მასზე უკეთ არავინ იცის, სააკაშვილს რა მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ისიც იცის, სააკაშვილის შეწყალება პოლარიზაციის შემცირებას კი არა, გაღრმავებას შეუწყობს ხელს. სხვა მხრივ ქალბატონი სალომე თუ რამეს შეძლებს, მივესალმები და ამოვუდგები მხარში.
- ფიქრობთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია?
- პოლიტიკური კრიზისის შექმნას მუდმივად ცდილობს "ნაცმოძრაობა", თუმცა საბოლოოდ ეს ყველაფერი დადის მათი პოლიტიკური პარტიის კრიზისამდე. პოლიტიკური კრიზისი რომ იყოს, არ გვექნებოდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ოპოზიცია დესტრუქციულ რეჟიმში რომ არ იყოს, შესაძლებელია ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი ყოფილიყო და ეს აისახებოდა მოქალაქეების კეთილდღეობაზე.
- თუმცა კოვიდსიტუაციის გამო მაინც მიიჩნევა, რომ ხელისუფლება ამ პროცესს ვერ მართავს და როდესაც ამდენი ადამიანი იღუპება, ხელისუფლების წარმატებაზე საუბარი რამდენად ლოგიკურია? ამას დაემატა ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა.
- "კოვიდის" სტატისტიკა მართლაც ძალიან მძიმეა. ბოლო თვეებში ყოველდღიურად 50-80 კაცი იღუპება. ამის შეჩერება მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი და რატომ გამოვიჩინეთ მოქალაქეებმა ასეთი უპასუხისმგებლობა, გაუგებარია. ამას ხშირად მთავრობას აბრალებენ, მაგრამ მართლა არ გაუკეთებია არც ერთ სახელმწიფოს იმაზე მეტი, ვიდრე საქართველოს მთავრობამ გააკეთა... რაც შეეხება ტიკარაძის გადადგომას, პირველ რიგში ვიტყვი, ის ძალიან აქტიური ადამიანია, მაგრამ მძიმე პერიოდში მოუწია სამინისტროს ხელმძღვანელობამ. დაიწყო რეფორმების ჩატარება, თან საკმაოდ პრინციპულად და ზუსტად ამ დროს დაგვატყდა თავს "კოვიდი". ამასთან, ბევრი მიმართულება, მათ შორის სოციალური, "კოვიდმა" უფრო გაართულა და ესეც ამ სამინისტროს საზრუნავი გახდა. ზოგადად კი მთავრობაში მინისტრების ცვლილება ჩვეულებრივი ამბავია და ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.
- ღარიბაშვილთან მის დაპირისპირებას გამორიცხავთ?
- დაპირისპირება არ ყოფილა. თუმცა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა იქნებოდა. როდესაც მე ვიყავი მთავრობის წევრი, ხშირად მქონდა განსხვავებული აზრი და ვკამათობდი, მაგრამ ეს დაპირისპირებას არ ნიშნავს.
- პარლამენტში ყველაზე აქტუალური თემა საკონსტიტუციო ცვლილებებია და როდის აპირებთ განახლებას ან რა პირობებით?
- საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე დიალოგისთვის მზად ვართ, ოღონდ ორი პირობით: პირველი - საკონსტიტუციო ცვლილებას სჭირდება მუშაობა და ამისთვის საჭიროა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია დაუბრუნდეს საპარლამენტო მუშაობას, მაგრამ არა დესტრუქციული ფორმით; მეორე - ლაპარაკია ორ საკითხზე: საარჩევნო ბარიერის 5%-ზე ქვემოთ დაწევა და სისტემა - ანუ დღეს მოქმედი სისტემით 2024 წლიდან პარლამენტი სრულად პროპორციული წესით აირჩევა და მანამდე თუკი ვადამდელი ჩატარდა, ისევ 120/30-ზე პრინციპით მოხდება არჩევა. იმისთვის, რომ მმართველ პარტიას არ მოუნდეს ვადის ბოლოს ჩაატაროს არჩევნები და არსებული სისტემით კიდევ 4 წლით გაიხანგრძლივოს მართვა, ჩადებულია შემზღუდავი მექანიზმი, რომ ვადამდელი არჩევნებით არჩეული პარლამენტი მუშაობას 2024 წლამდე გააგრძელებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ნორმა უნდა დარჩეს, რაზეც ოპოზიცია უნდა დათანხმდეს, რადგან ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. რა წუთსაც ჩაიწერება, რომ ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, რადიკალური ოპოზიცია მაშინვე დატოვებს პარლამენტს, პროცესს გადაიტანს ქუჩაში და ყველანაირად ეცდება ვადამდელი არჩევნების მიღწევას. ცხადია, ამით მიზანს ვერ მიაღწევენ, მაგრამ პატარ-პატარა კრიზისებს კი გამოიწვევენ. ეს რომ გამოვრიცხოთ, უკეთესია, დარჩეს ის ჩანაწერი, რაც არის. რაც შეეხება ბარიერს, ამაზე საუბრისთვის მზად ვართ. თუმცა რა არის უკეთესი - 5,3,2 თუ 1, ძნელი სათქმელია. ევროპაში უმეტესობას 5%-იანი ბარიერი აქვს. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ზედმეტ სიჭრელეს აცილებს პარლამენტს, რომელსაც არც პლურალიზმის თვალსაზრისით აქვს შედეგი და სტაბილურობის თვალსაზრისითაც შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს. ამასთან, მნიშვნელობა აქვს პარტიების განვითარებისა და გაჯანსაღებისთვისაც. ამიტომ აუცილებელია ოპტიმალურ ნიშნულს მივაგნოთ.
- თუკი "ნაცმოძრაობა" უარს იტყვის ამ პროცესში ჩართვაზე, მათ გარეშე არ გააგრძელებთ?
- მათ გარეშე განხილვა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ რა აზრი აქვს, თუკი ვერ მივიღებთ?
- მათ გარეშე გროვდება 113 დეპუტატი, თუ ყველა დანარჩენი ხმას მისცემს...
- თუ "ნაცმოძრაობამ" ასე დააყენა საკითხი, ჩვენ არაფერში არ ვმონაწილეობთო, ვიმსჯელებთ, რამდენად მისაღები იქნება ეს გადაწყვეტილება.
რუსა მაჩაიძე