"დიახ, ჩვენს საქმეში ჯგუფური დანაშაული ნამდვილად არის, ოღონდ ეს პროკურორებმა ჩაიდინეს“
"ვენდეტას ვერ შეძლებენ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ის, რაც ჩემსა და მამუკა ხაზარაძის ირგვლივ ხდება, პოლიტიკური დევნის მაგალითია", - ასე გამოეხმაურა "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმის განხილვას.
- უკვე მესამე წელია გვადანაშაულებენ საქმეში, რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული, ჩემი და მამუკას გარდა. ცნობილმა სპეციალისტმა ფულის გათეთრებისა და მსგავსი დანაშაულების საქმეში პაულინგ დევისმა ჩვენს წინააღმდეგ აღძრული საქმე პროკურატურის მიერ სამართალწარმოების ბოროტად გამოყენებად შეაფასა. დიახ, ჩვენს საქმეში ჯგუფური დანაშაული ნამდვილად არის, ოღონდ დანაშაული პროკურორებმა ჩაიდინეს. ჩვენს ბრალდებაში იმდენად დიდი სისულელეებია, აშკარაა, საქმე გვაქვს ან დიდ უმეცრებასთან, ან მიზანმიმართულ ფალსიფიკაციასთან. პროკურორების კვალიფიკაცია უკიდურესად დაბალია, მაგრამ წარმოუდგენელია მათაც არ ესმოდეთ ასეთი მარტივი თემები. გვედავებიან, რატომ მოხდა კონვერტაცია, ეს ფულის გათეთრებისთვის დამახასიათებელი ოპერაციააო. არადა, ქართული კანონმდებლობით, იურიდიულმა პირმა ფული შეიძლება ასესხოს ფიზიკურ პირს მხოლოდ ქართულ ვალუტაში. შესაბამისად, იურიდიული პირი ვალდებულია დოლარი ქართულ ვალუტაში დააკონვერტიროს და ისე ასესხოს ფიზიკურ პირს. ამის მიხვედრას ეკონომიკური განათლება რად უნდა? ვინც ამ პროცესს თვალყურს ადევნებს, როგორი წარმოდგენა შეექმნება ჩვენს ქვეყანაზე?! მე და მამუკამ პირადი ინტერესები დავთმეთ ბანკის გადასარჩენად, მთელ ამ ამბავში დაზარალებულები მხოლოდ ჩვენ ვართ, მაგრამ ეს არაფრად ჩავაგდეთ, იმიტომ, რომ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი გადავარჩინეთ. ამ ადამიანებს არც ესმით, რას გვედავებიან...
- მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია არცთუ კულუარულად, ტელეეთერებშიც კი საუბრობენ, რომ ხაზარაძისთვის უკვე საკანი რემონტდება.
- მე არ ვიცი, ვინ რას ამბობს, მაგრამ, წესით, ჩვენს საქმეზე სრული გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. მთელი სამი წლის განმავლობაში დაწყვეტილ ნერვებს ვეღარაფერს ვუშველით, მაგრამ ეს საქმე აუცილებლად უნდა დაასრულოს მოსამართლემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი ან ორი პოლიტპატიმარი ეყოლება. სახელმწიფო დეპარტამენტის ორი განცხადება, სახალხო დამცველისა და "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" დასკვნა, ასევე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა გვაძლევს საფუძველს, რომ პოლიტიკური დაკვეთის მიუხედავად, საქმე ჩვენი წარმატებით და პროკურატურის სამარცხვინო ბრალის გაცამტვერებით დასრულდება.
- თქვენ ხართ ერთ-ერთი, ვინც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დასავლელ პარტნიორებს ოფიციალური წერილი მისწერეთ, სადაც მმართველ გუნდს, შეიძლება ითქვას, უჩივლეთ და საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შეშლაში დაადანაშაულეთ.
- ამ წერილის ამოცანაა დასავლელ პარტნიორებს ვუთხრათ, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც უფრთხილდებიან ევროკავშირთან ურთიერთობას და აღებული ვალდებულებებისა და მათი შეთანხმებების ერთგული არიან. ამასთან, პარტნიორებს მოვუწოდებთ, რომ "ოცნებას" არ შერჩეს ის დესტრუქცია, რომელიც გამოიხატა 19 აპრილის შეთანხმებიდან დემარშით გამოსვლაში, ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების ფეხქვეშ გათელვაში და მოხდეს ამ პოლიტიკური ძალის იზოლირება, თუ ასე გააგრძელებს.
- დღევანდელი რეალობა რამდენად ტოვებს ეროვნული შერიგების შესაძლებლობას? რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის ინიციატივას საყოველთაო შერიგების შესახებ ახლა პრეზიდენტი ზურაბიშვილიც შეუერთდა?
- ზურაბიშვილის ინიციატივას სრულად ვუჭერთ მხარს. იმედია, ამ ინიციატივას კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება და ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საერთო მიზნის მისაღწევად გააერთიანებს. ყველა უნდა გამოვიდეთ ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან და შევასრულოთ მოქალაქეების რეალური დაკვეთა - დავასრულოთ პოლარიზება და ძალისხმევა მივმართოთ ეკონომიკური და სოციალური კრიზის მოგვარებისკენ, ქვეყნის გამთლიანებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრებისკენ. შერიგების იდეას "ლელო" პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან აყენებდა. თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ ერთმა მხარემ მეორეს შეუნდოს. ორივე ძალას აქვს თავისი პრობლემები, შედეგი დადგება მხოლოდ კოალიციური მთავრობის შექმნის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში.
ხათუნა ბახტურიძე