"არ ვაპირებთ კობახიძის პროვოკაციაზე წამოგებას“
ეროვნული შერიგების პროცესის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე გვესაუბრა:
- უფრო მართებული იქნება, რომ გამოვიყენოთ ტერმინი "რეკონსილაცია", რაც გულისხმობს, რომ უნდა დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, უნდა გატარდეს სასამართლოს რეფორმა. ეს უნდა გახდეს რეკონსილაციის მთავარი იდეის მატარებელი და პოლიტიკური ინტეგრაციის უფრო მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, რადგან წარმოუდგენელია ევროპულ ოჯახში შესვლა, თუ გაგრძელდება პოლიტიკური მართლმსაჯულება და საზოგადოების დაყოფა. გულწრფელად გეტყვით, არ მსურს ასეთმა მართლმსაჯულებამ გაასამართლოს ნებისმიერი, თუნდაც ჩემი ოპონენტი.
მე ბრიუსელში გახლდით, სადაც შეხვედრები მქონდა. ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მიუღებელია მართლმსაჯულებაში არსებული ჩავარდნები, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნები. ეს რეფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი ლოკომოტივი, რომელიც უფრო დაჩქარებული წესით წაგვიყვანს იმ ცვლილებებისკენ, რომელთაც ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს. რეკონსილაცია გულისხმობს, რომ ყველა მხარისთვის არსებობდეს ნება, მათ შორის, ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვისაც, რათა შევადგინოთ სწორი საგზაო რუკა სწორედ მართლმსაჯულების რეფორმირებისთვის.
- ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, რომ ჩაითვალოს, ამისკენ ნაბიჯი გადადგა?
- პირველ რიგში ეს იქნება პოლიტიკური მართლმსაჯულების, კონკრეტული საქმეების შეწყვეტა და მორატორიუმის გამოცხადება. როგორც ვიცით, საქმეები აღძრულია თითქმის ყველა პოლიტიკურ ლიდერსა და მედიამენეჯერზე. მართლმსაჯულების რეფორმა უნდა გატარდეს ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით, რაც გულისხმობს პროკურორის არჩევის წესის შეცვლას, სასამართლოში ძირეულ რეფორმირებას, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების გაძლიერებას და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, რომ სასამართლოს ვენდოთ.
- ბრიუსელში შეხვედრებზე შერიგების თემაზე თუ გქონდათ საუბარი?
- მთავარი საკითხები იყო ევროპული ინტეგრაცია, სააკაშვილთან დაკავშირებული მოვლენები, რაც გულისხმობს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, მართლმსაჯულების რეფორმა და ის, თუ როგორ შეიძლება დაჩქარდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, რაც რეალურად ბევრის შეშფოთებას იწვევს. ამ ყველაფერში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის. შანსი, რომელიც გულისხმობს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროინტეგრაციაში ჩამორჩენების აღმოფხვრას, თუ არ გამოვიყენეთ, შეიძლება ეს უმძიმესი პროცესებით დასრულდეს.
- რას ფიქრობენ სააკაშვილის გათავისუფლებაზე?
- ყველა თანხმდება, რომ მისი უფლებები დაირღვა, რაც გულისხმობს ვიდეოჩანაწერის გავრცელებას, რამაც მძიმე შეფასებები გამოიწვია, ამიტომაც ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების რეფორმირება, რათა სასამართლომ საყოველთაო ნდობა მოიპოვოს.
- მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე რა რეაქცია აქვთ?
- მათი სურვილი და შეშფოთება უკავშირდება იმას, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაა. დანარჩენ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ.
- ოპოზიცია შერიგების საფუძვლად ასახელებს სააკაშვილის გათავისუფლებას. სახელდობრ ამ კონტექსტზე რას ფიქრობთ?
- ეს უნდა იყოს ფართო მორატორიუმი პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე. ეს არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ პირს და მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ სააკაშვილი ბოლო პოლიტიკური პატიმარია. რეკონსილაციის იდეა ამ მორატორიუმის გარეშე ვერ მოხერხდება.
- ვადამდელი არჩევნების საკითხი უნდა იყოს თუ არა რეკონსილაციის პროცესში გადასაწყვეტი და კონსტიტუციის ცვლილებების შესახებ თქვენი პარტიის პოზიცია როგორი იქნება?
- შეხვედრებზე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხიც განვიხილეთ. იმედოვნებენ, რომ ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი. ამიტომ არ ვაპირებთ კობახიძის პროვოკაციაზე წამოგებას და აქტიურად ვიმუშავებთ, რომ ცვლილებები დროულად იქნეს მიღებული. ჩვენს ფრაქციას ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარესთანაც ჰქონდა საუბარი. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში შეხვედრა საპარლამენტო ფორმატში კიდევ ერთხელ უნდა გაიმართოს, სადაც უნდა მოვითხოვოთ კონკრეტული პასუხი, თუ როგორ აპირებენ ამ ცვლილების მიღებას.
რუსა მაჩაიძე