"ზურაბიშვილმა სააკაშვილი რომ შეიწყალოს, საჭიროა ჯერ სააკაშვილს ივანიშვილმა აპატიოს“
"ჩვენ ეროვნული შერიგების დიდი გულშემატკივრები ვართ. იმდენად გვინდა ამ თემაზე დამატებით ინფორმაცია მივიღოთ, რომ ვახტანგ მეგრელიშვილი მზად არის უფრო ღრმად სასაუბროდ სააკაშვილს შეხვდეს - განაცხადა პარტია "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ და დასძინა - ნათქვამი: შემირიგდი, შენი დედაც ვატირე, სერიოზული არ არის!.. საბოლოო ჯამში, ვიდრე სააკაშვილი ციხეშია, შერიგება არ გამოვა. მისი ციხიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ის არის, რომ მას ივანიშვილმა აპატიოს".
- ჩვენ ისევ ვცდილობთ სააკაშვილთან შეხვედრას. უნდა გავარკვიოთ, ვინ რას გულისხმობს შერიგებაში. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ საერთო მომავლისკენ მიმავალი გზა გამოჩნდეს. სააკაშვილის ინიციატივაზე "ქართულ ოცნებას" პასუხი არ გაუცია, სალომე ზურაბიშვილის ენით შერიგების მსგავსი რაღაც თქვეს... ამ წუთის მონაცემებით, "ოცნების" პირობაა, შეწყდეს ვადამდელ არჩევნებზე საუბარი. ალბათ, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ამ პირობის შესრულებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
- სალომე ზურაბიშვილის შერიგებაზე საუბრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ასეთი რამ განაცხადა - ჩამოთვალონ დანაშაულები, არა მარტო მოინანიონ, თქვან, რომ ამის ჩამდენი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის, როგორც კი ამას იტყვიან, მაშინვე შევრიგდებით - ალბათ, სალომე ზურაბიშვილიც ამას გულისხმობდა. ფიქრობთ, რომ ამ განცხადების ავტორი სალომე ზურაბიშვილთან რაიმეზე წინასწარ შეთანხმდა?
- არ ვიცი, რა ხდება "ქართული ოცნების" შიდა ანატომიაში, მაგრამ მაინც მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებული უნდა იყოს. არ გამოვა შერიგება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ გადაწყდება. სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტის რამდენიმე ვერსიაა, პირველი არის ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შევარდეს გორის ჰოსპიტალში, დაიხსნან სააკაშვილი და მოახდინონ რევოლუცია, რისი გაკეთების რესურსი არ აქვთ "ნაციონალებს", მეორე გზა არის ის, რაც ზურაბიშვილმა თქვა, მესამე გზა არის სააკაშვილის შეშლილად გამოცხადება. მე თუ მკითხავთ, ყველაზე რეალური ეკლესიის მიერ შემოთავაზებული გზაა.
- ეკლესიის როლს როგორ ხედავთ?
- ეკლესია უნდა იყოს ადგილი, სადაც მხარეები პირობას დადებენ. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ისინი საუბრობენ მონანიებაზე, შვიდჯერ ზეთის ცხებაზე და ა.შ. მე ამ გზაზე ვიფიქრებდი. სინანულის იდეა ხომ პატრიარქმა თქვა პირველად. დარჩენილია პატიება და უნდა გავარკვიოთ, ვინ არის მპატიებელი, ვინ ვის უნდა აპატიოს, ვინ ვისთან უნდა მოინანიოს. ზურაბიშვილმა სააკაშვილი რომ შეიწყალოს, საჭიროა ჯერ სააკაშვილს ივანიშვილმა აპატიოს. ექსპრეზიდენტისთვის სხვა გამოსავალი არ არის, თუ რევოლუციას არ მოახდენს და "ოცნების" ხელისუფლებას არ დაამხობს. ისე, მე მაინც მგონია, რომ საპატიებელი ყველას ბევრი რამ აქვს ერთმანეთთან.
ხათუნა ბახტურიძე