"არ გამიგონია, ადამიანს თან ურტყამდე და თან ეხუტებოდე“ - კვირის პალიტრა

"არ გამიგონია, ადამიანს თან ურტყამდე და თან ეხუტებოდე“

"დასავლელი პარტნიორებისთვის გაგზა­ვნილი წერილის შესახებ მედიიდან გავიგე,­ რაც გულდასაწყვეტია - შეიძლებოდა ისეთ ტექსტზე შევთანხმებულიყავით, ჩვენი ხელმოწერაც ყოფილიყო", ამბობს "მოქალაქეების" დეპუტატი ლევან იოსელიანი.

- გულდასაწყვეტია, რომ ოპოზიცია ოპო­ზიციის სხვა ნაწილთან ასეთი ურთიერ­თობის ფორმას ირჩევს. ერთმანეთზე კარგი წარმოდგენა არა გვაქვს,­ მაგრამ ჩვენ მიმართ ასეთი დემონსტრაციული მოქმედება არ იყო საჭირო. მათ კიდევ­ ერთხელ დაადასტურეს, რომ განსხვავებულ აზრს არ იწყნარებენ. ადრე თავდ­ასხმის ობიექტი ვიყავით, ახლა უგულებელგვყოფენ...

- გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თქვენ "ქართულ ოცნებასთან" თქვენი ხელშეკრულება გაქვთ გაფორმებული...

- დიახ, ჩვენ "ოცნებასთან" გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, მაგრამ ამავე დროს ვართ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერები. წერილის ტექსტში არის საკითხები, რომლებსაც არ ვეთანხმები, მაგრამ არის საკითხები, რომელსაც ვიზიარებ. განხილვა რომ გვქონოდა, შევეცდებოდით ისეთ ტექსტზე შევთანხმებულიყავით, რომელზეც ჩვენი ხელმოწერაც იქნებოდა.

- შესაძლოა მათ ისევ ახსოვთ ალეკო ელისაშვილის თავდასხმები.

- ალეკო თავს არავის დასხმია. თუ მამუკა ხაზარაძესთან კონფლიქტს გულისხმ­ობთ, ეს ის სამწუხარო შემთხვევა იყო, რომლითაც მოგებული არც ერთი მხარე არ დარჩენილა. ჩემი ეს პოზიცია მაშინაც დავაფიქსირე და დღემდე ამ აზრზე ვრჩები.

- ასეთ პოლარიზებულ გარემოში პარტიების შერიგებას შესაძლებლად მიიჩნევთ?

- მე არ მჯერა პარტიული შერიგების, მე ადამიანების შერიგების მჯერა. როდესაც ადამიანები რიგდებიან, პარტიულ დონეზეც შესაძლებელი ხდება ზოგიერთ საკითხზე თანამშრომლობა. თუ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემად ისევ ერთმანეთის მიმართ ზიზღის ფრქვევა იქნება, არაფერი გამოვა. სანამ ორი მთავარი აქტორი არ გადაწყვეტს შერიგებას, ვინ რა განცხადებაც უნდა გააკეთოს, შერიგების იდეა მარცხისთვისაა განწირული. რაც მთავარია, ყველა შერიგება უნდა დაიწყოს შეცდომების აღიარებით.

- გიგი უგულავა წარმოუდგენლად მიიჩნევს პიროვნულ შერიგებას თუნდაც კახა კალაძესთან.­ მისი თქმით, მთავარია, ხელისუფლებასა და ოპოზიციაში მყოფმა პირებმა მშვიდობიანი თანაცხოვრება შეძლონ.

- გასაგებია, რომ უგულავა და კალაძე ხელიხელჩაკიდებული არ ივლიან, მაგრამ ერთმანეთი არ უნდა ეზიზღებოდეთ მაინც. გვინდა თუ არა, ბევრი რამ პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. თუ სააკაშვილი მუქარის რიტორიკას შეცვლის და ადამიანებს დაარწმუნებს, რომ რეალურად სურს შერიგება, ამ პოზიციას სხვა "ნაციონალებიც" მალე გაიზიარებენ.

- თქვენ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნეიტრალური პიროვნება, სად ხედავთ გამოსავალს, რა შეიძლება ამ ორ ძალას შორის გადაკვეთის წერტილი გახდეს?

- ერთადერთი გამოსავალი პოლიტი­კური თანაცხოვრების სტანდარტის შექმნაა. ასევე მნიშვნელოვანია ტელევიზია არ აქციო პოლიტიკური თავდასხმის იარაღად, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ტელევიზიას სხვა ფუნქციაც აქვს, მაგალითად, საზოგადოების სწორად ინფორმირება... არც ის გამიგონია, ადამიანს თან ურტყამდე და თან ეხუტებოდე. სიმართლე გითხრათ, ამ საყოველთაო შერიგების თავად მათაც არ სჯერათ. არ გამოვა ეს ამბავი! ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური პიარისთვის არის გათვლილი როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მხრიდან.

ხათუნა ბახტურიძე