"მისი მომცრო გემი ახალი შემოსულია პოლიტიკურ ორომტრიალში. დიდი შტორმები ელოდება წინ - მის წინაშე დგას ამოცანა, გაოპოზიციონერდება თუ ვერა" - კვირის პალიტრა

"მისი მომცრო გემი ახალი შემოსულია პოლიტიკურ ორომტრიალში. დიდი შტორმები ელოდება წინ - მის წინაშე დგას ამოცანა, გაოპოზიციონერდება თუ ვერა"

"ოპოზიციის ბოიკოტით საქართველო დაზარალდა, მერე შევიდნენ პარლამენტში, მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთო და, მოაწერეს...“

"დღევანდელი ვითარება ოპოზიციისგან მოითხოვს მეტ ინტელექტს და რუდუნებით შრომას, რომ ვერ მოგვპარონ არჩევნების ხმები. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა, ხალხთან ურთიერთობა, მეტი კვალიფიკაცია და დადასტურება იმისა, რომ პარლამენტში 60 ოპოზიციონერი არა მარტო­ რაოდენობით არის ბევრი, არამედ კვალიფიკაციითა და წესიერებითაც ჯაბნის ხელისუფლების დეპუტატებს", - ამბობს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

- ეკა ტიკარაძე შეიძლება გაექცა შექ­მნილ­ ვითარებას, თანაც ბოლო ინფორმაცი­ით­ ცხადი შეიქნა, რომ ის და სამედიცინო გუნდი მთავრობის სხდომაზე უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ტიკარაძემ შეიძლება მეტი რეგულაცია დააპირა და არ გაუვიდა. ბევრ ევროპულ ქვეყანაში მწვანე პასპორტებს მკაცრად ითხოვენ, მათ შორის ტრანსპორტშიც. საქართველოში კი ღარიბაშვილის პირობებში მიშვებულია ეს საკითხი. მთავრობა და საეკლესიო ხელისუფლება არაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანა შეეწინააღმდეგოს ვირუსის გავრცელებას. შეიძლება ტიკარაძისთვის ეს ბოლო წვეთი იყო.

- ვინ შეიძლება შეცვალოს ტიკარაძე?

- ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ტიკარაძეზე მორჩილი რომ დასჭირდა ხელისუფლებას ეს უფრო საინტერესოა. დაახლოებით ისეთს შეარჩევენ, როგორიც განათლების მინისტრია, რომელიც ყოველთვის მზადაა თქვას, რომ ორჯერ ორი არის შვიდი.

- სააკაშვილის პროცესებზე რას ფიქრობთ, რა გადაწყვ­ეტილებას მიიღებს სასამართლო?

- ეგ მოსამართლემაც არ იცის, ეს ქვეყნის ერთადერთმა და განუმეორებელმა ხელისუფალმა იცის. რაც შეეხება სააკაშვილის პლუს-მინუსებს, მან, ერთი მხრივ, რეპუტაცია აღიდგინა იმ ხალხის თვალში, ვინც ფიქრობდა, რომ სააკაშვილი არ გამოირჩეოდა­ სითამამით, მეორე მხრივ, არც ისე ადვილი აღმ­ოჩნდა, როგორც მიშას ეგონა, რომ მისი გამოჩენით ხელისუფლება შეირყეოდა. არ ჩამო­იშლება ხელისუფლება აქციებით, რომელიც ათჯერ ნაკლებია, ვიდრე 2009 წლის უზარმაზარი­ აქციები იყო რამდენიმე თვის განმავლობაში. აქციები საჭიროა, მაგრამ ეს არ არის მთავარი აქტივობა. საჭიროა პარლამენტში აქტიური მუშაობა და ოპოზიციის სტრატეგიული მოთმინება. არ არის ასე, თუ ვადამდელ არჩევნებს არ დამინიშნავ, საქართველო 2024 წლამდე ვერ მიაღწევსო. ამას ამბობდა ოპოზიცია 2020 წელსაც, თუმცა მიაღწია. ოპოზიციის ბოიკოტით საქართველო დაზარალდა, მერე შევიდნენ პარლამენტში, მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთო და, მოაწერეს. დღევანდელი ვითარება ოპოზიციისგან მეტ ინტელექტსა და რუდუნებით შრომას მოითხოვს...

- ანუ ოპოზიციას კომპეტენცია არა აქვს?

- ვფიქრობ, ჩვენი ოპოზიციის კომპეტენცია საკმარისზე მეტია, რომ ასეთი მდარე კომპეტენციის მქონე ხელისუფლება დებატებში მაინც დაამარცხოს. თუმცა პარლამენტში რომ არ მუშაობენ, დიდი შეცდომაა. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ დაშალეს ორი ფრაქცია. შეცდომა იყო ასევე ზურა "გირჩი" ჯაფარიძის ნაბიჯი. პარლამენტში ყოფნა და დეპუტატის მანდატი ჯილდო კი არ არის, ვალდებულებაა ამომრჩევლის წინაშე.

აბაშიძის დროს აჭარის უზენაეს საბჭოში ვიყრიდი კენჭს, იმიტომ, რომ არ დამეტოვებინა ის ადამიანები არჩევნის გარეშე, რომლებიც ასლან აბაშიძის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში საარჩევნო უბნებში მისვლას ბედავდნენ და ხაზავდნენ ოპოზიციას.

- ანუ ოპოზიციის პასიურობის გამო ვადამდელ არჩევნებსაც გამორიცხავთ?

- ვადამდელი არჩევნების საკითხი მუდმივია, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც­ გაცილებით მნიშვნელოვანია. ვადამდელი არჩევნები არავის უნდა არსებული სისტემით - 120/30-ზე. მინიმალური კვალიფიკაციის მქონე ხალხმა იცის, რომ ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მიიღონ, რათა იყოს დაბალი ბარიერი და სრულად პროპორციული. თორემ დღეს რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ისევ ძველი სისტემით იქნება. მეორე მხრივ, კობახიძის მუქარა, ჩვენს პირობებს თუ არ დააკმაყოფილებთ, მაშინ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება ძველი სისტემითო, ინტელექტისგან დაცლილია, იმიტომ, რომ პატარა პარტიები 1%-იანი ბარიერის პირობებში საკუთარ ამომრჩეველს არ დაკარგავენ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კობახიძე ცდილობს "ნაცმოძრაობის" წამოკიდებას, ისე გაღიზიანებას და ისეთი შეცდომის დაშვებას, რომ მერე პარლამენტი დატოვონ. მაგრამ, როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობა" ამას არ წამოეგება... აქციები დაღმავალი გზით მიდის და ეს მოსალოდნელი იყო. მარტო აქციებით ხელისუფლებას ვერ შეაზანზარებენ. სწორად იქცევა მელია, რომ ამბობს, შტურმზე არ წავალო. შელეწვა-დალეწვა არ არის ლიბერალური დემოკრატიის წინსვლა.

- ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისა და მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესები არის თუ არა მედიის წინააღმდეგ ნაბიჯი?

- ხელისუფლება ებრძვის მედიას. "ლელოს" ლიდერებსაც პოლიტ­იკური მოტივებით უტევს. ეს არის "ტვ პირველზე" შეტევა, ისევე როგორც ნიკა გვარა­მიაზე. ვინც ჩემი ქვეშევრდომი არა ხართ, მტერი ხართო. ამიტომ ერჩის ყველას, ვინც არ ექვემდებარება.

- ხაზარაძის ან გვარამიას დაპატიმრება მოსალოდნელია?

- არ ვიცი, მაგრამ დაჭერა ან არდაჭ­ერა ამ ხელისუფლებას ვერც გადაარჩენს და არც დაამხობს. საქართველო ჭაობში ეფლობა, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა, არ ნიშნავს, რომ დაიღუპება. ქვეყანა ამ ხელისუფლების პირობებში ვერც დაიღუპება და ვერც გაბრწყინდება. უბრალოდ, აფერხებენ ქვეყნის განვითარებას, ისევე როგორც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.

- შერიგებაზე რა აზრის ხართ?

- შერიგდნენ, რა პრობლემაა, მაგრამ არა მგონია, შეთავაზება გულწრფელი იყოს. "ნაცმოძრაობა" და "ოცნება" თუ შერიგდებიან, ეს იქნება ქვეყნის მომავლის ყველაზე დიდი ინვესტიცია.

- გახარიას გამოჩენა არ გაააქტიურებს ოპოზიციას?

- გახარია არც ოპოზიციაა და არც ხელისუფლება. ჯერ ვნახოთ, რამდენად დაიმკვიდრებს ადგილს პოლიტიკურ შტორმში. მისი მომცრო გემი ახალი შემოსულია პოლიტიკურ ორომტრიალში. მას დიდი შტორმები ელოდება წინ და ვნახოთ, გაუძლებს თუ არა. ახლა მის წინაშე დგას ამოცანა, გაოპოზიციონერდება თუ ვერა.