"ტიკარაძე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“ - კვირის პალიტრა

"ტიკარაძე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“

"არ მომწონს, ჩემი კოლეგები ბოიკოტის რეჟიმში რომ არიან, მაგრამ ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. პარლამენტის სხდომებზე ცოტანი ვართ წარმოდგენილი და ვერ ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რაც ოპოზიციის სისუსტეში გამოიხატება“

რატომ პასიურობს ოპოზიცია პარლამენტში და როგორ აპირებს ბრძოლას ვადამდელი არჩევნებისთვის, საპარლამენტო უმცირესობის წევრს ხათუნა სამნიძეს ვესაუბრეთ.

- არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რატომ გადააყენეს ეკატერინე ტიკარაძე. არ ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. "ოცნებაში" ასეთი გადაადგილებები ივანიშვილის ბრძანებით ხდება.

- როგორ ფიქრობთ, მინისტრი ხომ არ გაექცა პასუხისმგებლობასა და გამოწვევებს?

- ტიკარაძე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ყველაზე მძიმე საკითხი, რომელიც უკვე ორი წელია დღის წესრიგში დგას, არის პანდემიის არასწორად მართვა და დანაშაულებრივი შეცდომები, რამაც იქამდე მიგვიყვანა, რომ ყოველდღიურად ათობით მოქალაქე იღუპება.

- როგორ ფიქრობთ, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება?

- ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნები მუდმივად დგას. არაფერი შეცვლილა, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ, ბევრი რამ არის გასაკეთებელი. პოლიტიკური კრიზისი დღითი დღე ღრმავდება, ამიტომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ მოიხსნება.

- როგორ აპირებთ ამისთვის ბრძოლას?

- ოპოზიცია იყენებს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა ამხილოს "ოცნება" და მიაღწიოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას. აქციები იქნება თუ საპარლამენტო ტრიბუნა, კონსტიტუციის ფარგლებში ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ.

- თუმცა საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ბერკეტებს არასათანადოდ იყენებთ და პარლამენტში აქტიურობასაც გიწუნებთ...

- არასდროს ვეთანხმებოდი მანდატების­ დატოვების საკითხს. ვფიქრობ, მცდარი­ ნაბიჯი იყო, მაგრამ ეს მათი პირადი­ გადაწ­ყვეტილებაა - როგორც სურთ, ისე გამოიყენებენ მანდატებს. არ მომწონს, ჩემი კოლეგები ბოიკოტის რეჟიმში რომ არიან, მაგ­რამ ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა­. პარლამენტის სხდომებზე ცოტანი ვართ წარმოდგენილი და ვერ ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რაც ოპოზიციის სისუსტეში­ გამოიხატება.

- სააკაშვილის სასამართლო პროცესებზეც გკითხავთ... თქვენი აზრით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის საქალაქო სასამართლო?

- ძალიან მძიმე სანახავი იყო, როდესაც "ოცნება" გაჯიუტდა, შურისძიებაზე გადავიდა და სააკაშვილს არ აძლევდა პროცესებზე დასწრების შესაძლებლობას. ეს იყო მარ­თლმსაჯულების უფლების წართმევა, რის გამოც მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა. ამ შემთხვევაში საზოგადოება იყო ერთ აზრზე - მესამე პრეზიდენტისთვის მიეცათ სიცოცხლის უზრუნველყოფისა და მართლმსაჯულების უფლება. მას დასჭირდა ძალიან მძიმე ნაბიჯების გადადგმა, ისევე როგორც ოპოზიციას. საბოლოოდ შევძელით, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ესწრება სასამართლო პროცესებს. უმნიშვნელოვანესია, რომ შეძლოს თავისი პოზიციის დაცვა. იმედია, გაგრძელდება სასამართლო პროცესებში მისი აქტიური მონაწილეობა.

- თქვენი აზრით, რა ბედი ეწევა სააკაშვილს?

- ჩვენ არა გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. ამას ამბობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულება და ასეთ პირობებში შეუძლებელია იმედი გქონდეს, რომ გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება.

- რამდენად შესაძლებელია "ნაცმოძრაობისა" და "ოცნების" შერიგება?

- არა ვარ ოპტიმისტურად განწყობილი და არც იმის იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებელი იქნება. საქართველოში ოპონენტები ერთ მაგიდასთანაც ვერ სხდებიან სალაპარაკოდ. როდესაც ასეთი ტიპის დაპირისპირებაა და "ოცნება" არც ერთი ნაბიჯით არ იხევს უკან, პირიქით, თავდასხმაზეა გადასული და აცხადებს, რომ სრული ჭეშმარიტება მის მხარეზეა, ასეთ ვითარებაში შერიგებას არ ველი. შეთანხმებული საკითხებიც კი არ რჩება ძალაში და შერიგების იმედი როგორ შეიძლება მქონდეს?! მე პირადად მოლაპარაკებისა და კომპრომისის მომხრე ვარ. პოლიტიკაში მტრობა არ უნდა იყოს. თუ ამას ოდესმე მივაღწევთ, საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება და მრავალპარტიული პარლამენტიც.

- დეკემბერში დაანონსებულ "ნაცმოძრაობის" აქციებს თუ შეუერთდებით?

- კამპანია "ფრი მიშა" საინიციატივო­ ჯგუფისა და "ნაცმოძრაობის" კამპანიაა და მასში პოლიტიკური პარტიები არ არიან ჩართული. აქციას სჭირდება დაგეგმვა, კონკრეტული გზავნილები, ორგანიზატორები და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ, ვინ სად იქნება. ამ ეტაპზე ჩვენ არა ვართ ამაში ჩართული.