შავი ზღვის მარნის მფლობელები
ზღვაში დავარგებული ღვინის ერთი ამფორა 500 ლარად გაიყიდა
სიახლე, რომლის შესახებაც გიამბობთ, ჰგავს ამ სტრიქონებში ასახულ ფანტასტიკას: "სანთლის გუთანს გავაკეთებ,/შიგ შევაბამ უღელ თევზსა,/ზღვაში ვხნავ და ზღვაში ვთესავ,/ ზღვაში მოვმკი სარჩოს ჩემსას..." მართალია, ჯერ ზღვაში ხვნა-თესვა არ დაგვიწყია, მაგრამ ზღვის ფსკერზე მეღვინეობის განვითარებას კი შევდგომივართ.
2020 წლის 20 ივლისს, საქართველოში ღვინის ზღვაში დავარგება დაიწყეს. სანამ "კოვიდი" მძვინვარებდა, ორმა მეგობარმა - ზღვის ეკოლოგმა, ცნობილმა მყვინთავმა დავით ნიკოლეიშვილმა და მეღვინე ზურაბ ქუმსიაშვილმა გადაწყვიტეს, მსოფლიოში მეღვინეობის ახალი მიმართულებისთვის ფეხი აეწყოთ. თითქმის წელიწად-ნახევრის შემდეგ ზღვაში დაძველებული ღვინის პირველი ბოთლი გაიყიდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით ნიკოლეიშვილმა განაცხადა: "პირველი ზღვაში დაძველებული ქართული ღვინო, რქაწითელის ნიჟარებიანი ამფორა 500 ლარად (160 დოლარად) გაიყიდა. ისტორიული ფაქტია - პირველი წყალქვეშ დაძველებული ღვინო ჩემი კოლექციიდან გავყიდე და ერთგვარი რეკორდიც დავამყარე. ქართულ მეღვინეობაში მე და ჩემმა მეგობრებმა იმ გზის გაკვალვა დავიწყეთ, საითაც არავინ იხედებოდა და ამ სერიოზული საქმის კეთება დღემდე წარმოუდგენლად მიაჩნიათ. არადა, ყველას, მათ შორის მსხვილ ბიზნესმენებსა და ჩვენს მთავრობებს ყოველთვის ღიად და პირდაპირ მოვუწოდებდი, შავი ზღვის აკვატორიისა და განსაკუთრებით წყალქვეშა ტერიტორიების გონივრული ათვისების მიზანშეწონილობაზე. იქ იმალება საქართველოს ეკონომიკური განვითარების დიდი პერსპექტივა და პოტენციალი".“დავით ნიკოლეიშვილისა და ზურაბ ქუმსიაშვილის ზღვაში გაჩაღებულ საქმიანობას ჯერ ბიზნესი არ ჰქვია, შპს-ც კი არ აქვთ და ვერც კომერციული მოგება მოაქვს. პირველი ბოთლის გაყიდვის შემდეგ უფრო მტკიცედ სჯერათ, რომ შავი ზღვის საქართველოს ნაწილში ბიზნესის ამ მიმართულების ეფექტიანად განვითარების აბსოლუტური შესაძლებლობაა, თუმცა, საქმის მასშტაბურად დაწყებას სულ ცოტა, 300 000 ევრო, წყალქვეშა მარნისთვის ბუნებრივად ხელსაყრელი ტერიტორია და სიღრმეები სჭირდება.
დავით ნიკოლეიშვილი: - ჩვენს საქმიანობას ბიზნესი არ ჰქვია, არც ჰობია, "შერეკილებსაც" კი გვეძახიან. ვცდილობთ, ყველას დავანახოთ, ზღვის რესურსების სწორად და გონივრულად გამოყენებით, როგორ შეიძლება ზღვისპირეთი გახდეს საქართველოსთვის ის, რაც გერმანიისთვის ბავარიაა, ან აშშ-ში კალიფორნია და რომ ნამდვილად ღირს ამ საქმეში ინვესტიციის ჩადება... ზღვაში ფერმერული საქმიანობის პროფესიონალურ დონეზე სწავლა და სტაჟირება თვით იტალიის მთავრობამ დამიფინანსა. იტალიაში ღვინის ზღვის ფსკერზე დავარგება 15-20 წელია დაიწყეს და სულ უფრო ავითარებენ ამ დარგს. იტალიაშიც და ესპანეთშიც ამ პროცესში ბიზნესს მხარში უდგას სახელმწიფო, სადაზღვევო, კვლევითი ინსტიტუტები და სხვ. ჩვენთან სახელმწიფო მოხელეებიც არ გამოგვხმაურებიან. ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საქმიანობით ხელისუფლება, კერძოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და პარლამენტის აგრარული კომიტეტის სპეციალისტები დაინტერესდებიან.
ზღვაში ღვინის დავარგება მცირე რაოდენობით დავიწყეთ. ზურამ თავისი, საოჯახო ღვინო ჩადო ამ საქმეში, მერე სხვა მეღვინეებიც წამოგვეშველენ და წელიწადნახევრის განმავლობაში ზღვის ფსკერზე დავარგდა და მალე ფსკერიდან ხმელეთზე გადმოინაცვლებს 10 ლიტრი ხაშმის საფერავი, 10 ლიტრი უსახელოური, 10 ლიტრი რქაწითელი, 10 ლიტრი გურული მწვანე და 40 ლიტრამდე ოცხანური საფერე. წყალქვეშა მარნის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, როგორც კი სახელმწიფო შესაბამის ტერიტორიას გამოგვიყოფს.
ღვინო ჩამოვასხით სპეციალურად დამზადებულ თიხის ამფორებში, რომელსაც ზღვაში მოლუსკები ეკიდებიან და მისტიკურ შეფერილობასაც აძლევენ. აუქციონზე სწორედ მოლუსკებით დაფარული ამფორა გაიყიდა. მსოფლიოში ამ ბიზნესით დაკავებული ყველა კომპანია ზღვის ფსკერზე ღვინოს ბოთლებში ავარგებს. ქართველები ამ მხრივ პიონერები აღმოვჩნდით. ამფორები გასანთლულიც კი არ არის. სუფთა თიხისგან დამზადებული ჭურჭელი ზღვაშიც ჩვეულებრივად "სუნთქავს". ბევრს ჰგონია, რომ არტეფაქტებია და სადღაც ვიპოვეთ, არადა, საქართველოშია დამზადებული. ზურა თანამშრომლობს სპეციალისტთან, რომელიც თიხის ჭურჭელს აწარმოებს.
ზურაბ ქუმსიაშვილი: - როდესაც პირველი ნატურალური თიხის ამფორა შევქმენი, რასაც წელიწად-ნახევარი მოვანდომე, მივხვდი, რომ ქართულ მეღვინეობაში ახალ ისტორიას ჩავუყარე საფუძველი. ტექნოლოგიურ პროცესში ვიყენებ ქართულ მასალას (ქართული თიხა, ქართული ლამი და კიდევ რამდენიმე ქართული კომპონენტი), არანაირი უცხოური დანამატი, ყველაფერი საქართველოშია მოპოვებული. თიხის გამოწვის ტემპერატურული რეჟიმიც სრულიად ახალი სიტყვაა ქართული თიხის წარმოებაში. ამავე ტექნოლოგიით შესაძლებელია მაღალი ხარისხის, უნაკლო ქართული ქვევრების წარმოებაც, რაც ცალკე ბიზნესის თემაა...
სამარნე ზღვაში
შავი ზღვის მარნის მფლობელები ამბობენ, რომ ქართული ამფორებით ძალიან დაინტერესებული არიან ხორვატები, ეფექტური მარკეტინგის წყალობით, ზღვაში დავარგებული ღვინის თითო ბოთლს 300 ევროდ ყიდიან, მაგრამ ამფორებში ღვინის დაძველება დღემდე ვერ შეძლეს.
დავით ნიკოლეიშვილი: - იმ ადგილს მარანი შეიძლება პირობითად ვუწოდოთ. შევისწავლეთ დინება, შტორმი, ტემპერატურა... მაგრამ არ გვაქვს საგანგებოდ გამოყოფილი და დაცული ტერიტორია, სადაც ჩვენი ამფორები თევზმჭერი გემების ღუზებისა და ქურდებისგან დაცული იქნება. წყალქვეშ ჩვენი ყუთები დაიკარგა... კანონმდებლობაც კი არ გვაქვს, რომ ასეთ შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება მოვითხოვოთ. არადა, საქართველოში ამ ბიზნესში ინვესტიციის ჩადებით დაინტერესებული არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის იტალიელები. ბუნება ხელს გვიწყობს, ზღვას სწორედ ისეთი მუდმივი ტემპერატურა აქვს, რომელიც ღვინის დავარგებას სჭირდება, იდეალურად ყალიბდება და ნარჩუნდება გემოვნური თვისებები. წყალში დავარგებისთვის სხვადასხვა ღვინოს სხვადასხვა დრო სჭირდება. ზღვის ფსკერზე მხოლოდ მარნის კი არა, სხვა შესანიშნავი პროექტების განხორციელებაც შეიძლება. მინისტრ ეკა ტიკარაძის დახმარებით, ჩემი საზღვაო პარკის პროექტი, რომელიც კურორტ შეკვეთილში სასტუმრო "პარაგრაფის" წინ წყალქვეშ უნდა მოეწყოს, ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც უდევს მაგიდაზე და იმედია, უყურადღებოდ არ დატოვებს. ეკონომიკის სამინისტროშიც გავგზავნე, მაგრამ... არადა, ამ პროექტით სხვა ქვეყნები და მათი მთავრობები ინტერესდებიან - მოდი, საქმე აქვე, მეზობლად, თურქეთში დავიწყოთო. ამდენი იმისთვის ვიწვალე, რომ სხვა ქვეყნისთვის ავაწყო საქმე? მინდა, წყლის ქვეშ ტურები მოვაწყოთ, სტუმრებს ყვინთვა ვასწავლოთ, წყალქვეშ ღვინის მაღაზია-მუზეუმი და მარანი გავხსნათ, სადაც ტურისტი ჩაყვინთავს და თავისთვის სასურველ ღვინოს აირჩევს. ეს მიმართულება ძალიან განვითარებულია სამხრეთ ევროპაში.
ზელანდია მხოლოდ მიდიების მოშენებით 2025 წლისთვის 3 მილიარდი დოლარის მიღებას აპირებს. საქართველო, საზღვაო ქვეყანა ერთ მილიონ დოლარსაც ვერ უნდა იღებდეს? რამდენი ძვირფასი სახეობაა - დაწყებული ზუთხით, დამთავრებული ორაგულით. საუბარია ასობით მილიონი ლარის შემოსავალზე, რისთვისაც კომპლექსური მუშაობაა საჭირო. ზღვა ზემოთ ღელავს, მაგრამ ტექნოლოგიებს თუ სწორად შევარჩევთ, ქვემოთ შეგიძლია დაჯდე და წიგნი წაიკითხო.
ფრანგული საოცრება - ღვინის სარდაფი ოკეანის ფსკერზე
ფრანგმა მეღვინემ და ბიზნესმენმა, "შატო დიუ კუროს" მფლობელმა ფრაკ ლებერიმ უცნაური ჩანაფიქრი, ევროპელი მეღვინეებისთვის შოკის მომგვრელი პროექტი განახორციელა. ოკეანის ფსკერზე ღვინის სარდაფი შექმნა, რომლის სანახავადაც უამრავი მოყვარული ჩადის. სარდაფი მოწყობილია სპეციალურ კონტეინერში, სადაც ღვინოს ჟანგბადი (საჭიროების შემთხვევაში შუქიც) უპრობლემოდ მიეწოდება. კონტეინერში ვიდეოკამერებიცაა დაყენებული და პერიმეტრიც სრულად კონტროლდება. ამ ნოვატორულ და უცნაურ ღვინის სარდაფში მხოლოდ მისი ინიციატორი ბიზნესმენის კუთვნილი ღვინოები როდი ინახება. თავიდან ოკეანის ფსკერზე არსებულ სათავსოში ერთი ბოთლი ღვინის შენახვა ნებისმიერ მსურველს 17 ევროდ შეეძლო, თუმცა ახლა ეს ფასი 31 ევრომდეა გაზრდილი და ოკეანის ფსკერზე ღვინის შენახვის ბედნიერება მხოლოდ მას ხვდება წილად, ვინც საცავის მფლობელ კომპანიას 1000 და მეტი ბოთლი ღვინის შენახვას შეუკვეთს. საცავს მართვისა და მოქმედების ზუსტად გაწერილი პრინციპები აქვს, რომელთა მიხედვით აუცილებელია, ყოველი ორი წლის შემდეგ ღვინის ცალკეული ნიმუშები ოკეანიდან ამოიტანონ, დააგემოვნონ და შემდეგ ღვინის მფლობელი იღებს გადაწყვეტილებას, ეს ღვინო ოკეანის სარდაფში დააბრუნოს თუ ბაზარზე გაიტანოს გასაყიდად.