ნინო ბურჯანაძე სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება
დიდი ოპტიმიზმით არ ვარ განწყობილი, - ასე შეაფასა "ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მხარს უჭერს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ წინადადებას სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე.
ნინო ბურჯანაძის თქმით, დიალოგის რეჟიმმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაანაცვლოს ვადამდელი არჩევნები.
"დიდი ოპტიმიზმით არ ვარ განწყობილი, თუნდაც იმ კომენტარებიდან გამომდინარე, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოჰყვა ამ დიალოგის შეთავაზებას. ერთი, რაც ამ პროცესში მნიშვნელოვნად მიმაჩნია, პროცესში ჩართული უნდა იყოს მთლიანად ოპოზიციური სპექტრი, ვინც მართლა ოპოზიცია არის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დიალოგის რეჟიმმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაანაცვლოს ვადამდელი არჩევნები“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მხარს უჭერს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ წინადადებას სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილისგან შეწყალებას არ ითხოვს.
"ინტერპრესნიუსი"