ნარკო - და ალკოდამოკიდებული თაობა
"საგანგაშოდ გაზრდილია ნარკომომხმარებელი ქალების რიცხვიც... 15 წლის გოგონები და ბიჭები უკვე ნარკოდამოკიდებული არიან. არავის ვუსურვებ იმ ამბების მოსმენას, ისინი რომ გვიყვებიან. პირდაპირ ასახავს იმ უბედურებას, რაც ჩვენს თავს ხდება"
კოვიდპანდემიამ დიდი ადამიანური და ეკონომიკური დანაკარგის კვალდაკვალ უამრავ სფეროს მიაყენა გამანადგურებელი დარტყმა. სოციალური კრიზისისა და სხვა ფაქტორების გამო იმატა ნარკო და ალკოდამოკიდებულების რიცხვმა. ექიმი-ნარკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კლინიკა "ნეოგენის" ხელმძღვანელი დავით ვადაჭკორია ვითარებას საგანგაშოს უწოდებს, მით უფრო, რომ დამოკიდებულთა ასაკმა მკვეთრად დაიწია და მათ შორის უამრავი გოგონაა.
- პანდემიამ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა საგანგაშოდ გაზარდა. გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი: პირველი - ნარკოტიკების რეგულარულად მომხმარებელთა ასაკი შემცირდა, ანუ უკვე 14 წლის ბენეფიციარები მყავს, როგორც გოგონა, ასევე ბიჭი. იმავდროულად, არიან 60-70 წლის მოქალაქეებიც, რომელთაც, ასე ვთქვათ, გადაგდებული ჰქონდათ ნარკოტიკი, მაგრამ ისევ სტაბილურად დაიწყეს მოხმარება. საგანგაშოდ გაზრდილია ნარკომომხმარებელი ქალების რიცხვიც.
- საუბარია როგორც მსუბუქ, მედიკამენტოზურ, ასევე სააფთიაქო და ვენურ ნარკომანიაზე?
- მოზარდებში, ძირითადად, სააფთიაქო ნარკომანიაა გავრცელებული, ამიტომაც მას ეროვნული გენოციდის ნარკოტიკს დავარქმევდი. მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების პარალელურად, არის მძიმე ნარკოტიკების მოხმარების ეპიზოდებიც. რამდენიმე მოზარდს უკვე უმძიმესი ფორმის პიროვნული აშლილობა აქვს. ქვეყანაში 50 ათასზე მძიმე ნარკოტიკების მომხმარებელი გვყავს. პანდემიის გამო ვითარება ძალიან დამძიმებულია, ბაზარზე ნარკოტიკული საშუალებები ახლა უფრო ბევრია, ვიდრე "კოვიდამდე" იყო. გარდა ამისა, "ჩანაცვლების პროგრამით" ბენეფიციარებს პრეპარატებს, მეტადონისა და ბუპრენორფინის რამდენიმე დღის სამყოფ დოზას შინ ატანენ. ისინი კი, ვის როგორ უნაწილებენ, გაკონტროლება შეუძლებელია. გატანების პრაქტიკა გამოიყენებოდა სტაბილურ პაციენტებთან, თუმცა პანდემიის გამო პრეპარატებს სხვა კატეგორიის ბენეფიციარებსაც ატანენ, რაც ზრდის რისკს, რომ ჩამნაცვლებელი პრეპარატები სხვასთან მოხვდეს.
- კლუბური ნარკოტიკების მოხმარებაც გაიზარდა?
- საზოგადოდ ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა გაიზარდა და ამის გაკონტროლება რთულია მხოლოდ საქართველოში კი არა, ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც. ეს ჩაკეტვებმა და აქტიურ ცხოვრებაზე მოწყვეტამ, დეპრესიისკენ მიდრეკილებამ განაპირობა. სხვა საქმეზე გადართვის შესაძლებლობა წაერთვათ და ისეთმა ხალხმა დაიწყო ნარკოტიკების მოხმარება, ამდენწლიანი სტაჟი მაქვს და მეც კი გაოცებული ვარ. 15 წლის გოგონები და ბიჭები უკვე ნარკოდამოკიდებული არიან. არავის ვუსურვებ იმ ამბების მოსმენას, ისინი რომ გვიყვებიან. პირდაპირ ასახავს იმ უბედურებას, რაც ჩვენს თავს ხდება. არც ვიცი, რა არის გამოსავალი ამ უმძიმეს ვითარებაში. ის კი ვიცი, რომ ხვალ-ზეგ პრობლემა უფრო გამწვავდება, თუ საზოგადოების მენტალურ ჯანმრთელობას დროულად არ მივხედავთ. კატასტროფულად იმატა ნარკომომხმარებელი და დამოკიდებული ქალების რიცხვმა. ბოლო 10-15 წელია ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა, მაგრამ ახლა გვაქვს 20 და კიდევ უფრო მცირე ასაკის გოგონებში ნარკოდამოკიდებულება. თუ საქართველოში არსებულ ეროვნული მნიშვნელობის პრობლემებს დავასახელებთ, ჩემი შეფასებით ის ასეთია: ოკუპირებული ტერიტორიები, სიღარიბე, აზარტული თამაშები და ნარკოდამოკიდებულება - რომელი უფრო მწვავეა, რიგითობა სხვამ დააწესოს. არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ კატასტროფულად იმატა ალკოდამოკიდებულებამაც როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.
- ვითარებას, ალბათ, ისიც ამძიმებს, რომ პერიოდულად ახალი მედიკამენტები შემოდის...
- 2004 წლის შემდეგ, ფაქტობრივად, კვირაში ერთი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება იქმნება, რაც საშიშია, ვინაიდან ისინი არ ხვდებიან შესაბამისი კონვენციების რეგულაციაში. ამასთან, მათი დიაგნოსტიკა რთულია, რადგან ასეთი ნივთიერებების რეალიზაცია გარკვეულწილად ლეგალურობის საფარქვეშ ხდება.
2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ თბილისში მომხმარებელთა 20% ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მოიხმარს, მაგრამ არ ვიცით მისი დოზირება, არც ის, მომხმარებელი იმას მოიხმარს, რასაც ყიდულობს, თუ კიდევ სხვა რამეს.
ამერიკაში სინთეზური ნარკოტიკული საშუალება "ფენტანილის" ეპიდემიაა. მისი ზედოზირებით 2018 წელს 40 ათასი კაცი დაიღუპა. სამწუხაროდ, საქართველოშიც დაფიქსირდა მისი გამოყენების შემთხვევები და რამდენიმე ახალგაზრდა შეეწირა. ეს ნივთიერება დაახლოებით 40-50-ჯერ უფრო ძლიერმოქმედია, ვიდრე "ჰეროინი". შესაბამისად, ზედოზირებისა და სიკვდილიანობის ძალიან დიდ რისკს შეიცავს.
კიდევ ერთი უმძიმესი პრობლემა, რაც ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ახასიათებს, არის უმძიმესი ფსიქოაშლილობა, რომელიც ურთულესია სამართავად და სამკურნალოდ. ასე რომ, ძალიან მძიმე, სახიფათო და მოსახლეობისთვის გამანადგურებელი ტენდენცია იკვეთება. რამდენ ხანს წავუყრუებთ ამას, არ ვიცი. დანის პირზე დავდივართ. ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ცხოვრება, მათი მენტალური ჯანმრთელობა ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.