"პროექტში ერთადერთი ქართველი ვიყავი. ეს იყო ყველაზე გიჟური გამოცდილება"
"პროექტში ერთადერთი ქართველი ვიყავი. ეს იყო ყველაზე გიჟური გამოცდილება. უამრავი სტუმარი გვყავდა. დღეში 15 საათს ვმუშაობდით - ეს ნორმალური გრაფიკია, როდესაც გემზე ხარ. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მივიღე. მესამე რანგის სტიუარდესობიდან შეფ-მზარეული გავხდი..."
ამერიკული რეალითი-შოუ "Below Deck Mediterranean“ ტელეეთერში 2016 წელს გავიდა. შოუს მოქმედება 16 მილიონად შეფასებულ გემზე ხდება. გემრიელი კერძები და მაღალი დონის სერვისი რეალითი-შოუს მონაწილეთათვის მთავარი მოთხოვნებია. ამერიკაში პოპულარული შოუს მონაწილეთა რიცხვში ქართული გვარი, სურმავა აღმოვაჩინე, მისი ინსტაგრამ-გვერდიდან კი მივხვდი, რომ ანასტასია სურმავა, სავარაუდოდ, დიდი ხნის წინ ამერიკაში წასული ქართველია. შოუს მეოთხე სეზონის მონაწილე, შეფ-მზარეული ანასტასია ამერიკული მედიისთვის პოპულარული სახეა. მის მიმართ ინტერესი არც შოუდან წამოსვლის შემდეგ შემწყდარა. რას საქმიანობს ანასტასია სურმავა? სად არის ახლა რეალითი-შოუს ერთ-ერთი პოპულარული მონაწილე? - ამ სათაურით საერთაშორისო მედიაში მასზე არაერთ სტატიას მოიძიებთ. "Below Deck Mediterranean“-ის ქართველი შეფ-მზარეული თავის ცხოვრებაზე გვიამბობს.
- საქართველოდან მე და დედა 1994 წელს წამოვედით, როდესაც 2 წლის ვიყავი, და ვერმონტში დავბინავდით. ტბის ახლოს გავიზარდე, დედასა და მამინაცვალთან ერთად. ჩვენი ოჯახის წევრები საქართველოში დარჩნენ, მათთან მუდამ გვაქვს სატელეფონო კავშირი. დედა ყოველთვის სწავლისკენ მიბიძგებდა და კოლეჯის დასრულების შემდგომ ვერმონტის უნივერსიტეტში ჩავაბარე ბირთვული მედიცინის მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თუმცა კლინიკაში სამსახური მივატოვე, რათა მსოფლიოს გარშემო მემოგზაურა როგორც შეფ-მზარეულსა და სტიუარდესას.
- მედიაში ამერიკელად მოგიხსენიებენ. საქართველოში ჩამოსვლას თუ გეგმავთ?
- ასე მიწოდებენ - საქართველოში დაბადებული ამერიკელი! 10 წლის ვიყავი, როცა საქართველოში ჩამოვედი. მახსოვს საოცარი საჭმელი და უზომოდ კეთილი ადამიანები. 2022 წლის ზაფხულში კვლავ მინდა ჩამოსვლა. მინდა ვნახო ოჯახი, დავაგემოვნო მსოფლიოში საუკეთესო ღვინო.
- რეალითი-შოუზე მიამბეთ.
- მე პროექტში ერთადერთი ქართველი ვიყავი. ეს იყო ყველაზე გიჟური გამოცდილება. უამრავი სტუმარი გვყავდა. დღეში 15 საათს ვმუშაობდით - ეს ნორმალური გრაფიკია, როდესაც გემზე ხარ. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მივიღე და საუკეთესო მეგობრები შევიძინე. მესამე რანგის სტიუარდესობიდან შეფ-მზარეული გავხდი. ეს დიდი წინსვლა იყო და ბედნიერი ვარ, რომ გამომივიდა.
- ახლა რას საქმიანობთ?
- შოუს შემდეგ რამდენიმე ბიზნესი წამოვიწყე. მომწონს, როცა მე ვარ ხელმძღვანელი და თავად ვქმნი. ჩემს ბიზნესპარტნიორ ჰანასთან ერთად გავაკეთე ონლაინსკოლა იახტების დამწყები პერსონალისთვის. ოკეანის საერთაშორისო ტრენინგ-აკადემიის სტუდენტებს საშუალება აქვთ ისწავლონ, როგორ დაიმკვიდრონ თავი იახტების ინდუსტრიაში.
- თქვენს ინსტაგრამ-გვერდზე ქართული კერძების რამდენიმე ფოტო ვნახე.
- ძალიან მიყვარს ქართული კერძები, დედა შეფ-მზარეულია, საუკეთესო ქართულ კერძებს ამზადებს, მიყვარს, როცა ხინკალსა და ხაჭაპურს ვაკეთებთ. დედამ ამერიკაში წამომიყვანა, რომ ახალი ცხოვრება დაეწყო. აქ უამრავი შესაძლებლობა გამიჩნდა მისი თავდადების წყალობით და ამისთვის მუდამ მისი მადლიერი ვიქნები.
- წარმატების მიღწევაში რა გეხმარებათ?
- გეგმის ქონა - მაქვს ყოველდღიურად გაწერილი გრაფიკი, რაც დროის მართვაში მეხმარება. ძალიან მიზანმიმართული ვარ, დიდი გეგმები მაქვს, თუმცა გართობისთვისაც ვიტოვებ დროს.
- პირველად რას ნახავთ, როდესაც საქართველოში დაბრუნდებით?
- საქართველოში ჩამოსვლა ჩემი ოცნებაა, მინდა შავი ზღვა, მთები და ოჯახი ვნახო. მინდა ის ადგილი მოვინახულო, სადაც დედაჩემი დაიბადა და გაიზარდა.