გაიცანით კაცი, რომელმაც საცხოვრებელი დაკარგა, მაგრამ უძვირფასესი მონეტა იპოვა და უსასყიდლოდ გადასცა მუზეუმს... - კვირის პალიტრა

გაიცანით კაცი, რომელმაც საცხოვრებელი დაკარგა, მაგრამ უძვირფასესი მონეტა იპოვა და უსასყიდლოდ გადასცა მუზეუმს...

რა არის სამშობლო და როგორ ისწავლება მისი სიყვარული? - ამ პათეტიკურ კითხვას იმდენი ისტორია აქვს, რამდენი ადამიანიც არსებობს, მაგრამ მეორე საკითხია, ვის ან როდის შეუძლია სამშობლოსთვის რამე გაიღოს, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეს დიდ ადამიანად აქცევს. ჩემთვის მშენებელი ანზორ ხმალაძე ასეთი დიდი ადამიანია, სამშობლოსთვის გაღებული ძვირფასი ნივთი კი ის ქონება, რომელსაც ვერანაირი სიმდიდრე ვერ გადასწონის.

იმ დღეს ანზორ ხმალაძე საგურამოში აგარაკის მშენებლობაზე შრომობდა - ალიზს ზელდა, მერე აგურს აგურზე ადებდა და კედელი ამოჰყავდა. სწორედ ამ დროს მოიტანა დატვირთულმა მანქანამ ქვიშა. როდესაც ანზორმა ქვიშით სამშენებლო ნარევის აზელა დაიწყო, უეცრად ქვიშაში ჩაფლულ მონეტას მოჰკრა თვალი. მონეტა აიღო და თითები უცებ გაეყინა. აბა, რა მოუვიდოდა, როდესაც მიხვდა, რომ ხელში ჰქონდა უძველესი ძვირფასი მონეტა, რომელზეც აყალყულ ცხენზე ამხედრებული მხედარი იყო გამოსახული! მიუხედავად იმისა, რომ ნუმიზმატიკით არასოდეს დაინტერესებულა, ისტორიულმა მეხსიერებამ უკარნახა, რომ მონეტა წინაპრებს ეკუთვნოდათ, მაგრამ ამის დასამტკიცებლად კოლექციონერთან მაინც წავიდა... მონეტა მართლაც­ უძველესია, თუ გინდა უცხოელზე კარგ ფასად გაგაყიდვინებო, უთხრა კოლექციონერმა, ანზორმა კი პასუხის ნაცვლად კოლექციონერს მონეტა გამოართვა და ეროვნული მუზეუმისკენ გაემართა. ამ უბრალო კაცის დიდი მოქალაქეობრივი შეგნებით გულაჩუყებულიM მეცნიერების თვალწინ ანზორ ხმალაძემ მონეტის მუზეუმისთვის უსასყიდლოდ გადაცემა წერილობით დაადასტურა, თავის იაფფასიან ცელოფანის პარკს ხელი დასტაცა და შენობიდან გასვლა დააპირა. სწორედ ამ დროს შეაჩერეს, შე კაი კაცო, ამხელა საქმე გააკეთე და შენთან ერთად სამახსოვრო ფოტო მაინც გადაგვაღებინეო. ასე დარჩა ეს ფოტო მუზეუმს, ანზორ ხმალაძე კი თავის ცხოვრებას დაუბრუნდა, არცთუ დალხენილს...

moneta-1639317538.jpg

მაია პატარიძე, ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატი: - საბედნიეროდ, ნაპოვნი მონეტების მუზეუმში მოტანის უამრავი­ შემთხვევა გვაქვს. ნაწილი მონეტებს­ საზღაურის ფასად გადმოგვცემს. რაც უნდა დიდი იყოს საზღაური, მუზეუმი ყველაფერს აკეთებს სპონსორის მოსა­ძიებლად, რათა თანხა გადაიხადოს და ქართული განძი საქართველოშივე დატოვოს. ანზორ ხმალაძემ­ კარგად შენახული მონეტა მოიტანა - დავით-ნარინის გამოსახულებით. დავით-ნარინი მეფე რუსუდანის ვაჟი, თამარ მეფის შვილიშვილი იყო Aდა Aმონეტის ასაკიც დაახლოებით რვა საუკუნეს ითვლის. როგორც ჩანს, წყალმა ჩამორეცხა, რის შემდეგაც მდინარეში­ მოხვდა, იქიდან კი ქვიშაში, შემდგომ კი მშენებლობაზე, სადაც ანზორმა იპოვა. როდესაც მუზეუმმა საფასური შესთავაზა, კატეგორიული უარი განაცხადა, ეს ნივთი საქართველოსია და რა უფლება მაქვს გავყიდოო! არადა, მონეტა იმდენად ძვირფასია, რომ კარგ საფასურს აიღებდა, მით უფრო თუ უცხოელს მიჰყიდდა. გვითხრა კიდეც, დიდი თანხა შემომთავაზეს, მაგრამ საქართველოს ქონებას როგორ გავიტან საქართველოდანო. ამ ამბა­ვში ყველაზე სულისშემძვრელი უფრო გვიანი მომენტია, როდესაც მუზეუმში მორიგ შეხვედრას და მცირე დასაჩუქრებას ვაწყობდით მათთვის, ვისაც მუზეუმის განვითარებაში წვლილი შეაქვთ და მათ შორის ბატონი ანზორიც მოვძებნეთ. სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ თურმე პრობლემების გამო საცხოვრებელი დაუკარგავს, თანაც სწორედ მაშინ, როცა მონეტა მოგვიტანა. ჩემთვის ასეთი ადამიანები გმირები არიან.

მას შემდეგ ანზორ ხმალაძესთან კონტაქტი არ გვქონია. არ ვიცით, საქართველოშია თუ სადმე სხვაგან მუშაობს. თუმცა, სადაც უნდა იყოს, გულით ვუსურვებთ წარმატებას...