"იქ მოვხვდი, სადაც მეგონა, რომ ვერასდროს მოვხვდებოდი"
გადაღებების დროს შესვენებებზე სამაგისტრო პროგრამაზე დავიწყე მუშაობა და იქ მოვხვდი, სადაც მეგონა, რომ ვერასდროს მოვხვდებოდი - სამაგისტრო პროგრამაზე ათასობით მსურველისგან ყოველ წელს მხოლოდ 10 სტუდენტს ირჩევენ. ასე გახდა შესვენებების დროს დაწერილი თემა ბილეთი ჩემი მომავალი პროფესიისკენ...
"ყველაზე მეტად შობა-ახალი წლის ზაფხულში აღნიშვნა გამიჭირდა. დღემდე მეუცნაურება ნაძვის ხე სიცხეში. ჩემი დაბადების დღეც იმის გამო მიყვარდა, რომ თოვდა და ციოდა, ახლა კი ნაძვის ხე პალმამ შეცვალა, სიცივე კი სიცხემ. თუმცა ნაძვის ხე მაინც ვიყიდე", - გვითხრა თიკა გვილიამ, რომელიც იოჰანესბურგიდან თავის მრავალფეროვან ცხოვრებაზე გვესაუბრა:
- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წამოვედი. 2015 წლიდან დღემდე ქალაქ იოჰანესბურგში ვცხოვრობ. აქ უფრო საფუძვლიანად დავეუფლე ინგლისურ ენას და ინგლისური ენის დიპლომირებული მასწავლებელი გავხდი. მალე იოჰანესბურგის უნივერსიტეტში ჩავირიცხე, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. დიდ ნაკადში მხოლოდ 40 სტუდენტი აგვარჩიეს. მაგისტრატურის დამთავრება, როგორც მეუბნებოდნენ, თითქმის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ სიძნელეს არ შევუშინებივარ...
როგორც ახალი ჩამოსული, სამსახურს ვერ ვპოულობდი, არც ვიცოდი, სად უნდა მემუშავა. ერთ დღეს მეგობარმა მთხოვა, ქასთინგზე წამყევიო. იქ ერთმა აგენტმა შემამჩნია, იმ დღესვე მომწერა და კომედიურ სერიალში ეპიზოდური როლის შესრულება მთხოვა. როგორც მახსოვს, სერიალი აფრიკაანსის ენაზე იყო, არაფერი მესმოდა, მაგრამ რეჟისორი დამეხმარა. გადაღებიდან გამოსული მამას ველოდებოდი, როცა კულისებში მეორე აგენტმა შემამჩნია და ჩემი ნომერი ითხოვა. ასე რომ, მალე მეორე სერიალში აღმოვჩნდი. სერიალი საავადმყოფოზე, ექიმებზე, ექთანებსა და მათ პაციენტებზე მოგვითხრობდა. ასე, თანდათან სხვადასხვა სერიალში მიწვევდნენ. ერთ გადაღებაზე დედა გამომყვა და მალე მასაც შესთავაზეს სერიალებში მონაწილეობა.
მაშინ აქაურ სერიალებს არ ვიცნობდი და ვერ ვხვდებოდი, რომ ბევრისთვის საყვარელ მსახიობებთან ერთად ვიდექი გადასაღებ მოედანზე. გადაღების შემდგომ ხშირად მაჩერებდნენ მსახიობები და მეკითხებოდნენ, როგორ მიდიოდა სწავლის საქმე, სად ვაპირებდი ჩაბარებას... აქ ასე ხდება: თუ სერიალში რომელიღაც როლს ითამაშებ, შემდეგ იმავე როლის შესასრულებლად სხვა სერიალებში გეძახიან. ასე მოვხვდი ამერიკულ ფილმში ექთანის ეპიზოდურ როლში. გადაღება ძველი საავადმყოფოს შენობაში მიმდინარეობდა. ამერიკელი მსახიობი, რომლის ექთანის როლსაც მე ვთამაშობდი, ამერიკულ საშინელებათა ფილმების განთქმული მსახიობი აღმოჩნდა... 2 წელი გადასაღებ მოედანზე გავატარე. პარალელურად დავიწყე მოხალისედ მუშაობა სამ ორგანიზაციაში. იქიდან გამომდინარე, რომ ნეიროფსიქოლოგიით ვიყავი გატაცებული, სამუშაოდ მიმიღეს ცენტრში, სადაც პაციენტები ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას გადიოდნენ. მალევე თეორია პრაქტიკად იქცა. პარალელურად ფსიქოლოგ-კონსულტანტობას ვეუფლებოდი და რთული გამოცდის ჩაბარების შემდეგ მუშაობა ბავშვთა ფსიქოლოგად დავიწყე. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ოცნების ახდენა.
გადაღებების დროს შესვენებებზე (რომელიც ხანდახან ორ საათსაც გრძელდებოდა) სამაგისტრო პროგრამაზე დავიწყე მუშაობა. ჩემმა საკვლევმა თემამ დიდი მოწონება დაიმსახურა და იქ მოვხვდი, სადაც მეგონა, რომ ვერასდროს მოვხვდებოდი - სამაგისტრო პროგრამაზე ათასობით მსურველისგან ყოველ წელს მხოლოდ 10 სტუდენტს ირჩევენ. ასე გახდა შესვენებების დროს დაწერილი თემა ბილეთი ჩემი მომავალი პროფესიისკენ. ამჟამად დაკავებული ვარ სამაგისტრო პროექტით სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში.
- გვიამბეთ თქვენს ოჯახზე.
- შარშან დავქორწინდი. მეუღლე ჩემი მოტივატორია, მუდამ მხარში მიდგას და გაგებით ეკიდება ჩემს გიჟურ დღის რეჟიმს.
იმის მიუხედავად, რომ მშობლები სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობენ და მათგან დიდი ხელშეწყობა მქონდა, მაინც რთულია ფეხის მოკიდება ახალ ქვეყანაში.
- ქართველებთან თუ გაქვთ კავშირი სამხრეთ აფრიკაში?
- "კოვიდამდე" აქტიურად ვიყავი ჩართული საქველმოქმედო ღონისძიებებში, რომელსაც უძღვება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მეუღლე ნინო ლეჟავა... ჩვენი საელჩო ყოველწლიურად მასპინძლობდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. ეს ეხმარება თანამემამულეებს შორის მტკიცე კავშირს. მე პატივი მქონდა წამეყვანა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილი საღამო...
სამხრეთაფრიკელები კეთილი და მეგობრული ხალხია. ამას ახალ გარემოში ინტეგრირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ბოლო დროს, როცა გაიგებენ, რომ საქართველოდან ვარ, შემდეგი კითხვა რაგბის უკავშირდება. ბევრმა საქართველოს შესახებ ჩემგან გაიგო და მერე უთქვამთ, რომ ქართულ ცეკვას უყურეს ან ხალხური მუსიკა მოისმინეს. ხშირად უკითხავთ, ეს როგორ გავაკეთოო და ხაჭაპურის ფოტო უჩვენებიათ. მოკლედ, ამ ქვეყანამ ძალიან შემცვალა, ბევრი ახალი რამ აღმოვაჩინე საკუთარ თავში.