ქართველი კარიკატურისტი გინესის რეკორდების წიგნში ორჯერ მოხვდა - კვირის პალიტრა

ქართველი კარიკატურისტი გინესის რეკორდების წიგნში ორჯერ მოხვდა

"ორჯერ შემიყვანეს გინესის რეკორდების წიგნში. პირველი რეკორდი ქართული და უცხოური პრესის ფურცლებზე 10 ათასი ნახატის გამოქვეყნებით დავამყარე, მეორე­ - მხოლოდ ერთ წელიწადში 1300-ზე მეტი ნახატის გამოქვეყნებით - ჰყვება ვახტანგ კუცია სტატიაში, რომელიც 2001 წელს "ორერას" საიუბილეო გაზეთში ანსამბლის 40 წლის იუბილეზე გამოქვეყნდა - ორ ენციკლოპედიაში შემიყვანეს ხელოვნებასა და ქართულ ჟურნალისტიკაში გაწეული ღვაწლის გამო. ქართული ესტრადისა და ჯაზის ენციკლოპედიაში სულ ორი კონტრაბასისტის გვარია დაფიქსირებული, თამაზ ყურაშვილის და ჩემი... ხანდახან ვამბობ, საუკუნის ანსამბლ "ორერაში" ერთი კაცი მაინც ხომ უნდა იყოს რეკორდსმენი. შესაძლოა ხელოვნების ორი ჟანრი - კარიკატურა და ესტრადა სხვადასხვა პოლუსზეა, მაგრამ ორივე ერთ მისიას, ადამიანის განტვირთვას ემსახურება. ამ ორ ჟანრს ერთმანეთთან ისიც აკავშირებს, რომ ორივეგან იმპროვიზაცია არის შესაძლებელი... მე ვერავინ შემზღუდავს, ვერც ესტრადაში და ვერც ხატვაში. ვთქვათ, ვერავინ მეტყვის, ცხვირი რატომ დახატე გრძელიო და ა.შ. აი, ასეთი თავისუფალი ვარ..."

karik3-1639319134.jpg

ნატალია კუცია, ვახტანგ კუციას ქალიშვილი: - მიუხედავად იმისა, რომ მამის გვერდით სულ რაღაც 11 წელი გავატარე, ეს წლები ჩემთვის ძვირფასია მოგონებებით, ცოდნით, ყველაფერ იმით, რისი მოცემაც მამამ მოასწრო. შეგირდივით გვერდით დამიყენებდა ხოლმე და მასწავლიდა. ყველგან თილისმასავით დავყავდი: შეხვედრებზე, კონცერტებზე... რედაქციის დღე ოთხშაბათი იყო, ამ დღეს კარიკატურებით სავსე საქაღალდით შემოვივლიდით სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთის კაბინეტებს. დილის ხუთ საათზე დგებოდა და გვიან ღამემდე მუშაობდა. ღამითაც კი ბლოკნოტში ინიშნავდა იდეებს. თავმდაბალი, ნიჭიერი, ინტელექტუალი, თანამედროვე ადამიანი იყო. მისი კარიკატურები დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. რაც უნდა მეკითხა, ყველაფერზე ამომწურავი პასუხი ჰქონდა. საუკეთესო მამა იყო. ყოველთვის ვგრძნობდით მე და ჩემი და მის მზრუნველობას, ყურადღებას და სიყვარულს. ხატვის ნიჭი ბაბუისგან მოდის, ალექსანდრე კუცია ფერმწერი იყო, ჩემ დაბადებამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა. მამა ეკონომისტი გახლდათ, მხატვრობაში - თვითნასწავლი. ბევრჯერ მიფიქრია, რას იტყოდა მამა, როცა გაიგებდა, რომ აკადემიაში გრანტით ჩავირიცხე, რას იტყოდა თავის არაჩვეულებრივ შვილიშვილებზე, ყოველივე იმაზე, რაც დღეს ხდება... თითქოს არსად წასულა, ის ჩემს მოგონებებშია, თავის კარიკატურებში განაგრძობს არსებობას და დღემდე ახერხებს, რომ ადამიანები გაახალისოს. მე ძალიან გამიმართლა, მისი ხმის გაგონება შემიძლია შემორჩენილ დიდ ვიდეომასალაში. მე მის შემდეგ ვერ გავბედე კარიკატურას გავყოლოდი. ვცდილობ ფერწერის მეშვეობით ვისაუბრო. მინდა ღირსეულად გავაგრძელო მემკვიდრეობით მიღებული ნიჭი და პასუხისმგებლობა, იყო ვახტანგ კუციას შვილი.

karik-1639319134.jpg

სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდი საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული იყო. უკვე მქონდა­ ოთხი პერსო­ნალური და მრავალი ჯგუფური გამოფენა. ერთ-ერთი გახშირებულ ქალებზე ძალადობას მიეძღვნა. ბევრი პრობლემაა, გასაპროტესტებელი თემებიც მრავალრიცხოვანი, და მხატვრობა გვაძლევს საშუალებას ადამიანებს სათქმელი ვუთხრათ ან გავამხნევოთ, ან თუნდაც გავახალისოთ... რთულია ბავშვების მოვლა და მხატვრობის შეთავსება,­ მაგრამ ოჯახი ხელს ძალიან მიწყობს, ბავშვებიც ისე დამტრიალებენ თავს, როგორც ოდესღაც მე მამას.

karik2-1639319134.jpg

ჩემს შემოქმედებაში უფრო რეალიზმი დომინირებს. თუმცა, ვფიქრობ, ხელოვანი ერთ "იზმში" არ უნდა მოექცეს, საკუთარ თავს უნდა ეძებდეს და ექსპერიმენტებს ატარებდეს. მხატვრობა ჩემთვის ოჯახის წევრივითაა, მასაც სჭირდება ყურადღება, ზრუნვა, მოვლა. თუ შენ სიყვარულს აჩვენებ, ისიც აუცილებლად გიპასუხებს. თუ ნახატი კარგი გამოდის, ესე იგი, მასაც უყვარხარ. ყოველივე ამასთან ერთად ძალიან მიყვარს მხატვრული ლიტერატურა. როცა ვხატავ, წაკითხულზე ვფიქრობ, ვაანალიზებ, თან კარგ მუსიკას ვუსმენ და ნახატიც ძალდატანების გარეშე იხატება. მხატვრობა, ლიტერატურა, მუსიკა - ეს სამი რამ მაძლევს სასურველ შედეგს. იმედია, კიდევ მომეცემა გამოფენის გამართვის შესაძლებლობა, რათა მაყურებელს ჩემი შემოქმედება წარვუდგინო.