რატომ არის ლარში სესხები უფრო ძვირი, ვიდრე უცხოურ ვალუტაში - კვირის პალიტრა

რატომ არის ლარში სესხები უფრო ძვირი, ვიდრე უცხოურ ვალუტაში

რა განსაზღვრავს სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დონეს და რა არის სავალუტო რისკი

სესხის განაკვეთი ძალიან ბევრი ადამიანისთვის მტკივნეული თემაა. თითქმის ყველა, ვისაც სესხი ერთხელ მაინც აუღია, აღნიშნავს, რომ საქართველოში მაღალი­ საპროცენტო განაკვეთებია. თვალში­ საცემია სხვაობა ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის. შესაბამისად, ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება შეკითხვები ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ გადავწყვიტეთ მოკლედ აგვეხსნა, რატომ არის ასეთი სხვაობა საპროცენტო განაკვეთებში და ზოგადად, რა განსაზღვრავს სესხზე განაკვეთის ოდენობას.

საპროცენტო განაკვეთი

როგორც უკვე ვთქვით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოსაზრება საქართველოში არსებულ საპროცენტო განაკვეთების შესახებ ის არის, რომ ძალიან მაღალია. მაგალითად, გერმანიასა და შვეიცარიაში გაცილებით დაბალი საპროცენტო განაკვეთები მოქმედებს, მაგრამ მათი ეკონომიკა ბევრად განვითარებულია, ვიდრე ჩვენი ქვეყნის. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მით უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთები მოქმედებს მათთან საბანკო პროდუქტებზე - ისინი უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებენ, შესაბამისად, ფულის სესხად აღებაც იქ უფრო იაფია, ვიდრე ჩვენთან. შესაბამისად, სესხის განაკვეთის განმსაზღვრელი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერეა. საქართველო კი ღარიბ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება. მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში 101-ე ადგილზეა.

ვნახოთ, რა განსაზღვრავს სესხებზე განაკვეთის დონეს. პირველ რიგში ეს არის მოზიდული სახსრების ღირებულება.

სესხის განაკვეთზე მოქმედებს ბანკის სამი ტიპის ხარჯი, საიდანაც პირველი­ გასაცემი სესხის სახსრების ღირებულებაა - ანუ ბანკი ფინანსური რესურსის­ გამტარია. მან ჯერ უნდა ისესხოს ფული, რათა შემდგომ კლიენტზე გადაასესხოს რომელიმე საკრედიტო პროდუქტის ფორმით. ფაქტია, რაც უფრო ძვირი უჯდება ბანკს მოზიდული სახსრები, მით უფრო ზრდის გასაცემი სესხის საპროცენტო განაკვეთს, რათა თავისი ხარჯები დაფაროს.

სესხზე განაკვეთის ოდენობას ასევე­ განსაზღვრავს სესხების დანაკარგების რისკი. გაცემული სესხებიდან შესაძლო დანაკარგები, რასაც ბანკირები საკრედიტო რისკს უწოდებენ, მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც პროცენტის ოდენობას განსაზღვრავს. სამწუხაროდ, ბანკის მიერ გაცემულ ყველა სესხს კლიენტები ვერ აბრუნებენ. რაც უფრო რთული ეკონომიკური ვითარებაა ქვეყანაში, სესხის დაბრუნების რისკიც პროპორციულად იზრდება, რისკის ზრდასთან ერთად კი იზრდება სესხის განაკვეთებიც. ზოგ შემთხვევაში, ეს რისკი შესაძლოა სულაც არ იყოს დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მაგალითად, ასეთი შესაძლოა იყოს სიკვდილის რისკი.

მესამე ნაწილი, რაც სესხებზე განაკვეთის დონეს განსაზღვრავს, ბანკის საოპერაციო ხარჯებია. ის ხარჯები, რომელთაც ბანკი თანამშრომლების ხელფასებსა და ფილიალების ოპერირებაში იხდის. ბანკს ყოველთვიურად უწევს დენის, გაზის, საკანცელარიო მასალებისა და კიდევ უამრავი სხვა ხარჯის გაწევა, რათა შესაძლებელი იყოს სესხის მიწოდება კლიენტებისთვის. ჯამში, სესხის განაკვეთი უნდა ფარავდეს ამ სამ ხარჯს, რათა ბანკს უღირდეს კლიენტთან თანამშრომლობა.

კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც მომხმარებელს უჩნდება: რატომ არის ლარში სესხის განაკვეთი უფრო ძვირი, ვიდრე დოლარში ან ევროში?

ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯის ტიპებიდან პირველი, ანუ მოზიდული სახსრების ღირებულება, ის ხარჯია, რა ფასადაც ბანკს თავად უჯდება ფულის სესხება. ლარში დღეს ეს ფასი მინიმუმ 10%-ია. ეს არის განაკვეთი, რომლითაც ბანკებს შეუძლიათ ეროვნული ბანკისგან ისესხონ ფული, რომელსაც შემდეგ კიდევ სხვა ხარჯები ემატება და ასე განისაზღვრება კლიენტისთვის ხელმისაწვდომი კრედიტის განაკვეთი. ეროვნული ბანკი კომერციული ფინანსური ინსტიტუტებისთვის ფულის ლარში სესხად აღების მთავარი წყაროა, რადგან დანაზოგის შენახვა ბანკებში ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს, უცხოურ ვალუტაში ურჩევნიათ. ლარის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი წყარო ფიზიკური პირების და ბიზნესის მიერ ბანკებში განთავსებული სახსრებია. ლარში ვადიანი დეპოზიტები (1-წლიანი ანაბარი) დღეს ბანკს წლიური 11-12% უჯდება. დოლარის ან ევროს მოზიდვა ბანკებს ორჯერ ან სამჯერ უფრო იაფი უჯდებათ, რაც აიაფებს ამ ვალუტაში გაცემული სესხის ღირებულებას. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან ბანკებს შეუძლიათ დოლარი 4%-ში, ხოლო ევრო 2.5%-ად მოიზიდონ. შესაბამისად, მინიმუმ 5-6%-იანი სხვაობა ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს შორის არ უნდა გაგვიკვირდეს.

მოგეხსენებათ, საქართველოში 200 ათას ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში­ გაიცემა. შესაბამისად, თუ გვსურს უცხოურ ვალუტაში სესხით ვისარგებლოთ, 200 ათას ლარზე მეტი უნდა ავიღოთ. ამ შემთხვევაში ანგარიში უნდა გავუწიოთ იმ ფაქტს, რომ 60-70 ათას დოლარზე მეტი გვექნება გადასახდელი. როცა ამხელა თანხას ვსესხულობთ, ეს ნიშნავს, რომ გაცილებით მეტხანს დავფიქრდებით, უფრო მეტი ინფორმაცია და ცოდნა გვექნება სესხის შესახებ, რაც საბოლოო ჯამში ქმნის ერთგვარ გარანტიას, რომ გავითვალისწინებთ იმ სავალუტო რისკს, რაც სესხს ახლავს.

სავალუტო რისკი

ახლა კი იმის შესახებ, თუ რა არის სავალუტო რისკი. სავალუტო რისკია, როცა სესხს ვიღებთ იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი არა გვაქვს. მაგალითად, როდესაც შემოსავალი გვაქვს ლარში და სესხს ვიღებთ სხვა ვალუტაში, ლარის კურსის გაუფასურების შემთხვევაში ყოველთვიურად გაცილებით მეტი ლარი დაგვჭირდება კონკრეტული ოდენობის დოლარის შესაძენად. მაგალითად, თუ 5-6 წლის წინ 100 დოლარი 200 ლარი ღირდა, ახლა 100 დოლარის შესაძენად 315 ლარი გვჭირდება - ანუ 100 დოლარი რამდენიმე წელიწადში 115 ლარით გაგვიძვირდა. ამიტომ ეს სავალუტო რისკი უნდა გავითვალისწინოთ.

უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის ჩემს პირად მაგალითს გიამბობთ: 2012 წელს დოლარში ავიღე იპოთეკური სესხი. გახსოვთ, ალბათ, წლების განმავლობაში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 1.65-ის ფარგლებში იყო, მაგრამ 2013 წლიდან ლარმა მკვეთრად გაუფასურება დაიწყო და თუ მანამდე 800-900 დოლარის შესაძენად თვეში დაახლოებით 1.500 ლარი მჭირდებოდა, აღმოჩნდა, რომ დოლარის შესაძენად საჭირო თანხა ყოველთვიურად განუხრელად მეზრდებოდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე დოლარში აღებული სესხი ლარში გადამეტანა. მიუხედავად იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემულ სესხებზე უფრო მაღალია, ყოველთვიურად იმაზე ნერვიულობა, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებით დაეცა, აღარ მიწევს და ყოველთვიურად სესხის მომსახურებისთვის ფიქსირებულ თანხას ვიხდი, რომელიც კურსის ცვლილებაზე დამოკიდებული არ არის. შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის ლარში გადატანა ჩემთვის მომგებიანი აღმოჩნდა. ამიტომ ეს რისკები ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, როცა ვიწყებთ მსჯელობას იმაზე, ლარში ავიღოთ სესხი თუ დოლარში. მეტსაც გეტყვით, სესხი ლარში რომ არ გადამეტანა, გასულ წელს, როცა ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში საშუალოდ 3.1 ლარი შეადგინა, აღმოჩნდებოდა, რომ სესხის აღების მომენტთან შედარებით გადასახადი 188%-ით გამიძვირდებოდა! მსგავსი არასასიამოვნო სიურპრიზისგან თავის დასაზღვევად კი ლარში სესხის აღება და მხოლოდ 5%-ით მეტის გადახდა ნამდვილად გონივრული გადაწყვეტილება იყო.

თუ ეკონომიკა განუხრელად გაიზრდება, საპროცენტო განაკვეთებიც ნელ-ნელა დაიწყებს შემცირებას. ამის ტენდენციას წლების განმავლობაში ვაკვირდებით, როდესაც საპროცენტო განაკვეთები მუდმივად მცირდებოდა, მათ შორის ლარში, და საბოლოო ჯამში მახსოვს იყო ერთნიშნა საპროცენტო განაკვეთები. თუმცა ახლა ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა. გვაქვს ორწლიანი პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, რაც საბოლოოდ იწვევს ისევ ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას. ამიტომ არის პირდაპირ დაკავშირებული საპროცენტო განაკვეთების საკითხი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. თუ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდება, საპროცენტო განაკვეთებიც შემცირდება. ეს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ არის დამოკიდებული მხოლოდ კომერციულ ბანკებზე. თუ ქვეყანა არ ვითარდება, საპროცენტო განაკვეთებს ბანკები თავისით ვერ დასწევენ. თუ მე რაიმე ნივთი 10 ლარში მაქვს აღებული, 9 ლარად ხომ ვერ გავყიდი? შესაბამისად, იმისთვის, რომ ჩვენც კმაყოფილი ვიყოთ და კომერციულმა ბანკებმა უფრო მეტი სესხი გასცენ, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. და თუ რატომ არის საჭირო ბანკებმა სესხი გასცენ და როგორ ეხმარება ეს ეკონომიკურ ზრდას, ამას ცალკე რუბრიკას დავუთმობ.

ანა გელოვანი

www.bpn.ge