პუტინი ნატოსგან საქართველოსა და უკრაინის საკითხში კაპიტულაციას ითხოვს?!
"რაც უფრო ძლიერი იქნება კონფრონტაცია დასავლეთსა და რუსეთს შორის, მეტი შანსი გვაქვს დასავლეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანი გახდეს“
ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების ონლაინშეხვედრას მსოფლიო აქტიურად ადევნებდა თვალს. თუმცა ამ შეხვედრას უკრაინის საზღვრებთან არსებულ დაძაბულობაზე გარდატეხა ჯერ არ მოუხდენია. რამდენად აცნობიერებს საგარეო საფრთხეებს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და რას მოუტანს ქვეყანას სამეზობლოში პოლიტიკური ტემპერატურის აწევა, ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრა:
- ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა, მისი ორი წინამორბედისგან განსხვავებით, ახალ ფაზაზე გადადის, ან ძველ რელსებზე ბრუნდება, ანუ ახალ მოკავშირეებთან ურთიერთობას უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება. იმავდროულად, ეცდება პროაქტიული დიპლომატია ჰქონდეს თუნდაც რუსეთთან, რისგანაც როგორც ობამას, ასევე ტრამპის ადმინისტრაცია თავს იკავებდა. ეს შეხვედრა ამის დადასტურება იყო. თუ რუსეთი მაინც გადაწყვეტს უკრაინაში შეჭრას, სანქციები გამკაცრდება, მაგრამ ამის შემდეგ, თუ როგორ გაგრძელდება ორი ქვეყნის ლიდერების ურთიერთობა, სხვა საკითხია - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აშშ-ის პრეზიდენტი და ადმინისტრაცია, ვინაიდან საუბარი იყო შეიარაღებული ძალების გაგზავნაზე უკრაინაში... რაც უფრო ძლიერი იქნება დასავლეთის კონფრონტაცია, უფრო მეტი შანსია, რომ ამერიკა რუსეთთან "ცივი ომის" დროინდელ პოლიტიკას დაუბრუნდეს.
- ამის მიუხედავად, რუსეთი შესაძლოა მაინც თავისი პრინციპების ერთგული დარჩეს?
- ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობის გამწვავების ახალ ფაზას მივიღებთ, სადაც რუსეთის ფედერაციას მისთვის კონკურენციის გაწევა ნამდვილად გაუჭირდება. თუმცა რუსეთი ეცდება მუდმივი გავლენა იქონიოს ამერიკის მოკავშირეებზე, მხოლოდ ევროპის ქვეყნებს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს, ეს პოლონეთსა და ბალტიისპირეთსაც ეხება, და საზოგადოდ, პოსტსაბჭოთა სივრცესაც, მათ შორის საქართველოსა და უკრაინას. ლავროვმა პირდაპირ თქვა, ვინც ნატოს გაფართოებაზე საუბრობს, ყველა ცეცხლს ეთამაშებაო - ანუ რუსეთი არც მალავს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის გაძევებაზე მუშაობს. რადგან უკრაინასა და საქართველოზე ვსაუბრობთ, ამ ქვეყნებში არსებული ინსტიტუციური გამოწვევები და სისუსტე, განსაკუთრებით ის, რაც ახლა ჩვენთან ხდება, რუსეთს ბევრი რამის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. თუმცა არც ერთი პოლიტიკური მხარე სიფრთხილეს არ იჩენს. არადა, უნდა ვცდილობდეთ, რომ დასავლეთისთვის სანდო პარტნიორად დავრჩეთ, უნდა შევძლოთ ახალი უსაფრთხოების დღის წესრიგში საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული, ისე, როგორც დღეს დასავლეთი საუბრობს უკრაინაზე. რაც უფრო ძლიერი იქნება კონფრონტაცია დასავლეთსა და რუსეთს შორის, მეტი შანსი გვაქვს დასავლეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანი გახდეს.
- თუმცა არ ჩანს მსგავსი გზავნილები.
- არ ჩანს კი არა, სისულელეს სისულელეზე სჩადიან. მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თავად კონსტიტუციური სამართლის ექსპერტია და ამერიკის ელჩი კი არავინ. არანაკლებ არასერიოზული გამოსვლები ჰქონდათ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. არ რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი საგარეო საფრთხეებს იაზრებს. გვახსოვს, როგორი იყო ახლანდელი ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნისას. ახლა ცდილობენ ნატოსკენ სწრაფვა სააკაშვილისა და მისი გუნდის მიღწევად წარმოაჩინონ, თითქოს მისი ნოუ-ჰაუ იყო, არადა, ეს იდეა პირველად შევარდნაძის ხელისუფლების დროს გახმაურდა, რადგან რუსეთი მუდმივად პრობლემებს გვიქმნიდა ხან სამაჩაბლოში, ხან აფხაზეთში... 1998 წლის გალის მოვლენები გავიხსენოთ. უამრავი ფაქტი გვიდევს წინ... ასე რომ, უამრავი საგარეო შეცდომა აქვთ მათაც დაშვებული, თუმცა დიპლომატიას მმართველი გუნდი წარმართავს და სახელმწიფოსაც საერთაშორისო ასპარეზზე თავად წარმოადგენს. ის, რომ არც ოპოზიცია გვთავაზობს ალტერნატივას, მთავრობის პასუხისმგებლობას არ ხსნის. თუმცა დღეს რომ საქმეს ჯეროვნად ვერ აკეთებს მმართველი გუნდი, მათი პასუხისმგებლობაა. ვინმე ლაპარაკობს იმაზე, თუ რა ხდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რუსეთსა და უკრაინას შორის, ან დასავლეთსა და რუსეთს შორის?! საინფორმაციოები იწყება და მთავრდება გორის სამხედრო ჰოსპიტლით: ჭამა, დაიძინა, წამლები მიიღო თუ არა ექსპრეზიდენტმა, მივა თუ არა სასამართლო პროცესზე... ასეთი დღის წესრიგი აწყობთ ოპოზიციასაც და მთავრობასაც, რადგან ოპოზიციას ქულებს აძლევს, ვინაიდან ხელისუფლება ძალიან სუსტად გამოიყურება და ისინი მათი შეცდომების ინსტრუმენტალიზაციას ახდენენ. მთავრობას იმიტომ აწყობს ასეთი თემები, რომ უფრო მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ შეცდომებზე არავინ ედავება. ბევრად მარტივია, ერთი კაცის პატიმრობაზე ატეხოს დავიდარაბა, ვიდრე გლობალურ პრობლემებზე. წაყრუების პოლიტიკა საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე დაგვაყენებს და ეს ორივე პოლიტიკური მხარის კისერზე იქნება. თუ ქართული დიპლომატია მუდმივად რეაქციულ რელსებზე დავტოვეთ და მოკავშირეებს სხვა დღის წესრიგი არ შევთავაზეთ, საქართველოს მიმართ ინტერესი თანდათან შემცირდება. ამ ვითარებაში, როდესაც დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობა დაძაბულია, ჩვენი ხმა ბევრად ხმამაღლა უნდა ისმოდეს დასავლური ტრიბუნებიდან. ჩვენი ინტერესების ადვოკატები უფრო მეტად უნდა აქტიურობდნენ, მაგრამ ქართული პოლიტიკური ძალები ჯერ გორის სამხედრო ჰოსპიტლის იქით ვერ წავიდნენ. ის ინვესტიცია კი, რომელიც ხორციელდება ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციაში, საბოლოოდ ფუჭად გადაყრილი ფულია. ამ უმძიმესი პანდემიის დროს მუდმივად ხალხმრავალი პერმანენტული აქციები ანონსდება - გავანგრიოთ, მოვშალოთ, შევუტიოთო!.. არადა, სააკაშვილის საქმე არც უნდა ყოფილიყო პოლიტიკური, მაგრამ აქციეს...
- ქართული პოლიტიკური სპექტრი პასიურ პოლიტიკას ამჯობინებს - კრემლი მოითხოვს სამართლებრივ გარანტიებს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, ეს კი ალიანსში უკრაინისა და საქართველოს წევრობას გამორიცხავს. რა პასუხს შეიძლება ველოდოთ?
- საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ევროპაში მიღებულ საერთაშორისო შეთანხმებებს, მათ შორის პარიზის ქარტიას, რომელსაც 1990-იანი წლების დამდეგს მოეწერა ხელი; ასევე ეუთოს კონფერენციის დამფუძნებელ აქტს, რომელშიც წერია, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი უსაფრთხოება სხვა ქვეყნებთან ერთად უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულებებით, რაც ნიშნავს, რომ ალიანსში გაწევრების უფლება აქვთ საქართველოსაც და უკრაინასაც. რუსეთის ფედერაცია ამას 1994 წლის შემდეგ ითხოვს, მას მერე,- რაც აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთის ქვეყნები მიიღეს ნატოში. ახლა კი აშკარა შანტაჟზე გადავიდა.
საქართველოს როლი ახლაც იგივეა, რაც მანამდე იყო, უბრალოდ, დასავლეთში ჩვენს ინტერესებს არ ვიცავთ. დასავლეთს ძლიერი მოკავშირეები ჰყავს, რუსეთს თავხედობა აქვს... საქართველოს აქვს კონკრეტული ნიშა, რომელიც უნდა განავითაროს, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ. რაც შეეხება რუსეთის მოთხოვნილ სამართლებრივL გარანტიებს, რომ ნატო აღმოსავლეთით ახალ წევრებს არ მიიღებს, ამ გარანტიის მიცემა ალიანსის კაპიტულაციის აღიარება იქნება. სიტყვიერად კი ეუბნებიან, არ ვფართოვდებითო. ამას ჩვენც ვხედავთ, წლებია ნატოში არ გვიღებენ, მაგრამ პირობას გაძლევთ, არასდროს მივიღებთო, რუსეთს ხელშეკრულებაში არავინ ჩაუწერს, რადგან ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დიდი სისუსტის აღიარება იქნება. თუმცა კონფრონტაციის გაღვივებით რუსეთი საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით პროაქტიული იქნება, რათა შემდეგ თქვას, გარანტიები რომ მოგეცათ, ასე არ მოვიქცეოდითო. თუ რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხმება თავს უკრაინას, ეს საქართველოსთვისაც ძალიან დიდი საფრთხეა, ისევე, როგორც უკრაინისთვის იყო საფრთხე რუსეთის საქართველოზე თავდასხმა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სამხრეთის და დასავლეთის მიმართულებები აქტიურად რჩება რუსეთის საგარეო პოლიტიკაში. შესაბამისად, ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. თუმცა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო თვეებია არ შეკრებილა. არადა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ომი იყო, სამხედრო საფრთხეები იზრდება, მაგრამ უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები თითქოს არ არსებობს.
სამეზობლოში ქვემეხები იქოქება, რაც აუცილებლად შეეხება საქართველოსაც, მაგრამ ვითომც არაფერი, არხეინად ვაგრძელებთ ცხოვრებას, მხურვალე ლოზუნგებით აქციები იმართება, სამოქალაქო ერთიანობისკენ მოუწოდებენ ხალხს. არც მმართველი გუნდი და არც ოპოზიცია არ იქცევა როგორც სერიოზული, პასუხისმგებლიანი ძალა, რომელიც ქვეყანაზე, მის მომავალზეა ორიენტირებული. ძალიან დიდი შეცდომაა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი უკრაინით დაკმაყოფილდება და საქართველო დაუსჯელი დარჩება. რუსეთი იბრძვის მთლიანი უკრაინისთვის, სულ ცოტა, ოდესის პორტისა და ქალაქ ოდესის დასაკავებლად ან მთლიანი უკრაინის რუსულ ორბიტაზე დასაბრუნებლად. უკრაინა, ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა, არის ის ჯილდო, რის მისაღებადაც რუსეთს სამხედრო ფასის გადახდა უღირს. საქართველო კი თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით სამხრეთ კავკასიაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და თუ უკრაინაში შეჭრას გარისკავს, არ არის გამორიცხული, რუსეთმა ჩაყოლას ჩათრევა ამჯობინოს...
რუსეთს იმედი აქვს, რომ მისი სამხედრო აგრესია სანქციებს არ გასცდება, მაგრამ თუ გასცდა, ამას სხვა პრობლემები მოჰყვება - თურქეთი ეცდება საქმეში ჩაერთოს და დასავლეთით რუსეთის წინსვლა შეაჩეროს, რადგან ეს შავი ზღვის აუზში თურქეთის გავლენების უფრო შესუსტებას გამოიწვევს. კრემლმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიით შავ ზღვაში სამხედრო ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალა. ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო ძლიერდება კრემლის გავლენა კავკასიის რეგიონში. ამ დროს საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს რეგიონის მიმართ ცივილიზებული სამყაროს ინტერესი და შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებისთვის ქვეყნის სრულფასოვანი ჩართულობა, საქართველოს ფუნქციური როლის გამოკვეთა, რომელიც ნატოს მომავალი 10 წლის სტრატეგიამ უნდა განსაზღვროს. ოღონდ ამის მისაღწევად ხელისუფლებამ სწორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს.